logo_geo
რუსუდან შარაძე: ხელისუფლების ცვლილება და გურამ შარაძის საქმე
- +

8 აგვისტო. 2018. 18:43

 

„რატომ არ არის და არც შეიძლება იყოს გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელი?!“ - აღნიშნული სათაურით აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

VIII ნაწილი: ხელისუფლების ცვლილება და გურამ შარაძის საქმე

 

მეშვიდე წერილში, მოგიყევით ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის ბარათელზე ქრონოლოგიის შესახებ და იმ მოვლენებზე, რომელშიც ნინო თავად მონაწილეობდა. მკითხველმა ნათლად დაინახა, თუ ხდებოდა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მამაჩემის მკვლელობის საქმეზე, უფრო სწორად, გიორგი ბარათელის თავს.

 

ახლა, ამ და სხვა წერილებში, შევეცდები, გადმოგცეთ, ჩემი ფიქრები და მოქმედებები, რას ვაკეთებდი, ამასობაში, მე, გურამ შარაძის შვილი.

 

რასაკვირველია, კბილებით ვიცავდი (და დავიცავ!) გიორგი ბარათელს, რომელზეც, რა გარიგებაზეც არ უნდა წასულიყო მანიაკი სააკაშვილის ხელისუფლებასთან, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის არ არის მამაჩემის მკვლელი (ჩემი წერილებით, ფაქტებით და მტკიცებულებებით, ამაში თქვენც დარწმუნდებოდით)!

 

გითხარით, რომ ისე მოვიდა 2012 წლის ოქტომბერი, არ ვიცოდით, ბარათელი ცოცხალი იყო, თუ მკვდარი. სააკაშვილის ხელისუფლების ცვლილებამდე, რამდენიმე დღით ადრე, ქართველ საზოგადოებასთან ერთად, შევიტყვე მოწმე გიორგი ჩიხლაძის ამბავი (იხ. VII წერილი). იმ დროს, ეს იყო ნამდვილი შოკი, რადგან მიუხედავად ხალხის რწმენისა, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა, ოფიციალური გამოძიებით, ეს საყოფაცხოვრებო ხასიათს ატარებდა და ჩადენილი იყო გიორგი ბარათელის მიერ (აქ უნდა აღვნიშნო - ამ ფაქტს ის ამძაფრებს, რომ გიორგი ჩიხლაძე იყო ირაკლი ოქრუაშვილთან დაახლოებული პირი და ახალაიას ოქრუაშვილზე სჭირდებოდა კომპრომატები. ამიტომ დაიჭირა აწამა გიორგი ჩიხლაძე).

 

2012 წლის ოქტომბერში, ბარათელი არათუ ცოცხალი აღმოჩნდა, არამედ, განაცხადა, რომ გურამ შარაძე არ მოუკლავს და ა.შ. (ისევ იხ. ჩემი VII წერილი)… ის გამალებით ითხოვდა ყველასგან შველას, პროკურატურის მიერ ხელახალ დაკითხვას და ჩემთან შეხვედრას!

თუმცა, არავის ესმოდა მისი ხმა!

 

2012 წლის 26 ოქტომბერს, შვეიცარიიდან, პოლიტიკური დევნილი, ჩავედი თბილისში. მქონდა ინფორმაცია, რომ მეორე დღეს, პატრიარქი აპირებდა პატიმრების მონახულებას ე.წ. ორთაჭალის კრიტში, სადაც გიორგი ბარათელი სასჯელს იხდიდა. რასაკვირველია, იქ გავჩნდი და დაველოდე პატრიარქის მოსვლას, რათა მეთხოვა - „თქვენო უწმინდესობავ, თან წამიყვანეთ!“

 

პარალელურად, ველაპარაკებოდი ნინო დოლიძეს (ბევრნი არიან და არ აგერიოთ), რომელიც სასჯელაღსრულების ახლდდანიშნული მინისტრის, სოზარ სუბარის პრესმდივანი თუ რაღაც, ამდაგვარი, გახლდათ და დიდი ხანია, ვიცნობ. სოზარსაც, ბოლო წლებში, მეგობრად თუ არა, მეგობრების მეგობრად მივიჩნევდი და აქ აღარ მოვყვები რატომ და რისთვის.

 

მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ - სოზარ სუბარმა და ნინო დოლიძემ გამიტყუეს ე.წ. კრიტის შესასვლელიდან, საიდანაც მე და ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი პირდაპირ, სოზართან, კაბინეტში აღმოვჩნდით. ჩემი მეგობარი თუ მეგობრების მეგობარი სოზარი, მთელი არსებით, დამპირდა, რომ ხვალ თუ არა, ზეგ, შემიშვებდა ციხეში, გიორგი ბარათელთან. თან გამომკითხა, როდის ვბრუნდებოდი ჟენევაში (მერე თავი იმართლა, კანონით, არ მქონდა უფლებაო. კანონი არ იცოდა, მე რომ მპირდებოდა და დროს წელავდა?).

 

შვეიცარიაში ისე დავბრუნდი, რომ ბარათელი კი არა, სოზარსაც თვალი ვეღარ მოვკარი - მან მწარედ და უტიფრად მომატყუა!

 

სუბარს და მის მაიმუნობებს არც მივაქცევდი ყურადღებას (ვინ არის საერთოდ!), რომ არა სინანული - მაშინ რომ გიორგი ბარათელი მენახა, ვინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდებოდა?!

ამიტომ, არასდროს ვაპატიებ!

 

ამას მოჰყვა ის, რომ ყველასგან განწირული ბარათელი, რომელსაც კაციშვილი ყურადღებას არ აქცევდა, გაეხვა ე.წ. შტირის ინციდენტში.

 

„შტირი“ - ეს კიდევ ცალკე, კურიოზულზე მეტი თემაა და აქ დროს აღარ წაგართმევთ (რაც ამაზე ნაწერი მაქვს), მაგრამ დანამდვილებით, რასაც გეტყვით ისაა, რომ თანასკნელ ზურაბ ჭონიაშვილს, რომელსაც, ოფიციალური ვერსიით, ბარათელმა „შტირი“ შეურჭო, არც უგრძვნია ამის შესახებ - მომეჯახა ვიღაცა, ვერც გავიგე ვინ იყო, სანამ არ მითხრესო (იხ. თანდართული ვიდეო).

 

ე.წ. შტირის საქმის დეტალური მასალები ხელთ მაქვს. არც ,,დაჭრილი“ ჭონიაშვილი, არცერთი თანასაკნელი, არცერთი მოწმე არ ადასტურებს, რომ გიორგი ბარათელს რამე ცივი იარაღი ხელში ეჭირა და ვინმეს რამე შეურჭო, მას, ამ საქმეზე, მომჩივანი არ ჰყავდა (მზად ვარ დეტალური განხილვისთვის!).

 

ასე მოვაღწიეთ 2013 წლის 21 მაისამდე, როდესაც, ამ საქმეზე, ბარათელის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო. ბარათელმა ადვოკატ მამუკა ნოზაძეს უთხრა, რომ პროცესზე ილაპარაკებდა მამაჩემის მკვლელობაზე. საზოგადოებრივი არხის დირექტორმა, გვარად ბარათაშვილმა, უარი თქვა გადაღებაზე, სრულიად იბოდა, თავის გამართლების მიზნით. პირველად ვამბობ, რომ ამასობაში, „დავაწიოკე“ ჩემი უსაყვარლესი ხუხაშვილების ოჯახი და საბოლოოდ, ბაია ცანავამ გამოუშვა ,,იმედის“ გადამღები ჯგუფი (ბარათელის სასამართლოზე გამოსვლის მონაკვეთი იხ. ქვემოთ).

 

2013 წელს, ე.წ. შტირის საქმეზე, ბარათელს, კიდევ დაუმატეს სასჯელი და ბოლო წელიწადნახევარი, რაც ციხეში იჯდა, სწორედ, ამ ინციდენტის გამო იყო, თორემ დანარჩენ, ძველ საქმეებზე ამნისტია შეეხო.

 

საქართველოს მთავარ პროკურორს - არჩილ კბილაშვილს ვერაფერი შევასმინე, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურაში შეგვქონდა და შეგვქონდა ახალი მტკიცებულებები - მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და ა.შ... ამასობაში, მთავარი პროკურორის მოადგილედ, ლაშა ნაცვლიშვილი დაინიშნა, რომელსაც, სუბარის მსგავსად, მეგობრების მეგობრად მივიჩნევდი.

 

ისევ „დავაწიოკე“ ხუხაშვილების ოჯახი და პირველ რიგში, გია. ამასაც პირველად ვამბობ და შედეგი იყო ის, რომ აღარ მომიწია კარვის გაშლა პროკურატურის წინ (პირდაპირი გაგებით, განცხადება გამოვაქვეყნე) - ლაშა ნაცვლიშვილმა, სხვასთან ერთად, დააკითხინა იმ დროს ახალი ოქროს მოწმე, გურიკა ქადარია, რომლის ჩვენების საფუძველზე, როგორც ახლადაღმოჩენილი გარემოება, 2014 წელს (უკვე ბადაშვილის პროკურორობის დროს), თავიდან დაიწყო გურამ შარაძის მკვლელობის საქმის გამოძიება.

 

(ქადარიას ჩვენებას და სხვა დეტალებს იხილავთ აქ:

https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fguram.sharadzissazogadoeba%2Fposts%2F605843112822497&width=500

 

იქამდე, შეიცვალა პროკურატურის ხელმძღვანელობა და „ბოტასებიან“ კაცზე, ლამის, დაინგრა საქართველო.

ამ დროს, მე ჟენევაში ვარ…

 

(გაგრძელება იქნება)“, - წერს რუსუდან შარაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი