logo_geo
რუსუდან შარაძე: როგორ დაიწყო გურამ შარაძის საქმის ხელახალი გამოძიება?
- +

8 აგვისტო. 2018. 18:48

 

 

„რატომ არ არის და არც შეიძლება იყოს გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელი?!“ - აღნიშნული სათაურით აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„IX ნაწილი: როგორ დაიწყო გურამ შარაძის საქმის ხელახალი გამოძიება?

 

მთავარ პროკურატურაში, არჩილ კბილაშვილის დროს, რა მასალებიც შევიტანეთ, მაშინ ის იყო და ის.

 

ასე მოვედით, სანამ დაინიშნენ : მთავარ პროკურორად გიორგი ბადაშვილი, მის მოადგილედ - ირაკლი შოთაძე. არცერთს არ ვიცნობდი და არც მიცდია ურთიერთობა. 2014 წლის მაისში, ჩამოვედი თბილისში და პირდაპირ, მთელი პრესა-ტელევიზია შევყარე მთავარი პროკურატურის წინ, ორთაჭალაში და მოვითხოვე პასუხი კითხვაზე: გამოძიების ხელახლა დაწყებისთვის, საკმარისი იყო თუ არა მტკიცებულებები, რაც უკვე პროკურატურაში გვქონდა შეტანილი?!

 

მეორე (თუ მესამე დღეს, 15 მაისი იყო, 2014) პრესკლუბ ,,რეპორტიორში“, იური ვაზაგაშილთან და სოსო რობაქიძესთან ერთად (ჯამბულ და გულიკო გამცემლიძეები, ფიზიკურად, ვერ ესწრებოდნენ, თორემ ჩვენთან იყვნენ), გავმართე პრესკონფერენცია, რომელსაც ქვემოთ იხილავთ. უყურეთ, გაიხსენეთ ძია იური რას ამბობდა და რატომ მოკლეს.

 

არ ვაჭარბებ - პრესკონფერენცია რომ დამთავრდა და ტელეფონს დავხედე, გამოტოვებული ზარები და ერთი sms იყო მოსული.

 

მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე, საღამოს, თავისთან მელოდნენ!

 

მივედი და ასე გავიცანი ირაკლი შოთაძე. გიორგი ბადაშვილზე რა ვთქვა, იმ ერთხელ ვნახე. საშინელი გაბრაზებული იყო - თქვენ მე პირადად რამეზე მომართეთ და ჩვენ არ გავაკეთეთო?

 

რა უნდა მეთქვა, მართალი იყო. ვუთხარი, რომ მოვედი აქ არა როგორც მტერი, არამედ, მე მინდა მამაჩემის მკვლელობის საქმის გამოძება! ვარ ერთი ქალი და თქვენ, მამაკაცები, რას იზამდით, ჩემს ადგილზე-მეთქი?! საუბრის შემდეგ, მაინც ვერ გავალღვე ბოლომდე, კოპებშეყრილი დარჩა, რასაც ვერ ვიტყვი ირაკლი შოთაძეზე, რომელთანაც მაშინაც და მთავარი პროკურორობის ბოლო წუთამდეც, მქონდა პირდაპირი კავშირი, ყოველგვარი შუამავლების და დაქვემდებარებული პირების გარეშე.

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, იმ დღესვე, საქმე პირად კონტროლზე აიყვანა (ყოველ შემთხვევაში, ასე გამოცხადდა).

 

2014 წლის ზაფხულში, გიორგი ბადაშვილის მთავარი პროკურორობის დროს, დაიწყო გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძება, ჟურნალისტ ნანა ფაჟავას მიერ, ჯერ კიდევ კბილაშვილი-ნაცვლიშვილის დროს, აღმოჩენილი მოწმის, გურიკა ქადარიას ჩვენების საფუძველზე (ე.ი. შესაძლებელი ყოფილა, ხომ?!).

 

საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ მამაჩემის საქმის კონტროლი ირაკლი შოთაძეს შერჩა. აიღო კიდეც თავის თავზე ეს ვალდებულება.

 

არ ვიცი, სხვაგან როგორ მოიქცა ბატონი ირაკლი, მე ვყვები და მოვყვები ჩემს ამბავს.

 

(გაგრძელება იქნება)“, - წერს რუსუდან შარაძე.

 

 

 

big_banner
არქივი