logo_geo
ჭაბუა ამირეჯიბი: ეს წერილი თვრამეტისას წააკითხეთ თქვენს ბალღებს!
- +

16 აგვისტო. 2018. 03:35

 

ჩემო პატარა ბატონებო და ქალბატონებო!

 

ბატონობით მოგმართავთ, რადგან სულ ცოტა ათი არისტოკრატიული გვარისა და ბატონთა მოდგმისანი ხართ.

 

ოთხმოცისა გიტოვებთ ამ წერილს თქვენი პაპა და პეპერა მზეჭაბუკ (ჭაბუა) ირაკლის ძე ამირეჯიბი და თავს მოვალედ ვთვლი, ზოგი რამ გირჩიოთ:

 

წარმომავლობა დიხსენეთ. სწორედ ეს უნდა იყოს პირველმიზეზი იმისა, რომ ამპარტავნობისკენ კი არა, თავმდაბლობის , მიმტევებლობისა და სიყვარულისკენ უნდა მიიდრიკოს თქვენი ხასიათი, სიცოცხლისა და სამყაროსადმი დამოკიდებულება.

 

მთავარი მაინც ის არის, რომ თქვენ მხოლოდღა დედ-მამისა და ბებია-პაპების ნაშიერი კი არა, ქართველი ერის შვილები ხართ ისევე, ყოველი ქართველი მამულიშვილი - ერისა , რომლის უანგარო სამსახურს შეალიეს თავისი სიცოცხლე ჩვენ წინაპართაგან ურჩეულესებმა. უნდა იცოდეთ და ყოველი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისას ითვალისწინებდეთ, რომ ხალხი, როგორც ფენომენი, მხოლოდღა დღესდღეობითი ნაწილია იმ მარადიულობისა, რასაც ქართველი ერი ჰქვია, ხოლო ერის საწყისი და ძირითადი ბირთვი ოჯახია, რაიც თავად თქვენც უეჭველად უნდა შექმნათ და იმრავლოთ, რათა ხსენებული მარადისობა უზრუნველჰყოთ. ეს თქვენი წმინდათაწმინდა ვალია!

 

სამშობლოში თქვენი ოჯახის ელჩი და სახე უნდა იყოთ, სამშობლოს გარეთ თქვენი ერის სინდისი და ღირსება.

 

უნდა ეცადოთ, არავინ გძულდეთ. სიძულვილი ბოროტებას ბადებს. მტრისაც კი პატივისცემა გმართებთ, რადგან იგი თქვენში მებრძოლს აყალიბებს.

 

ჩინური ანდაზაა - „თუ გინდა იდგე - სულ უნდა ირბინო". იგულისხმება განუწყვეტელი მოქმედება. ასეთები იყვნენ თქვენი წინაპრები, მათ შორის თქვენი პაპები და პეპერები. იმ დროისთვის როცა ამ წერილს წაიკითხავთ, უკვე გეცოდინებათ, რას მიაღწიეს მათ მოღვაწეობის სხვადასხვა დარგებში და იცოდეთ, ყოველივე იმის წყალობით იყო, რომ სულ დავრბოდით. ახლის ძიება, მოქმედება და აღსრულება უყო ჩვენი სიცოცხლის აზრი და დევიზი.

 

ყოველივე ადამიანი (მათ შორის თქვენც), უპირველესად ყოვლისა, საკუთარი შესაძლებლობების ჯამი და ყულაბაა. შესაძლებლობები კი კაპიტალია. კაპიტალს ასეთ ნიადაგში ჩაბანდება ურჩევნია, საიდანაც მეტი ამონაგები ექნება.

 

დააკვირდით, ვინ მეტი მოიმკა, ვინც საკუთარ მატერიალურ კეთილდღეობაში ჩააბანდა, თუ მან, ვინც მამულიშვილობაში, სამშობლოს სამსახურში, ერის, ადამიანისა და მშვენიერების სიყვარულში ჩაიფერფლა? იფიქრეთ ამაზე, გამოიტანეთ დასკვნა და ისე აირჩიეთ თქვენი „სირბილის" ასპარეზი.

 

იმედს ვიტოვებ, რომ ღირსეულად გასწევთ თქვენი წინაპრების დამსახურებათა, თავდადებისა და უკვდავი სახელების საამაყო ჭაპანს იმ ოთხი სათნოებით მათ ჩვენ - თავის ჩამომავალთ, რომ გვიანდერძეს - ვაჟკაცობით, სამართლიანობით, თავშეკავებითა და გონიერებით.

 

დანარჩენს საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება შეგძენთ.

 

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

 

თქვენი პაპა-პეპერა - ჭაბუა ამირეჯიბი

თბილისი, 04.07.2001

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი