logo_geo
თეირანული გონორი - ანუ თვალი არ ეცეთ
- +

29 აგვისტო. 2018. 20:37

 

ირანიდან ტურისტების (ან იქნებ ბინადრობის უფლების მოპოვების მსურველთა, რომლებიც არანაკლები გაცხოველებით იძენენ კერძო საკუთრებას ამ ჩვენს ქვეყანაში) ისეთი გაცხოველებული მოძრაობაა (ავიარეისები ხომ ერთმანეთის მიყოლებით სრულდება და სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში), რომ თავით ფერხთამდე შავით მოსილმა და მხოლოდ თვალებგამოჩინებულმა ქალებმა (თავიანთი ქმრებითურთ) ლამისაა, თვით საქართველოს მთიანეთიც კი დაიპყრონ (დაახლოებით, ამ პათოსით: აქ რამ მოგიყვანაო, აი, ის კი არ ვიცი, დალოცვილო თუ არაო).

 

და თქვენ წარმოიდგინეთ, მართალია, ფარანჯაში, მაგრამ ხელგადახვეულებიც დაიარებიან ამ ჩვენს მთა-ველზე. იმას გარდა, რომ ქმრები (ან იქნებდა, საერთოდაც, ბოიფრენდები) თავიანთ, ასევე, ფარანჯიან ცოლებს ცხენებითაც აჯირითებენ (ჯირითი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, უფრო ზუსტად, უცხო მამაკაცებს ასეირნებინებენ).

 

ამასობაში კი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის (ვინმე ბაჰრამ კასემმის) განცხადებით, ირანს მკაცრი პროტესტი განუცხადებია იმის გამო, რომ ირანის მოქალაქეებს, თურმე, პრობლემები ექმნებათ თბილისის აეროპორტში.

 

კერძოდ, პრობლემა ის ყოფილა, რომ ირანელ ქალებს თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახური ამოწმებს, ანუ ფარანჯას ახსნევინებენ (არადა ცხვირ-პირდაფარულზე როგორ უნდა მიხვდე, პასპორტი ვისია?!).

 

ჰოდა, ირანი მკაცრადვე მოითხოვს ამ საქმის გამოძიებას და იმასაც, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის: ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გულები ადრეც შეუშფოთებია ფარანჯის შეხსნის ფაქტებს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში.

 

თუ გავიხსენებთ, რომ ირანში ჩასულ არამუსლიმან ქალებს თავსაბურავის გარეშე (ოფიციალურ პირებსაც კი) არ გაატარებენ ირანის ქუჩებში (ჩვენთან ასეა მიღებულიო), ფრიად უცნაურია თეირანის ორმაგი სტანდარტი: სახელდობრ, ჩვენთან თავღია სიარულია მიღებული, აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურს კი თავისი წესები აქვს.

 

თუმცა საუკეთესო გამოსავალი მაინც ისაა, თუ თავიანთ ქალბატონებს ირანის ტერიტორიაზე დაიტოვებენ (უსაფრთხოების მიზნით), რომ ემანდ ურჯულოთა თვალი არ ეცეთ.

 

ნინო ხაჩიძე

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი