logo_geo
არის თუ არა ქართული მოვლენა „ყარაჩოხელი“ და „კინტო“
- +

20 სექტემბერი. 2018. 22:57

 

 

სიტყვა „ყარაჩოხელი“ ქალაქური, ქართული წარმოშობისაა და მეცხრამეტე საუკუნეში გაჩნდა. თავად სიტყვა „ყარაჩოღელი“ ან „ყარაჩოხელი“ ჩაცმულობიდანაა მიღებული და „შავჩოხიანს“ ნიშნავს.

 

ცნობილ ქართველ პოეტს იოსებ გრიშაშვილს აქვს ასეთი ნაშრომი – „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა“, სადაც ქალაქის ყოფა-ცხოვრების ბევრი საინტერესო ფაქტია შემონახული. როგორ ცხოვრობდნენ ძველ თბილისში, რა წეს-ჩვეულებები ჰქონდათ, ვინ იყვნენ იმ დროის ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირები – ყარაჩოხელები და კინტოები. რამდენად ქართული მოვლენა იყო ხელოსნური ჰამქრები და მათი უსტაბაშები. ამ ნაშრომში ერთი ასეთი ფრაზა აქვს პოეტს გამოთქმული: „ამქრობა ყარაჩოღელთა კულტი იყო. ამქრობა ბოჰემის ერთი იმ ნატეხთაგანია, ურომლისოდაც ძველი ტფილისის დარღვეული სახე ვერ შეკოწიწდება”.

 

 

ამქარი სპარსული წარმომავლობისაა - „ჰამ“ ერთობას ნიშნავს, „ქარ“ - კეთებას. ეს გახლდათ ერთი ხელობის ადამიანების გაერთიანება თავისი წესებითა და ტრადიციებით. მათი ნაკვალევი დღესაც არის შემორჩენილი ქუჩების სახელწოდებებში – ვერცხლის ქუჩა, სამღებროს ქუჩა, ბამბის რიგი, პურის მოედანი… ყველა ამქარს ჰქონდა თავისი დროშა, რომელზეც გამოსახული იყო გერბი. ამქარს ჰყავდა ხელმძღვანელი, ანუ უსტაბაში თავისი მოადგილით, ანუ აღსაკალით, რომელიც მოვალეობით დღევანდელ ბუღალტერს მიაგავს.

 

ამქრის სრულუფლებიანი წევრები იყვნენ ხელოსნები, ანუ ოსტატები - იგივე ყარაჩოხელები. სიტყვა „ყარაჩოხელი“ ქალაქური, ქართული წარმოშობისაა და მეცხრამეტე საუკუნეში გაჩნდა. თავად სიტყვა „ყარაჩოღელი“ ან „ყარაჩოხელი“ ჩაცმულობიდანაა მიღებული და „შავჩოხიანს“ ნიშნავს. ყარაჩოხელობა იოლი საქმე არ გახლდათ, გარდა იმისა, რომ თავისი საქმის ნამდვილი ოსტატი უნდა ყოფილიყო, მას სხვა თვისებებიც გამოარჩევდა – ძველ თბილისში ყარაჩოხელი დარბაისელი, გულმართალი, პატიოსანი და რაინდი ადამიანის სახელით სარგებლობდა და სინდისის საკუთარი კოდექსიც გააჩნდა.

 

 

თბილისელი ყარაჩოხელი ქალაქის მოსახლეობაში დიდი სიყვარულით სარგებლობდა; უსამართლობისა და ძალმომრეობის მოძულე, სუსტების, დაჩაგრულებისა და ქვრივ-ობლების ქომაგი იყო. პრაქტიკულად, კანონგარეშე ცხოვრობდნენ; მხოლოდ იმ წესებით ხელმძღვანელობდნენ, რომლებსაც მათი უსტაბაში ამკვიდრებდა. არსებობდა კიდევ საერთო ღირებულებები, რასაც ყველა ყარაჩოხელი უნდა დამორჩილებოდა. თითოეულის მოვალეობა იყო გაჭირვებაში ჩავარდნილი სხვა ოსტატის დახმარება. შეგირდების წართმევა არ შეიძლებოდა. რომელიმე ყარაჩოხელის სიკვდილის შემთხვევაში მისი დამარხვისა და სხვა ხარჯები ამქრის წევრებს უნდა გაეღოთ. ახალი უსტაბაშის არჩევის დროს ამქრიდან ერთი წევრიც რომ ყოფილიყო კანდიდატურის წინააღმდეგი, მას არ აირჩევდნენ.

 

 

ყარაჩოხელებს ჩაცმულობითაც გამოარჩევდით: შავი შალის ჩოხა, გრძელკალთებიანი, მოკლენაოჭიანი და ორჩაქიანი. შიგნიდან ეცვათ წითელი აბრეშუმის გულამოჭრილი პერანგი, ზედ – შავი ატლასის ან სატინის წვრილნაოჭიანი ახალუხი. ფეხზე წაღებს ხმარობდნენ, გამორჩეულ სამკაულად კი ვერცხლის ფართე ქამარს, რომელსაც სხვა დატვირთვაც ჰქონდათ - ეს ქამარი მათი დამმარხველი ძვირფასეულობაც გახლდათ. ექვსი დღე პატიოსნად შრომობდნენ და ერთ დღეს ქეიფობდნენ თბილისის დუქნებსა და სამიკიტნოებში, ორთაჭალისა და კრწანისის ბაღებში თუ მტკვრის ტალღებზე მოქანავე ტივებზე. ფულის შენახვა მათთვის უცხო იყო. ლეგენდაც კი არსებობდა ყარაჩოხელი ალექსას შესახებ, რომელმაც ორთაჭალის ბაღში 100 თუმანი იპოვა და იმის ნაცვლად, შავი დღისთვის შეენახა, ადგა და მთელი ამქარი ერთი კვირის განმავლობაში აქეიფა.

 

 

ქონდათ ახალი წევრების მიღების საყურადღებო წესი: ზურნა-დუდუკის თანხლებით ჩამოივლიდნენ ქუჩებში, უსტაბაში ახალ წევრს აკითხებდა საგანგებო ფიცს, შემდეგ კი ცერა თითებს დაუჭერდა და სამჯერ სილას გააწნიდა. მიღება ხდებოდა ყოველ გაზაფხულზე, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ კვირას. ამქარს ჰქონდა საერთო სალარო – ქვრივ-ობლების დახმარება საკუთარ მოვალეობად მიაჩნდათ, უგზავნიდნენ ფულს, სურსათ-სანოვაგეს… პატრონობდნენ დაობლებულ ბავშვებს. გოგოებს ამზითვებდნენ, ვაჟებს კი ხელობას ასწავლიდნენ, რითიც, ფაქტობრივად, სამუშაო ადგილით უზრუნველყოფდნენ.

ცნობილი ამბავია: 1863 წელს, როცა თბილისში ქოლერის ეპიდემია გავრცელდა, მთელი მთავრობა გაიქცა ქალაქიდან და ხალხს ყარაჩოხელები პატრონობდნენ. ამქრის წევრები, თუ საჭირო შეიქნებოდა, იარაღსაც ჰკიდებდნენ ხელს და თავგანწირვით იბრძოდნენ. ერეკლეს ძალიან დაუდგნენ გვერდით 1747 წელს – „ქალაქის ერი“ კიბით გადაძვრა და სპარსელებს ქვედა ციხე გამოგლიჯეს. ასევე, კრწანისის ბრძოლაში – მესაზანდრეთა უსტაბაში მაჩაბელა გაერთიანებულ ამქართან ერთად ზურნა-დუდუკით ამხნევებდა ქართველთა ლაშქარს. თავად მაჩაბელა კი ამ ბრძოლაში დაიღუპა.

 

 

ალალი და ერთგული ყარაჩოხელის სრულიად საპირისპირო მოვლენაა კინტო („კვინტო “კუდიანს ნიშნავდა). ისინი ბაზრის წიაღში წარმოიშვნენ და, ყარაჩოხელისგან განსხვავებით, უფრო სპარსული მოვლენაა, ვიდრე ქართული. ირანელი მოგზაური მეჯიდ სალტანე 1865 წელს წერდა: “ტფილისში ყველგან გადააწყდებით ირანელი კინტოებივით გამოწყობილ ნახევარკაცებს, რომლებიც ხალხს ატყუებენ”. თაღლითობის სიმბოლოდ ქცეულ კინტოებზე იაკობ გოგებაშვილიც წერდა: „ტფილისში დღეს იმდენი სასირცხვო ხალხი ცხოვრობს, სათვალავი რო აერევა კაცსა. ქალაქში კინტო-მატრაბაზები ყველას ყვლიფავენ და შავზე თეთრს იმტკიცებიან”. მეცნიერთა აზრით, კინტოების ტანსაცმელი წმინდა სპარსული სამოსია და ქართულ კულტურასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ასევე შეიძლება ითქვას ცეკვა კინტოურზეც, რომლის ფესვები ძველ სპარსეთში უნდა ვეძებოთ.

 

 

 

ყარაჩოხელთა შორის ისეთებიც იყვნენ, რომელთა სახელებიც ისტორიამ შემოგვინახა - გრიგოლ ორბელიანის მეგობარი „ლოპიანა“, ცნობილი მოკრივე და მოჩხუბარი „ქარაფქანდოლი“; იოსებ გრიშაშვილის მუზეუმში შეგიძლიათ ნახოთ ქალი ყარაჩოხელის სონას ფოტო წელზე უზარმაზარი ვერცხლის ქამრითა და ბალთით. ისეთი ძალის პატრონი ყოფილა, ბევრი მამაკაცი წინ ვერ დაუდგებოდაო. რიყეზე დუქანი ჰქონია. ერთხელ არღანი მოპარეს, გაბრაზებულს ყველაფერი გაუყიდია და თბილისიდან ფოთში გადასულა.

 

 

ყარაჩოხელებზე ბევრის მოყოლა შეიძლება, თუმცა ასჯერ ნათქვამს ერთხელ ნანახი სჯობსო, ჰოდა, გირჩევთ, კიდევ ერთხელ ნახოთ მიხეილ ჭიაურელის დიდებული ფილმი „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ და ნაღდი ყარაჩოხელების ზუსტ სურათსაც იხილავთ დიდებული მსახიობების შესრულებით.

 

ავტორი: თამაზ ჩიქვანაია

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი