logo_geo
ომის წარმოების ხელოვნება - როგორ წვრთნიდნენ ქართველები მომავალ მეომრებს
- +

21 სექტემბერი. 2018. 16:01

 

 

სანამ დღევანდელ სასაუბრო თემაზე გადავალ, მინდა გავიხსენო დიალოგი რეზო ჩხეიძის დიდებული ფილმიდან „ჯარისკაცის მამა“, როცა გიორგი მახარაშვილი სამხედრო ოფიცრებს უმტკიცებს თქვენი სასწავლი რა მჭირს, ჩემს წინაპრებს სხვა კი არაფერი უკეთებიათო:„ მოი ატეც ვაევალ, ევო, ევო, ევო ატეც ვაევალო“ ამაყად ამბობს და მართლაც საუკუნეების მანძილზე ქართველ კაცს ბრძოლა ისევე ემარჯვებოდა, როგორც ვენახის გასხლვა ან ყანის გამარგვლა.

 

ომის წარმოება ერთგვარი ხელოვნებაა და მისი სწორად წარმართვა გარკვეულ სტრატეგიასა და ტაქტიკურ განსწავლულობას მოითხოვს, რომელიც ბევრ გარეშე ფაქტორზეა დამოკიდებული. ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში დაიწერა სუნ ძის ჩინური სამხედრო მოძღვრება, რომელსაც წარმატებით იყენებდა ნაპოლეონ ბონაპარტე და ჰიტლერის გენერალური შტაბიც.

 

ქართველი მეფეები, სავარაუდოდ, ამ მოძღვრებას არ იცნობდნენ, თუმცა ომის წარმოების ერთგვარი სტრატეგია მათაც გააჩნდათ და დღევანდელი საუბრის თემაც ქართული საბრძოლო ხერხებია; როგორი იყო ვთქვათ დავით აღმაშენებლის და როგორი ექვსასი წლის შემდეგ, ერეკლე მეორის დროს.

 

ჭკვიანი და მამაცი სარდალი ბევრს წყვეტს, მაგრამ მთავარი მაინც კარგად განსწავლული მეომარია. როგორ ზრდიდნენ ქართველები შვილებს მებრძოლებად? ისტორიული წყაროები საშუალებას გვაძლევს ამ პროცესს თვალი მივადევნოთ. ბავშვს სამი წლიდან აჩვევდნენ გამძლეობას, 6 წლიდან კი ასწავლიდნენ ცურვას ძველი ქართული ტრადიციებით - ხელშეკრულს, ფეხშეკრულს. 10-წლიდან ასწავლიდნენ შორ მანძილზე ცურვას, წყალში ტვირთის ზიდვას, ყვინთვას. 15-16 წლის ასაკიდან მოზარდი ითვისებდა სხვადასხვა საბრძოლო იარაღის გამოყენებას, ცხენზე ჯირითს, ცხენის ზურგზე ფეხზე დგომას, ცხენიდან ცხენზე გადახტომას, ცხენზე ხმლისა და მშვილდის ოსტატურად ხმარებას. ასევე, ასწავლიდნენ კედელზე ცოცვას, ფეხაკრეფით სიარულს, ღამე ხედვას, მიდამოს დაზვერვას და ჭრილობის მოშუშებას. 17-19 წლისანი კი უკვე მეომრები იყვნენ და მეფის ლაშქარში ირიცხებოდნენ. მათ უკვე შეეძლოთ გარკვეული ვალდებულებების აღება და შესრულება, იყვნენ დამოუკიდებლები, საჭირო დროს სასტიკებიც და ჰუმანურებიც.

 

დღეს ასე პრობლემური მრავალშვილიანობაც ქართული ცხოვრების წესის აუცილებელი კომპონენტი იყო. მშობლებმა იცოდნენ, რომ ავადმყოფობის, ცხოვრების სიმკაცრისა და ომების გამო 10-დან 5-6 შვილი შეიძლება დაეკარგათ და ამას იძულებით ეგუებოდნენ – ქვეყანას დამცველიც სჭირდებოდა და მშრომელიც, რომელიც დაქცეულს აღადგენდა და ერს გაამრავლებდა. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო აღზრდის უნაკლო სისტემა, თუმცა იყო სრულიად ადეკვატური იმის, რაც მაშინ ქვეყანას სჭირდებოდა.

 

ვახუშტის მიხედვით, ერთიანი საქართველოს დროსაც და სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ დანაწევრების შემდეგაც, ქართული ჯარი ოთხ სადროშოდ იყო დაყოფილი: მეწინავე, მემარჯვენე, მემარცხენე და მეფის ალამი. ყოველ სადროშოს თავისი სარდალი ჰყავდა, რომლებსაც მეფე ნიშნავდა. ისინი მხოლოდ მეფესა და სპასალარს ემორჩილებოდნენ.

 

„ხოლო წესთა ამათთა იყო ყოველი ივერია, ანუ გიორგია ოთხ სადროშოდ განყოფილი, რამეთუ წინამბრძოლნი იყვნენ თორელნი, ციხისჯუარელნი და ახალციხელნი, და მიმყოლნი მათნი სრულიად მესხნი და კლარჯნი, და სომხითისა, რომელნი ეპყრათ; ხოლო მომარჯუნე მიმსულელ-მცემელნი სრულიად ლიხთ-იქითი აფხაზ-ჯიქითურთ; მემარცხენეთ მიმსულელ-მცემელნი სრულიად ჰერ-კახნი; ხოლო მეფისა ალმის მპყრობელნი ქართველნი და რომელნი როქით სპანი ეპყრნეს მეფესა, გარნა ოდესმე სამად მიმსვლელად, ანუ სხვარიგ მიიყვანდიან, ვითარ ამჯობინის მეფე ანუ სპასალარი.”

 

ქვეყნის დანაწევრების შემდეგ, ბუნებრივია, ლაშქრის შემადგენლობა შეიცვალა, თუმცა სადროშოთა რაოდენობა და საბრძოლო წყობა იგივეა. მოგეხსენებათ, ქართველებს ჯარი მუდამ მტერზე ნაკლები ჰყავდათ, ამიტომ, ისეთი საბრძოლო წყობა უნდა ჰქონოდათ, რომელიც უზრუნველყოფდა მანევრის სისწრაფეს და ხელს შეუწყობდა ნებისმიერი მხრიდან შეტევის მოგერიებას.

 

მოდით, შევადაროთ ერთმანეთს ორი ცნობილი ბრძოლა:-დავითის დიდგორი და ერეკლეს ყირბულახი. დროში მათ 600 წელი აცილებს, მაგრამ ბევრი რამ, უკვე ტრადიციად ქცეული, აერთიანებს კიდეც. ორივემ, სადროშოები ჯვარისებრად განალაგა, რაც ძალთა გადანაწილების საშუალებას იძლეოდა. დავითმა სამი მხრიდან შეუტია რიცხვით მრავალ მოწინააღმდეგეს, მეოთხე სადროშოს თავად მეთაურობდა და სადაც ყველაზე საჭირო იყო იქ ჩნდებოდა.

 

ერეკლემაც ანალოგიურად განალაგა ჯარი და თავად შეუტია აზატ ხანის შვიდჯერ აღმატებულ ლაშქარს. ორივემ კარგად უწყოდა, რომ ზოგჯერ „ხერხი სჯობდა ღონესა“. გავიხსენოთ დიდგორის გმირი 200 მეომარი, რომლებიც თითქოს დასანებებლად მტრის რიგებისკენ გაემართენ და მერე მოულოდნელობის ეფექტით ისარგებლეს, დაბნეულ მოწინააღმდეგეს დაერიენ და საბოლოო გამარჯვების უდიდესი წინაპირობა შექმნეს.

 

მსგავსი რამ გააკეთა ერეკლემაც. გაგანია ომში, თავად ჩამოხტა ცხენიდან, ჩამოქვეითება უბრძანა მთელ მხედრობას და წინ გაუძღვა ლაშქარს, რომელიც გაფრთხილებული იყო, რომ მეფის ნიშნამდე იარაღი არ გაესროლა. აზატ-ხანის სარდლებმა იფიქრეს ერეკლე გვნებდება ან მოსალაპარაკებლად მოდისო. სხვაგვარად ვერ ახსნეს მისი ჩამოქვეითება, ერთი მეთაური ჯარს გამოეყო და პირდაპირ ერეკლეს მიაშურა. ამ დროს დაიჭექა პატარა კახის თოფმა, რაც საერთო შეტევის ნიშანი გახლდათ. ქართველები ცხენებს მოახტნენ, დაბნეული ავღანელების ცენტრი გაარღვიეს და „... გადრკა ჯარი აზატ-ხანისა, სიდიდისგან ძლივ იძროდა, მეფე ერეკლე ვითა ლომი დაუშრომელი, ეგრე იბრძოდა თვითცა და ჯარსაც აბრძოლებდა“... ქართველთა კავალერიამ მტერს 30 კილომეტრის მანძილზე სდია, სანამ მდინარე არაქსის ნაპირებს არ მიაღწია. განა ასევე არ მოხდა დიდგორშიც?! დავითის მოულოდნელი შეტევით არეულ ილ-ღაზის უზარმაზარ მასას მათე ურჰაელის ცნობით:-„...ქართველთა და ყივჩაყთა ლაშქარმა რვა დღე, ქალაქ ანისის საზღვრამდე სდია ილღაზის დაქსაქსულ ჯარებს და დიდი ზიანი მიაყენა“...

 

ორივე ომის ანალიზისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ადგილმდებარეობისა და რელიეფის გათვალისწინებას, სადაც მრავალრიცხოვან მტერს ძალების საბრძოლო წყობაში გაშლისა და მანევრირების შესაძლებლობა შეზღუდული ექნებოდა. ორივე შემთხვევაში ქართული ჯარის სათავეში ნიჭიერი მხედართმთავარი გვევლინება, რომელთა პიროვნული თვისებები და მეომართა გაწვრთნილება გამარჯვების უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს.

 

ბუნებრივია, არ არსებობს სამხედრო სტრატეგიისა თუ ტაქტიკის მზა ფორმულა, რომელიც ომში უტყუარი გამარჯვების საწინდარი გახდებოდა. მსგავსი რამ არც ქართველ მეფე-მხედართმთავრებს გააჩნდათ და ამიტომაც ერთი მოგებული ომის წილ ორ-სამჯერ მეტი წაგებული მოდიოდა, რადგან ხშირად აღმართს ძალა ხნავს, ხოლო ხერხს ღონე სჯობნის. სამწუხაროდ, როგორც წესი, ჩვენს წინაპრებს „ღონე“ და „ძალა“ მომხდურზე ბევრად ნაკლები გააჩნდათ და ამიტომაც საუკუნეების მანძილზე „სისხლიანი კალოს“ გაძლება და გადარჩენისთვის ბრძოლა უხდებოდათ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი