logo_geo
გამქრალი ქართული საგვარეულო - ამბავი ორბელთა აღზევებისა და დაცემისა
- +

29 სექტემბერი. 2018. 20:34

 

 

ნებისმიერი ქვეყნის ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ წინა რიგში წამოწეულია მეფე-გმირთა ამბები და მათი ნამოქმედარი. მაგრამ მხოლოდ მეფე, რაგინდ დიდი და ყოვლისშემძლე ყოფილიყო, ერისა და ბერის გარეშე ვერაფერს მოახერხებდა.

 

საქართველოში ყველა დიდი მონარქის გვერდით იდგნენ მძლავრი ფეოდალები და ერისთავები, რომელთა მეოხებითა და მხარდაჭერით წერდნენ ჩვენი გმირი მეფეები საქართველოს ისტორიას. ბუნებრივია, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც იმდენად აღზევდნენ, რომ ტახტის ქვეგამხედვარნი შეიქნენ და მათმა უმრავლესობამ სავალალო შედეგიც მოიმკა — ბევრი განდიდებული საგვარეულო საერთოდ აღიგავა პირისაგან მიწისა.

 

ასე დაემართა დავით აღმაშენებლის მოწინააღმდეგე კლდეკარის ერისთავ ლიპარიტს, რომლის შვილის, რატის გარდაცვალების შემდეგ, ბაღვაშთა დიდებული გვარი საერთოდ წაიშალა ისტორიიდან. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ბაღვაშთა საგვარეულოს ერთი შტო  რაჭაში დამკვიდრდა კახაბერისძეების გვარით, ხოლო მეორე ქვემო ქართლში ორბელების გვარით დაწინაურდა სამეფო კარზე. საკითხი დღემდე სადავოა, თუმცა არ უნდა იყოს საფუძველს მოკლებული.

 

საინტერესო ჩვენთვის ის გახლავთ, რომ ბაღვაშთა ამ შტოს ბედი საოცრად ჰგავს წინამორბედთა თავს გადამხდარს. საგვარეულოს დამაარსებლად ივანე ორბელი მიიჩნევა, დავით აღმაშენებლის უერთგულესი სპასალარი და სავარაუდოდ, საქართველოს პირველი ამირსპასალარი.

 

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ივანე ორბელს 1110 წელს მოიხსენიებს:

 

„და შეკრბეს გიორგი ჭყონდიდელსა და მწიგნობართ-უხუცესსა წინაშე თევდორე, აბულეთი და ივანე ორბელი და სიმარჯვითა მოიპარეს სამშილდე“.

 

სამეფო ხელისუფლების ერთგულ იმ დროის ორბელთა შორის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი გახლდათ პირველი ივანე ორბელის შვილიშვილი, სახელად ასევე ივანე ორბელი და ისიც ამირსპასალარი, ოღონდ უკვე გიორგი მესამის კარზე.

 

თუ სომხურ წყაროებს დავეყრდნობით, ივანე ორბელმა მონაწილეობა მიიღო  გიორგი მესამის უფროსი ძმის, დავით მეხუთის მოწამვლაში და ამით გაუხსნა გზა მას ტახტისკენ. გიორგი მესამე ივანეს თავდაპირველად ძალიან აფასებდა. ის მეფის ამირსპასალარიც იყო და ანისის მმართველიც, მისი ძმა — ქართლის ერისთავი, ძმისშვილი — მეჯინიბეთუხუცესი.

 

ივანე ორბელის სიძე გახლდათ დავით მეხუთის შვილი, დემნა უფლისწული. ასე რომ, ივანე ორბელი, მეფის შემდეგ, ალბათ, ყველაზე გავლენიანი კაცი იყო. ხოლო თუ დავით მეხუთე მართლაც ივანე ორბელმა მოწამლა, ადვილი წარმოსადგენია, როგორ იქნებოდა გიორგი მესამე ამ კაცზე დამოკიდებული.

 

მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, მაინც გადასძალა  ივანე პატივმოყვარეობამ და გადაწყვიტა, გიორგი მესამე ტახტიდან ჩამოეგდო და თავისი სიძე — დემნა გაემეფებინა (რამდენად კანონიერი იყო დემნა უფლისწულის გამეფება, ეს სხვა საკითხია), რაც პერსპექტივაში მისი შვილიშვილის გამეფებას ნიშნავდა. ცნობილია, რომ  1177 წლის აჯანყების მთავარი ინიციატორი ივანე ორბელი იყო.

 

ისტორიკოსების აზრით, იმ დროინდელ მოვლენებზე ობიექტურად მსჯელობა ძნელია, რადგან ქართული წყაროები გიორგი მესამის გავლენით არის დაწერილი, ხოლო სომხური საქართველოდან განდევნილი დიდგვაროვნების ნაკარნახევია.

 

რადგან ორბელთა საგვარეულოს ვეხებით, მაინც შევეცადოთ და გავარკვიოთ, რა გახდა მათი დაცემის მიზეზი.

 

მეფის წინააღმდეგ ორბელების გვერდით იდგნენ: ივანე ვარდანისძე, შოთა — ძე ართავაჩოს ძისა, მეჯინიბეთუხუცესი ქავთარ ივანეს ძე, ანანია დვინელი, მხარგრძელები, თორელ-გამრეკელი, მემნა ჯაყელი, კაენის პატრონი ჰასანი, გრიგოლ ანელი აპირატის ძე და სხვა. ამ ჩამონათვალს თუ დავეყრდნობით, ქვეყნის უმეტესი წარჩინებულნი დემნასა და ივანე ორბელის გარშემო გაერთიანებულან, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ შეთქმულთა ლაშქარი 30 000-მდე კაცს ითვლიდა. მათ დემნა მეფედ აკურთხეს აგარის ციხეში.

 

ფეოდალთა ერთმა ნაწილმა კი მეფე გიორგის უერთგულა. განსაკუთრებით თავი გამოიჩინეს ყივჩაღთა რაზმის უფროსმა ყუბასარმა და მეჯინიბეთუხუცესმა ჭიაბერმა. მეფის ლაშქარში იყვნენ დვალები და საქართველოს მთიანეთის სხვა კუთხეთა მოლაშქრენი. გიორგი მეფის მოულოდნელად შეპყრობის გეგმა ჩაიშალა. მან თბილისში გამაგრება მოასწრო. ამან მემბოხეებში ყოყმანი გამოიწვია და მათ იწყეს მეფის მხარეზე გადასვლა.

 

პირველებმა მხარგრძელებმა ითხოვეს პატიება. გიორგი III დემნასგან განდგომილებს სიამოვნებით იღებდა და ასაჩუქრებდა კიდეც. ამ ნაბიჯმა მათი რიცხვი საგრძნობლად გაამრავლა. 

 

თავდაპირველად მეფემ ამბოხებულებთან მოლაპარაკება მოინდომა. ჩანს, არ ჰქონდა გამარჯვების იმედი, ან სისხლისღვრას მოერიდა. მაგრამ ივანე ორბელმა არ ისურვა. მდგომარეობის შეცვლის შემდეგ მეფემ აჯანყებულებს წაართვა ციხე-სიმაგრეები და ალყა შემოარტყა ლორის ციხეს, სადაც ივანე და უფლისწული დემნა გამაგრდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ლორის ციხის ალყა რამდენიმე თვე გაგრძელდა, აჯანყება დამარცხდა.

 

დემნა უფლისწული პატიების სათხოვნელად მეფე-ბიძას ეახლა. არ აპატია გიორგი მესამემ, მისი ბრძანებით, თვალები დასთხარეს და დაასაჭურისეს იგი.

 

თვალები დაუშრიტეს ივანე ორბელსაც. სიკვდილით დასაჯეს მისი უმცროსი ძმა ქავთარი და ძე მისი სუმბატი. სასჯელი მეფემ დარბაზის გადაწყვეტილებით გამოიტანა და საეკლესიო შეჩვენებით დაამტკიცა. გადარჩნენ ორბელთა საგვარეულოს მხოლოდ ის წარმომადგენლები, რომლებიც იმ დროს საქართველოში არ იმყოფებოდნენ.

 

საინტერესოა, რომ ამ საგვარეულოს დამხობით ყველაზე მეტად მხარგრძელებმა ისარგებლეს, რომლებიც  დაეუფლენ კიდეც იმ თანამდებობებს, რომლებიც მანამდე ორბელებს ეკავათ.

 

ორბელთა საგვარეულო მოგვიანებით, კერძოდ, მეცამეტე საუკუნეში, მონღოლთა ბატონობის პერიოდში ბრუნდება საქართველოში. ეს არის ტარსაიჭ ორბელი, დემეტრე თავდადებულის აღმზრდელი და უერთგულესი სპასალარი. ამის შემდეგ გვარი ნელ-ნელა ისევ ძლიერდება, რაღაც პერიოდში ათაბაგობასაც აღწევენ და სამეფო კარზე კვლავ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ. თუმცა XIII საუკუნის ბოლოდან ორბელთა გვარი აღარსად  ჩანს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი