logo_geo
დინა მირცხულავა: ოცნებებს ვერ კლავს ვერავინ და ოცნებები სრულდებიან...
- +

12 ოქტომბერი. 2018. 13:47

 

ბავშვობის კადრი მაქვს ერთი...დაბომბილ, გაპარტახებულ რკინიგზის სადგურზე ვართ მე და დედა.

თოვს. წვიმასაც ურევს.

ერთ კუთხეში იარაღგადაკიდებულ ფორმიანებს სძინავთ.

გვერდით გოგონა მომისვეს. თბილად აცვია.

შალიც მოუხურავს თავსა და ბეჭებზე. მხოლოდ სახე უჩანს, დაბრაწული...

- ფეხები ამოძრავე, არ გაჩერდე, გაგეყინება - მალ-მალე მახსენებს დედა და ჩემს პაწია თითებს სულს უბერავს...

გოგონას ფეხებისკენ გამექცა თვალი.

უძრავად ელაგა და კოჭამდე ბათინკები ეცვა.

აუ, რა მაგრები, რა მოდური, ტყავის, შიგნიდან დათბილულიც ალბათ.

ჩემს ნაჭრის კედებს შემოხედა თვითონაც და მეუბნება.

- ჯერ მატარებლით თბილისში ჩავალთ, მერე თვითმფრინავით ჩემი ოცნების ქალაქში მივყავარო მამას.

- ჩვენ სამტრედიაში მივდივართ- მეთქი, ვუთხარი და ყინვა უფრო წამიდგა თითებში.

ჩამოდგა მატარებელი, არც ერთი ფანჯარა არ ჰქონდა.

უბედურ სახეებს კიდევ უბედური ადამიანების რიგი მიემატა სადგურიდან...

უცაბედად ცაზე ვერტმფრენმა გადაიფრინა...

- აი, ასეთითო, - მაღლა ამახედა გოგონამ.

ისევ ჩემს სველ კედებს დახედა და თვითმფრინავსა და საოცნებო ქალაქზე ოცნება მომიკლა..

მას მერე ყველა გადაფრენილ თვითმფრინავში ის ბათინკიანი გოგო მეგულებოდა და თითქოს ვხედავდი, როგორ ჩამოდიოდა და რა დიდი ამპარტავნებით ადგამდა თბილ ფეხებს საფეხურებზე...

და აი, ახლა, ოცდახუთი წლის მერე, მე მთელ დღეს დავბორიალობ თბილისში, იმიტომ რომ რამდენიმე დღეში ჩემი ოცნების ქალაქში გავფრინდები და ბათინკებს ვეძებ, იმ გოგონას რომ ეცვა, ისეთს..

იმ ქალაქში ახლა ცხელა, მაგრამ უსათუოდ კოჭამდე, ტყავის ბათინკით დავდგამ ფეხს თვითმფრინავიდან...

ოცნებები არ კვდებიან.

ოცნებებს ვერ კლავს ვერავინ და ოცნებები სრულდებიან...

 

 

 

big_banner
არქივი