logo_geo
„როცა რუსთაველზე ასი კაცი მოდის და იქიდან ქართველი მხოლოდ ხუთია“ – თემურ ჩალაბაშვილის თბილისი
- +

25 ოქტომბერი. 2018. 23:04

 

 

მე პატივისმცემელი ვარ თბილისური ტრადიციების, თბილისში დაბადებული თაობების, მაგრამ ნამდვილი თბილისელი მარტო თბილისში კი არ იბადება… თბილისელია ყველა, ვინც ქალაქის ქუჩებს უხდება, ქალაქის კოლორიტს ქმნის… ესაა ჩემთვის თბილისელობა. საპატიო თბილისელის წოდება რომ მომანიჭეს, ვიხუმრე კიდეც და ვთქვი, აქამდე უპატიო ვიყავი და ახლა მეპატიება-მეთქი?!

მართალია, ჩემი გამონათქვამია, მაგრამ, რა ვქნა, ძალიან მომწონს- თბილისელი მხოლოდ ის კი არ არის, ვინც თბილისში დაიბადება, არამედ ისიც, ვინც თბილისს თუ არ უხდება, არ აუშნოებს მაინც.

პატივისმცემელი უნდა იყო იმ ქალაქის, სადაც ცხოვრობ, იცოდე, სად ხარ და მის კონტექსტში წარმოიდგინო შენი თავი. ჩემთვის თბილისი ყველაფერს ნიშნავს, თუნდაც იმის გამო, რომ ზუსტად 50 წელი ხდება, რაც აქ ვცხოვრობ. ნახევარი საუკუნე პატარა არ არის, არა?!

მატყუარა ვიქნები რომ ვთქვა, საპატიო თბილისელის წოდების მონიჭება არ გამხარებია-მეთქი, პირიქით, ჩემთვის, ჩუმად ვიამაყე კიდეც. სიხარულიც იყო, მოულოდნელობაც და ყველა ის ემოცია, რაც ქართველმა კაცმა უნდა იგრძნოს ასეთ დროს. ჩემი გარდაცვლილი მშობლებიც დამიდგნენ თვალწინ – რას წარმოიდგენდნენ, თუ მე ამ ღირსებას მომანიჭებდნენ.

იცით, რა მაწუხებს ყველაზე მეტად? როცა რუსთაველზე ასი კაცი მოდის და იქიდან ქართველი მხოლოდ ხუთია. მე ტურიზმის წინააღმდეგი კი არ ვარ ან, განა, არ მინდა, ბიუჯეტში ფული შემოვიდეს?! პირიქით, ჩვენი ქალაქი მდიდარი უნდა იყოს, მაგრამ ყველა ადამიანმა სტუმრობაც უნდა იცოდეს და წასვლაც. თბილისის ქუჩებში რომ ჩაივლის კაცი და ცოტა ქართველს შენიშნავს, ამაზე გული უნდა გწყდებოდეს.

თბილისის მახასიათებელი ის ეზოები იყო, ჩვენ რომ იტალიურს ვეძახით. არადა, ეს თბილისური ეზოებია. მთელი მარჯანიშვილის თეატრი ჩემთან, ერთ ეზოში ქეიფობდა. როცა სტუმარი მომდიოდა, მთელი სამეზობლო ჩემთან შემოდიოდა ხოლმე: ზოგს ხილი შემოჰქონდა, ზოგს ღვინო… ეს არის თბილისელობა. გადაპატიჟება ვიცოდით, უბნებში ერთმანეთს ვცნობდით… ეს ყველაფერი ახლა კი არ დაიკარგა, მოისპო, თორემ დაკარგულის აღდგენა კიდეც შესაძლებელია.

მწყინს, უცხოური სახელები რომ შემოვიდა და ვორანცოვზე, ვარციხის ქუჩის მაგივრად, რომის ქუჩა გაიხსნა. მწყინს, ჩემს უბანში, სადაც გენერალი მაზნიაშვილი ცხოვრობდა, ბაღს ლონდონის სახელი რომ ჰქვია.

შაბლონურად ამბობენ, იმედი ბოლოს კვდებაო და მეც არ ვკარგავ იმედს, რომ თბილისს თავისი ღირსება დაუბრუნდება. ყოველ შემთხვევაში, კეისარს კეისრის მიეცემა. ახალგაზრდა თაობამ უნდა ამოიღოს ხმა, თორემ ჩვენ ტყუილად ვილაპარაკებთ და ჩვენი სიტყვები დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. არიან ახალგაზრდები, რომელთა იმედიც არსებობს, რომელთაც აქ, საკუთარ სამშობლოში ურჩევნიათ ყოფნა.

მერცხალი თბილ ქვეყნებში მიფრინავს, ხოლო ბეღურა სამშობლოს არასდროს ტოვებს.

 

თემურ ჩალაბაშვილი

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი