logo_geo
„კაცი მეცნიერი და განსწავლული ფრიად“ - ზოგი რამ ვახუშტი ბატონიშვილის შესახებ
- +

26 ოქტომბერი. 2018. 21:56

 

 

ვისაც მცირედი შეხება ჰქონია ისტორიასთან და გეოგრაფიასთან, ისიც იცის, რომ ამ მეცნიერებებს ქართული საძირკველი ჩაუყარა სამშობლოდან დევნილმა ადამიანმა, რომელსაც არც პირადი განსაცდელი დაჰკლებია ბედისგან, თუმცა მაინც შექმნა ნაშრომები, რომლებიც 300 წლის შემდეგაც უაღრესად მნიშვნელოვანი და აქტუალურია.

 

 

ვახუშტი ბატონიშვილი, უცნობი მხატვარი

 

რომ არა ვახუშტი ბატონიშვილი საოცრად მწირი იქნებოდა ქართული ისტორიის, გეოგრაფიის, ლექსიკოგრაფიის, მათემატიკის, ეთნოგრაფიისა და კიდევ ბევრი მეცნიერების საფუძვლები.

გასაკვირია, როგორ მოიყარა თავი ერთ ადამიანში ამდენმა ცოდნამ იმ ეპოქაში, როდესაც ერთობ შეზღუდული იყო ინფორმაციის გავრცელება. თუმცა აჯობებს, მის შესახებ თხრობა თავიდან დავიწყო, რადგან სწორედ მისი ბავშვობის გარემოცვამ განაპირობა დიდი მეცნიერის მომავალი ბედი.

ვახუშტის თხზულებაყოველი მკვლევარისთვის ყოველთვის აუცილებელი წყარო იქნებაიგი მუდამ უკვდავების შარავანდედით იქნება მოსილი და არასდროს მნიშვნელობა არ დაეკარგება…“

 

ივანე ჯავახიშვილი, ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ვახუშტი ბატონიშვილი გახლდათ ენციკლოპედიურად განათლებული მეფის, ვახტანგ VI-ის უკანონო შვილი. ფრანგი მოგზაურის, შარლ პეისონელის ცნობით, მისი დედა ყმა გლეხის ქალი ყოფილა, თუმცა ყველგან და ყოველთვის შესაფერი პატივითა და უფლებებით სარგებლობდა.

მოგვიანებით ვახუშტი მეფურ წარმომავლობას საგანგებოდ წარმოაჩენდა საბუთებსა და ნაშრომებში, რომლებსაც ხელს ასე აწერდა: მეფის ძე ვახუშტი.

ბავშვობა და ყრმობა სამეფო კარზე გაატარა, სადაც მისი სწავლება-აღზრდა დეკანოზმა იესე გარსევანიშვილმა და მისმა ძმამ, გიორგიმ ითავეს. ყმაწვილის ჩამოყალიბებაში აქტიურად მონაწილეობდა სულხან-საბა ორბელიანიც.

ბატონიშვილის აღზრდაში მონაწილეობდნენ იმ დროის გამოჩენილი მოღვაწენი: ბერი ეგნატაშვილი, ონანა ქობულაშვილი, გივი თუმანიშვილი, დომენტი ბაგრატიონი და სხვანი.

 

 

ვახუშტი ბატონიშვილი ქართულ საფოსტო მარკაზე, დიზაინერი გოგა ქართველიშვილი

გარდა ამისა, 15-16 წლის ვახუშტი თბილისში იმხანად მოღვაწე კათოლიკე მისიონერებს დაუახლოვდა და მათგან მიიღო ევროპული განათლება. ამ ხალხის მეცადინეობით, ქართულის გარდა, იცოდა ლათინური, ფრანგული, ბერძნული, თურქული, რუსული და სომხური ენები.

იმ პერიოდში ვახტანგ VI-ს დაარსებული ჰქონდა „სწავლულ კაცთა“ კომისია და ვახუშტისაც საშუალება მიეცა, საფუძვლიანად გასცნობოდა ქართულ სასულიერო და საერო მწერლობას.

ბატონიშვილი ლამის ყმაწვილობიდან ჩაება ქართლის სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში.

 

 

თბილისის გეგმის ვახუშტისეული დედანი

1717 წელს, როცა ის 21 წლისა იყო, ქსნის ერისთავ დათუნას წინააღმდეგ გაილაშქრა და „დაიჭირა მისი საერისთავო“. ორი წლის შემდეგ კი, მამის დავალებით, ტახტის მემკვიდრე ბაქართან ერთად შანშე ერისთავს შეებრძოლა. ბაქარმა ქსნის ხეობა დაიკავა, ვახუშტიმ — ლიახვისა.

1721 წელს იგი ქართლის პირველი სადროშოს სარდლად დაინიშნა. სწორედ მაშინ დაიწყო მასალების შეგროვება მომავალი სამეცნიერო მოღვაწეობისთვის, აღწერა თრიალეთი და საბარათიანო.

1724 წლის 15 ივლისს, როდესაც თურქებისგან შევიწროვებული მეფე ვახტანგ VI თავისი ამალით რუსეთის გზას დაადგა, ვახუშტიც თან ახლდა. მოსკოვში ის პრესნაზე დასახლდა, იქ აიშენა სასახლე და ოჯახითურთ დაბინავდა. რუსეთის მთავრობისაგან ჯამაგირად 2090 მანეთი დაენიშნა, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ შეუწყვიტეს.

 

 

ევროპის რუკა, შედგენილი ვახუშტი ბაგრატიონის მიერ, 1752 წელი

მოსკოვში ბატონიშვილი დაუახლოვდა რუს და უცხოელ მწერლებსა და მეცნიერებს, მათ შორის, მიხეილ ლომონოსოვს, რომელთან ერთადაც მოსკოვის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელიც გახდა. ამის თაობაზე უნივერსტეტის მემორიალური დაფაც მეტყველებდა, რომელზეც ვახუშტი ბატონიშვილის სახელიც იყო ამოტვიფრული, როგორც ერთ-ერთი დამაარსებლისა.

ვახუშტის მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობიდან განსაკუთრებული მნიშვნელობისაა „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, რომელშიც მოცემულია საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე — არა მარტო ქართულ, არამედ რუსულ, სომხურ, ბერძნულ, სპარსულ და სხვა  წყაროებზე დაყრდნობით.

 

 

 

იუნესკოს მსოფლიო საერთაშორისო რეესტრის კომიტეტმა ვახუშტი ბაგრატიონის აღწერა სამეფოსა საქართველოსა" და გეოგრაფიული ატლასი" 2013 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო რეესტრში შეიტანა.

 

ბატონიშვილმა დიდი მუშაობა გასწია, რომ საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან თარიღები ზუსტი ყოფილიყო. მსოფლიო ისტორიის ჩინებულმა მცოდნემ, ამისთვის საგანგებო მეთოდი შეიმუშავა და პირველმა სცადა, საქართველოს ისტორიის ფაქტები მსოფლიო ისტორიულ მოვლენებთან დაეკავშირებინა.  


ვახუშტის ღვაწლი მხოლოდ ისტორიის შესწავლით არ ამოწურულა. ის შესანიშნავი გეოგრაფიც იყო. „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ იძლევა ცნობებს საქართველოს რელიეფის, ჰავის, წყლების, მცენარეული საფარის, ცხოველთა სამყაროს, მოსახლეობისა თუ მეურნეობის შესახებ. ნაშრომს ერთვის მის მიერვე შედგენილი გეოგრაფიული ატლასები.

 

საგანგებოდაა აღსანიშნავი ის ფაქტი, რომ ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი საქართველოს კლიმატური რუკა ზუსტად დაემთხვა თანამედროვე მეცნიერების მიერ შექმნილ კლიმატურ რუკას...

 

და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ამ დიდი მეცნიერის ამაგისა და ღვაწლისა; მეცნიერისა, რომლის დაბადებიდან 300 წლისთავი 1997 წელს იუნესკოს ეგიდით საზეიმოდ აღინიშნა.



სამწუხაროდ, ვახუშტი ბატონიშვილის ბიოგრაფიის ბევრი ეპიზოდი ბურუსითაა მოცული. ცნობილია ის, რომ მძიმედ ავადმყოფი გარდაიცვალა მოსკოვში, დაკრძალულია იქვე, მოსკოვის დონის მონასტერში. გასული საუკუნის 20-იან წლებში ჯერ კიდევ ჩანდა მისი საფლავის ქვა, შემდეგ კი დაიკარგა... 

 

 

თამაზ ჩიქვანაია

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი