logo_geo
საგულდაგულოდ მიჩქმალული ისტორია: გენერალ რევაზ მუხრან-ბატონის შეტევა მოსკოვზე
- +

12 ნოემბერი. 2018. 17:35

 

ისტორიული ფაქტების მოძიება-დადგენა შრომატევადი და რთული საქმე რომ არის, არახალია. მით უმეტეს, თუ საქმე ეხება მეხუთე, გნებავთ, მეათე ან მეთხუთმეტე საუკუნეებს. დრო, საომარი მოქმედებებისგან დაკარგულ-განადგურებული არქივები, მემატიანეთა მიკერძოება და მრავალი სხვა დაბრკოლების გამო, ჭირს ამა თუ იმ მოვლენის რეალური სურათის გადმოცემა.

 

სულ რაღაც ასი წლის წინ მომხდარი ფაქტების აღდგენა თითქოს არ უნდა იყოს ძნელი, მაგრამ თურმე ასე არ ყოფილა: საბჭოთა კავშირში მოქმედი პოლიტიკის თანახმად, ნადგურდებოდა ისეთი საარქივო დოკუმენტები, რომლებში დაცული ინფორმაციაც სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.

 

ასეთთა კატეგორიაში მოხვდა 1918 წელს დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს მიერ მოწყობილი სამხედრო კამპანიებიც რუსეთის წინააღმდეგ.

 

 

ქართული კავალერია სოჭში 1918 წელს

 

საქართველოს ისტორიაში, ასე თუ ისე, მოიპოვება ცნობები გენერალ გიორგი მაზნიაშვილის წარმატებული ლაშქრობის თაობაზე აფხაზეთის მიმართულებით, როდესაც მან სოჭამდე მიაღწია. თუმცა, ყველაზე მასშტაბური ლაშქრობა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიიდან დაიწყო და გენერალ რევაზ მუხრან-ბატონის მეთაურობით რუსეთის ცენტრში შეჭრა მოჰყვა, ისტორიის ფურცლებიდან დიდი ხანია ამოშლილია.

 

ვლადიმირ ულიანოვ-ლენინის ბრძანებით, საარქივო დოკუმენტები, მემუარები და პირადი წერილები, რომლებიც ამ სამხედრო კამპანიის მონაწილეებმა დატოვეს, პირწმინდად გაანადგურეს!

 

იგივე ბედი ეწია ვლადიკავკაზის, ყაზანის, დნეპროპეტროვსკისა და თბილისის არქივებში დაცულ მასალებსაც. ბოლშევიკები ყველანაირად ცდილობდნენ, გაენადგურებინათ გენერალ რევაზ მუხრან-ბატონის მიმოწერა გიორგი მაზნიაშვილთან, ცნობები მისი და ნოე ჟორდანიას შეხვედრის შესახებ, გენერალ იგორ ხორთუმოვის მემუარები და საბოლოოდ ეს თითქმის შეძლეს კიდეც. მაგრამ ბოლო წლებში აქტიური კვლევითი მუშაობის შედეგად, საკმაოდ ბევრი მასალის მოგროვება მოხერხდა, რომლითაც შესაძლებელი გახდა ამ საომარი პერიპეტიების აღდგენა.

 

ბრესტის ზავის შემდეგ თურქეთის იმპერიამ დაიკავა ბათუმი და გურიაში შეჭრა სცადა, სადაც ისინი გენერალმა მაზნიაშვილმა შეაჩერა. ამავე დროს გენერალი რევაზ მუხრან-ბატონი სამაჩაბლოს ბოლშევიკებისგან გასაწმენდად და კვლავ საქართველოსთვის შემოერთებისთვის იბრძოდა...

 

ვინ იყო გენერალ-მაიორი რევაზ მუხრან-ბატონი, რომლის სახელის ისტორიიდან გაქრობასაც ასე ცდილობდნენ ბოლშევიკები?

 

ბაგრატიონთა ოჯახის მიერ ესპანეთსა და რუსეთში შემონახული მასალების მიხედვით, რევაზ მუხრან-ბატონი ერეკლე II-ის უკანონო ვაჟის შთამომავალია. იაპონიასთან ომის დროს უკვე პოლკოვნიკის, I მსოფლიო ომში კი გენერალ-მაიორის წოდება დაიმსახურა. 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რევაზ მუხრან-ბატონმა გენერლის წოდება ახლა უკვე საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მთავრობისაგან მიიღო. მალე მისი სამხედრო ნაწილები, რომლებიც ძირითადად კახეთში, ქიზიყში შეკრებილი მოხალისეებისაგან შედგებოდა, როკის უღელტეხილის გავლით, ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდნენ და მტრის ტერიტორიაზე გადაიტანეს სამხედრო მოქმედებები.

 

 

გენერალი იგორ ხორთუმოვი თავის მემუარებში წერს:

 

„15 სექტემბერს, ჩვენმა დაზვერვამ გენერალ დენიკინს შეატყობინა როკის უღელტეხილზე ქართული შენაერთების გადმოსვლის შესახებ, ფსკოვისა და სარატოვის IV და VII დივიზიები 17 სექტემბერს ვლადიკავკაზისაკენ გადავისროლეთ, რათა გენერალ დენიკინს თავდაცვითი ხაზი შეექმნა მათი შეტევის მოსაგერიებლად“.

 

როგორც საარქივო დოკუმენტებით ხდება ცნობილი, რევაზ მუხრან-ბატონს ანტონ დენიკინის შენაერთები დაუმარცხებია და გადამწყვეტ უპირატესობას დაუფლებია. განსაკუთრებით თავი გამოუჩენია ქიზიყელ მხედართა რაზმს და არტილერიის პოლკოვნიკ ლადო აფხაზს, რომელსაც „არტილერიის მექას“ ეძახდნენ.

 

რევაზ მუხრან-ბატონს წინსვლა განუგრძია და მცირემასშტაბიანი შეტაკებების შემდეგ ვლადიკავკაზი დაუკავებია. ვინაიდან ბოლშევიკთა სამხედრო ნაწილები ძირითადად ან „თეთრებს“ ებრძოდნენ, ან პოლონეთის მიმართულებაზე იყვნენ კონცენტრირებული, რევაზ მუხრან-ბატონის არმიას განსაკუთრებული წინააღმდეგობა აღარ შეხვედრია.

 

ცარიცინის (ახლანდელი ვოლგოგრადი) აღების შემდეგ ის ვორონეჟისკენ დაძრულა და 1918 წლის 5 ოქტომბერს მიუღწევია იქამდე. ამის შესახებ ცნობას კვლავ იგორ ხორთუმოვის მემუარებიდან ვიგებთ, რომლისთვისაც რუსეთის ხელისუფლებას დაუვალებია, რიაზანის მიდამოებში გადაეჭრა გზა მოსკოვისაკენ მიმავალი ქართული სამხედრო ნაწილებისათვის.

 

 

ქართველ კავალერისტთა შეტევა დუტუ აფხაზის მეთაურობით

 

იგორ ხორთუმოვი წარმოშობით სომეხი იყო, ცნობილი გვარის შვილი. სამხედრო განათლება მიღებული ჰქონდა რუსეთსა და საფრანგეთში, ამიტომ არმიაში ხუმრობით „მსუქან ნაპოლეონს" ეძახდნენ. ხორთუმოვი წარმატებულ გენერლად და ერთადერთ რეალურ სამხედრო ძალად მიიჩნეოდა, ვისაც შეეძლო რევაზ მუხრან-ბატონის არმია შეეჩერებინა თავისი IV არმიითა და 10 საბრძოლო ტანკით.

 

შეტაკება რიაზანის მახლობლად, მდინარე ოკასთან, მოსკოვიდან 180 კილომეტრის დაშორებით მომხდარა. ბრძოლის წინ გენერალ იგორ ხორთუმოვს ვაჟისთვის წერილი მიუწერია, რომელიც კალუგის ოლქის სახელმწიფო არქივს შემორჩა (Дела генерала Игоря Хортумова, Государственный архив Калужской области, N16):

 

„არტურ, ხვალ დილით დიდი ბრძოლა დაიწყება, IV არმია პოზიციებზეა განლაგებული და ველოდებით გენერალ მუხრან-ბატონის შემოტევას. გამარჯვების შემდეგ, ერთ კვირაში მოსკოვში ჩამოდი და მეც იქ ვიქნები“.

 

1918 წლის 16 ოქტომბერს, გამთენიის 5 საათზე, ხორთუმოვის არტილერიამ ცეცხლი გაუხსნა მუხრან-ბატონის არმიის მარცხენა ფლანგს. რევაზ მუხრან-ბატონმა ჯარის დიდი ნაწილი და ქიზიყელთა ცხენოსანი რაზმები ცენტრში განალაგა, პოლკოვნიკ ლადო აფხაზს ხორთუმოვის არტილერიისთვის საპასუხო ცეცხლის გახსნა უბრძანა, თავად კი ბრძოლის წინა ხაზზე გაიჭრა ცხენზე ამხედრებული — თავზე მეფე ერეკლე II-ის ქუდით! 

 

მეომრების გასამხნევებლად უკეთესი ხერხის მოფიქრება შეუძლებელი იყო. მეფე ერეკლეს საყვარელმა ქიზიყელებმა ლამის დაიჯერეს, რომ წინ პატარა კახი მიუძღოდათ და გულმოცემულები ცენტრში შეიჭრნენ, დაარტყეს და გადაუარეს მტრის სანგრებს. მალე ბრძოლის ყველა უბანზე შეტაკება IV არმიის მარცხით დასრულდა, ხოლო გენერალი იგორ ხორთუმოვი, რომელიც გაქცევას ლამობდა, ტყვედ ჩავარდა. თუმცა მანამ მოასწრო და შაშხანით მოკლა პოლკოვნიკ ლადო აფხაზის ვაჟი, ქიზიყელთა კავალერიის მაიორი დუტუ აფხაზი, რომელიც წინა რიგებში იბრძოდა. 

 

რევაზ მუხრან-ბატონმა რიაზანის თავზე თავისი დროშა — წითელ ფონზე გამოსახული ერეკლე II აღმართა, ლადო აფხაზმა კი სასტიკად დასაჯა შვილის მკვლელი და ქართველთმოძულე ხორთუმოვი: ზარბაზნის ლულაზე მიაბა, პირი კავკასიონისკენ უყო და გაისროლა...

 

მოსკოვისაკენ გზა ხსნილი იყო!

 

რევაზ მუხრან-ბატონი, თავისი ორი დივიზიით (ძირითადი ჯარი ცარიცინთან დაბანაკდა), რამდენიმე ათასი ტყვითა და 72 ქვემეხით მოსკოვისკენ დაიძრა, იქ აპირებდა გამარჯვების აღლუმის გამართვას. ბოლშევიკებმა სმოლენსკისკენ დაიხიეს, ქართული არმიის შესვლის მოლოდინში მოსკოვი მოსახლეობისგან დაიცალა...

 

მაგრამ ცარიცინში მოულოდნელად ჩავიდა ნოე ჟორდანია, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე, და მუხრან-ბატონს კატეგორიულად მოსთხოვა, უკან დაეხია, ანუ ჯარი საქართველოში დაებრუნებინა. არგუმენტი კი ასეთი ჰქონდა: რუსეთის ამ ტერიტორიის შენარჩუნების ძალა ჩვენ არ გაგვაჩნია და გვიჯობს, საკუთარ ქვეყანას მივხედოთო.

 

შესაძლოა, ეს არგუმენტი საკმაოდ მყარიც იყო, მაგრამ, სავარაუდოდ, ჟორდანიასა და ზოგადად იმ დროის ხელისუფალთ, უფრო მუხრან-ბატონის პოპულარობისა და მისი მონარქისტული ამბიციებისა შეეშინდათ, ემანდ, ერეკლეს შთამომავალმა მეფობა არ მოინდომოსო.

 

ასე დასრულდა ქართველთა პირველი და უკანასკნელი ლაშქრობა ბოლშევიკური რუსეთის ტერიტორიაზე. რაც შემდეგ მოხდა, ყველასთვის ცნობილია. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოებამ კარგა ხნით დაგვაკარგვინა დამოუკიდებლობაზე ფიქრის უფლებაც კი.

 

რაც შეეხება გენერალ რევაზ მუხრან-ბატონს, ცნობილია, რომ სამხედრო სამსახურისთვის თავი დაუნებებია, მაგრამ მისი შემდგომი ბედი, როგორც უკვე მოგახსენეთ, საგულდაგულოდაა წაშლილი ისტორიიდან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი