logo_geo
ენგურსგაღმელის ჩანაწერები: მოძღვარი
- +

13 ნოემბერი. 2018. 16:05

 

სასულიერო განათლების მიღება გადავწყვიტე ერთ წელს და შევუჩნდი აწ გარდაცვლილ დეკანოზს - ავთანდილ ბურდულს - დახმარება მჭირდება-მეთქი, თქვენი.

მანქანა არ ჰყავდა და ფეხით მივსეირნობთ სიონამდე, თან ტკბილად ვმუსაიფობთ.

 

 

დეკანოზი ავთანდილ ბურდული

 

- მივიდეთ, ადგილზე გავერკვეთ, - თვითონ შემომთავაზა ასე. მივადექით თბილისის სემინარია-აკადემიას.

შევედით რექტორის კაბინეტში:

- პირველი გამოცდა კატეხიზმოა, მეორე - ქართული წერა და მესამე საქართველოს ისტორია, - მოახსენებს დეკანოზს რექტორი და იქვე მეკითხება:

- წერასთან როგორ ხარ? - თვალები გამინათდა, ის-ისაა უნდა მოვყვე, რომ ფილოლოგი ვარ ქართული ენის, რომ ბავშვობიდან ვწერ რაღაცებს, რომ ჟურნალისტად ვმუშაობ გაზეთში და უცებ მოძღვარმა:

- წერის აზრზე არ არის, მოგეხსენება დღევანდელი განათლების დონე ჯერ სკოლებში და მერე უნივერსიტეტებში.

გავჩუმდი.

- ცუდია, ვწუხვარ. და ნუსხა-ხუცურთან როგორაა?

ისევ უნდა დავიწყო, რომ გადასარევად ვკითხულობ, რომ თვითონ მოძღვარმა მასწავლა, მაგრამ…

- არა, საიდან უნდა იცოდეს, აბა?! ამან კი არა, მღვდლებმა არ იციან, მგონი. - ახლა უკვე მეტირება. მძიმედ გამოვედი აკადემიის შენობიდან.

გულში ვბობოქრობ: დავამტკიცებ, აი, ნახავთ, დავამტკიცებ, რომ წერაც ვიცი და კითხვაც!

ნაწყენი ვარ, იცის თვითონაც, მაგრამ არაფერს მეუბნება.

იმავე წელს, პირველ კურსზევე დავამტკიცე, რომ წერა შემეძლო და არა მარტო.

არ ვაჭარბებ.

პირველი წერითი გამოცდა ფილოსოფიაში იყო და მახსოვს, ელენე შუბლაძემ საჯაროდ გამოაცხადა: ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე მირცხულავას ნაწერი, აზროვნებსო აშკარად.

წამსვე მამა ავთანდილი გამახსენდა, ხელს მაგრად ვუჭერდი ჩემს ნაშრომს და საშინლად მწყინდა, რომ უკვე ცოცხალი აღარ იყო და ვერ ვაჩვენებდი...

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი