logo_geo
ენგურსგაღმელის ჩანაწერები - საიდა
- +

14 ნოემბერი. 2018. 12:50

 

 

კოპლებიანი კაბა ეცვა საიდას, თითქმის ჩემნაირი. თხელი, სიფრიფანა მკლავები ჰქონდა - ისიც ჩემნაირი. ჩვენ არავის მსგავსი ერთნაირები ვიყავით.

 

- მე და შენ გოგოები ვართ? - მეკითხებოდა საიდა.

 

- კი, გოგოები ვართ.

 

- რა ცუდია!

 

- რატომ?

 

- ვერ ვითევზავებთ!

 

- ვითევზავებთ!

 

 ხელს ჩავავლებდი საიდას და ცხენისწყალზე დავეშვებოდით.

 

 

იმ წუთას რას არ გავიღებდი, ოღონდ ბიჭი ვყოფილიყავი. ცოლად მოვიყვანდი საიდას და თმას არასოდეს შევაჭრევინებდი! ვაბრუნებდით ქვებს და ვიჭერდით კიბორჩხალებს. ვაგროვებდით ფერად კენჭებს და თანაბრად ვიყოფდით ჩემს ეზოში.

 

- მამამ თქვა, აფხაზის ბავშვი მოკლეს მეგრელებმა, მინდორში მწყემსავდაო თხებს და ცუდი ამბები დაიწყებაო, ცხენისწყალს გაღმა ბავშვებს არ გაეკაროო, - მითხრა საიდამ და საქანელადან გადმოხტა.

 

- მამაჩემმა კიდევ, მეგრელის ბიჭი მოკლეს აფხაზებმა და ასე არ დარჩება ეგ ამბავიო, - სიფრიფანა მკლავზე წავწვდი საიდას და რაც ძალი და ღონე მქონდა, მოვუჭირე.

 

- მამაჩემის ხომ გჯერა?! - ხელგაუშვებლად ვკითხე.

 

- მამას არ სჯერა და მე მამასი მჯერა, - მკლავი გაითავისუფლა საიდამ, თავისი კენჭები აიღო და ჭიშკრისკენ წავიდა.

 

- საიდა, მე მჯერა ჩემი და შენი მამიკოსიც. საიდა, მე მომწონს შენი სახელი და გოგო რომ მეყოლება, დავარქმევ, - მთელი ძალით ვუყვიროდი, ვიდრე ჭიშკარში გავიდოდა.

 

- კარგი. ხვალამდე! - საიდამ ჩემნაირი თხელი ხელი დამიქნია  და ისე კეკლუცად გამიღიმა, თითქოს მართლა ბიჭი ვიყავი.

 

კარგი ამბები არ მოჰყვა პატარა მწყემსის მკვლელობას.

 

მე და საიდა დავრჩით ერთნაირები, ოღონდ უერთმანეთოდ.      

 

დიდხანს იქანავა ცარიელმა საქანელამ.

 

იქამდე ვუყურებდი, ვიდრე ჩვენმა მანქანამ მარჯვნივ არ გადაუხვია.

 

ღამეებიც მითენებია საიდაზე ფიქრით...

 

იქნებ ჩემს სახლში შეიპარა, ვიდრე გადაწვავდნენ და ჩემი წილი კენჭები მოიპარა?! და ვინ იცის, დღესაც სათუთად ინახავს მას?! იქნებ ყოველდღე დადიოდა საიდა ცხენისწყალს გამოღმა და ჩემს საქანელაზე საათობით ქანაობდა, იმიტომ რომ საქანელას თავი მარტო და მიტოვებულს არ ეგრძნო?! და ტყემლის ხე, როცა გახმა ან ისიც გადაწვეს, საიდამ მოხსნა საქანელა, სახლში წაიღო და კენჭებთან ერთად შეინახა...

 

მე მჯერა, რომ საიდა, ისევე როგორც მე, დიდხანს მელოდა...

 

სამართლიანობა მოითხოვს, რომ ერთხელაც სადმე შემხვდეს კოპლებიან კაბაში გამოწყობილი საიდა, სიზმარში თუნდაც და ვუთხრა:

 

- გამარჯობა, საიდა, მე მომწონს შენი სახელი, მაგრამ მე ბიჭი მყავს...

 

თუმცა, არასოდეს დამსიზმრებია ჩემნაირი გოგო...

 

განა, ასეთი რა ჩავიდინეთ, რომ სიზმრებშიც ვუფრთხით და არ ვენდობით ერთმანეთს?!

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი