logo_geo
დინა მირცხულავა: ჩავიდა... ხელზე მემთხვია, მძღოლსაც თავაზიანად დაემშვიდობა და...
- +

29 ნოემბერი. 2018. 20:11

 

ლექციებს რომ მიკითხავდა, მაშინაც სვამდა. მთელმა კურსმა იცოდა, რომ დალევასთან ერთად ეპილეფსიაც აწუხებდა. თუმცა ვერ ვიხსენებ, ლექციაზე ცუდად გამხდარიყო. დევნილია, უცოლშვილო და უსახლკარო, კარგა ხანს ცხოვრობდა საპატრიარქოში და გამოიქცა, „უჰ, იქ იმდენი ჭკუის დამრიგებელი მყავდაო“, გვიყვებოდა მერე...

 

უამრავი წიგნის რედაქტორი და ავტორი, ძველსა და ახალ აღთქმას თავებისა და მუხლების მიხედვით ფლობს. დღეს დამემგზავრა, სოფლის მარშუტკაში, ძეგვში მიდიოდა თვითონაც, ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფარია იქ.

 

ამოვიდა კანკალით, თმა- წვერ მოშვებული, მძღოლის გვერდით სკამზე მოკალათდა, ძველი, გახუნებული ქურთუკის ფართო ჯიბიდან ქადა ამოიღო, ხელით ტეხდა და მიირთმევდა...

 

„აქ ვერ დაგსვავ, რას მომისკუპდი?“ - დაეტაკა მძღოლი.

 

„კი ,მეგობარო, მართალი ხართ, ახლავე გადავალ უკან“ - მორჩილდება ესეც და მოემართება ცარიელი სავარძლისკენ.

 

„მანდ არა, სულ უკან გადადი, თორემ ჩამოგსვავ საერთოდ!“

 

„ახლავე, მეგობარო, ახლავე“ - და ისევ ყაბულსაა.

 

მომიახლოვდა. ვერ მცნობს. როგორ ხართ თქო, ვეკითხები... „უკეთესად, ვიდრე ვიმსახურებო“ - ისევ ისე მპასუხობს , როგორც სტუდენტობის დროს...

 

მთელი გზა ელაზღანდარავა მძღოლი, სად ჩადიხარო, სახლში ხომ არ მომყვებიო და ათასი ამისთანა მდაბიო „მარგალიტები“ ამოაფრქვია, სანამ გაგულისებულმა არ მივაძახე, მე ვიცი, სადაც ჩავა და წინ იყურე - თქო...

 

ჩავიდა. ხელზე მემთხვია, მძღოლსაც თავაზიანად დაემშვიდობა და დამდეგი გიორგობა მიულოცა, პატიებაც სთხოვა, შეგაწუხეო...

 

მერე ერთიანად, გეფიცებით, ერთიანად მოგვიკიდა მხრებზე მეც, ლაზღანდარა მძღოლიც და მოხითხითე თუ გულგრილი მგზავრები და ვხედავდი, როგორ მძიმედ შევიდა მოხუცთა თავშესაფრის ეზოში...

 

 

 

big_banner
არქივი