logo_geo
დინა მირცხულავა: ნენე უყვარდა ამ სულელს... სიყვარულის სახელით ადამიანი მოკლა...
- +

5 დეკემბერი. 2018. 17:07

 

 

დამწუხრებული იჯდა და ჩვენს წინ გულაღმა დაგდებულ ბეღურას დასცქეროდა.

 

თამაშ-თამაშში შემოაკვდა.

 

ტირის თოფი ჰქონდა სახლიდან მოპარული და ვერთობოდით. მოგვწონდა, გასროლის ხმაზე ბეღურები ხეივნიდან ჟივილ-ხივილით რომ აფრინდებოდნენ და წამით ზეცა შავდებოდა.

 

შემთხვევით მოარტყა...

 

ბეღურამ რამდენიმეჯერ აიქნია ფრთები და მოწყვეტით დაეშვა მიწაზე.

 

სასაცილოდაც არ მეყო ბიჭის ცრემლები.

 

- ვაჰ, რა საცოდაობა ჰყავხარ-მეთქი გამჩენს...

- გაჩუმდიო, გოგო, - ზლუქუნებდა და მიწას ჩიჩქნიდა.

 

დაასაფლავა, მიწა გადაასწორა, კენჭი ჩაარჭო და:

 

- ღმერთო, ამაღამ არ დამასიზმროო, - ასე თქვა.

 

ავხარხარდი.

 

ერთხელ მდინარის პირას კოცონთან შეკრებილი გოგო-ბიჭები ჩვენს ცოდვებს ვყვებოდით.

 

ამ დებილმა ბეღურას ამბავი მოყვა.

 

ავხორხოცდით.

 

- ძვლებიც აღარ იქნება-მეთქი მაგისი.

- დაგავიწყდება, ცხოვრება რამე ისეთს შეგამთხვევს, უსათუოდ დაგავიწყდებაო, - ნენემ უთხრა.

 

ნენე უყვარდა ამ სულელს.

 

ნენეს ამბავმა ბეღურა ალბათ დაავიწყა, მაგრამ მე გამახსენა.

 

სიყვარულის სახელით (ნენეს გამო) ადამიანი მოკლა.

 

არ შემოკვდომია - მოკლა.

 

რვა ტყვია დაახალა და დამარხა...

 

სულ მგონია, რომ იმ ბეღურასავით ამოუჩიჩქნა მიწა და ქვაც დაუდო თავთან.

 

იმიტომ, რომ მერე თვითონვე მიიყვანა სამართალდამცავები გვამთან და ძებნაც არ დასჭირვებია თურმე.

 

ყველა სასამართლო პროცესს ვესწრებოდი.

 

თვალებში ვუყურებდი, ისევ ისეთი სუფთა ჰქონდა...

 

ვუყურებდი და ველოდებოდი, როდის ამოუფრინდებოდნენ ბეღურები და როდის აიკლებდნენ ჟივილ-ხივილით სასამართლოს დარბაზს.

 

- როგორ დაახასიათებთ ბრალდებულს?! - მე მომმართავდნენ.

- ძალიან კეთილია-მეთქი და ბეღურას ამბავი მოვყევი.

 

ისიც - ძლიერი ყინვისას რომ ქურთუკი ჩამაცვა, ისიც - ფეხმოტეხილი რომ მატარა მთელი თვე სკოლაში.

 

ნენეს ვემუდარებოდი, გაეხსენებინა ის საღამო, კოცონთან.

 

უარობდა, არაფერი მახსოვს და ბოდვას მორჩიო, - მიყვიროდა.

 

ვყვიროდი მეც.

 

ნენეს ვადანაშაულებდი, ბედი დაუწერა, ამ ქალმა დაწყევლა-მეთქი....

 

ბიჭი ხან ერთს მოგვჩერებოდა ხან მეორეს... მისი თვალებიდან კი, არა და არ აპირებდნენ ბეღურები აფრენას...

 

 

 

 

 

big_banner
არქივი