logo_geo
დინა მირცხულავა: იდღეგრძელე ბებო და დიდხანს აფრინე მაგ თითებიდან პეპლები!
- +

14 დეკემბერი. 2018. 01:01

 

ცოტას გაცდები მცხეთის სალობიეს და მოხუცი ბებო დგას. ყვავილებს ყიდის.

ის პირველი დაერევა ხოლმე ყოჩივარდებს, იებს, კესანებს, გვირილებს...

პირველი ააფრიალებს ერთ კონაში მომწყვდეულ გაზაფხულს თეთრი ალამივით!

იანვრის ამ სუსხიან დილასაც გამოსულა.

თბილი, სამკუთხა თავშალი მოუხვევია და შუბლთან გაუკვანძავს...

ძველი პალტო აცვია.

ფეხებს მიწაზე აბაკუნებს.

სცივა ბებოს!

 

დანაოჭებულ მტევანში პაწია კონა ჩაუბღუჯავს ყვავილების და ახლა ზამთარი მოუმწყვდევია თითებში.

 

ლურჯი ფერი დავლანდე ყვავილების, ხელებიც ლურჯად მომეჩვენა თითქოს....

 

გულში სითბო მეღვრება:

 

- რა კარგი ხარ, ბებო, დიდხანს, დიდხანს იქნიე ეგ ხელი ჰაერში, დიდხანს ატყვევე ზაფხულები მაგ თითებში, ლურჯი თოვლიც შენ მახარე პირველმა და მეტიჩარა გაზაფხულიც!

 

ჰო, ვიცი, ახლა მეც სალობიედან გამოსულ იმ გამომტყვრალ ადამიანებს ვგავარ გულგრილად რომ ჩაგივლიან - „რა მეყვავილებას“ - პასუხით, მაგრამ მაინც, მაინც იდღეგრძელე ბებო და დიდხანს აფრინე მაგ თითებიდან პეპლები!

 

/დინა მირცხულავა /

2016 წელი. გაზაფხული.

 

 

 

პ.ს. გარდაცვლილა...

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი