logo_geo
გელა მუხაშავრია - კაცი „საქციელის თაობიდან“
- +

10 დეკემბერი. 2018. 00:19

 

 

80 წელიწადს გადააბიჯა.


- ვაა, რამდენის ვარ, ტოოო, სულ არ მეტყობა არაა, გულში?


ყოველ დილით ჰანტელებს იღებს და კუნთებს ავარჯიშებს; მკლავებს ჰაერში ატრიალებს და მტევნებში ძალას ისინჯავს.


- აი, თითებიც კი არ მიკანკალებს, ჰოდა, წავედი, - იტყვის,ჩაიცმევს თავის ჭკუაზე მორგებულ ხან სახელომოჭრილ პიჯაკს, ხან ფერად-ფერად პერანგებს, ყელზე ფერად კაშნეს შებნევს  და ისევ ნაცნობ გზას გაუყვება - ავლაბრიდან საბურთალომდე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც პაციენტები და კოლეგები ელოდებიან.

მისი განწყობა გადამდებია.პაციენტებს სილაღით და უშუალობით ამახსოვრებს თავს; პროფესიონალიზმი კეთილსინდისიერების გარეშე ვერ წარმოუდგენია და ადამიანებს ყოველთვის გულწრფელი ურთიერთობისთვის განაწყობს. ცდილობს, საკუთარი სიმძიმეები, რაც წლებმა მოუტანა, სხვას არ მოახვიოს.  ასეთია იგი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრის -“ გელა მუხაშავრიას კლინიკის”დირექტორი და კოლოპროქტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი ან, უბრალოდ, ექიმი გელა მუხაშავრია!


ამ გვარითა და სახელით, ყველა რეგალიის გარეშე, მას უკვე იცნობენ, ახსოვთ და ენდობიან.


გასულ წელს საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭეს. კარგა ხნით ადრე ჯანო ბაგრატიონმა დაწერა, გელას საპატიო თბილისელობას თუ მიანიჭებენ, ამით დოკუმენტს შექმნიან, თორემ ჩემთვის იგი  კარგა ხანია, ამ წოდების მატარებელიაო. გელა კი ამბობს: ჯილდო ჩემთვის ისაა, ამ ქალაქში რომ გავიზარდე. თბილისმა მასწავლა  ყველაფერი და მასზე ლაპარაკს რომ ვიწყებ, ასე მგონია,  ვინმეზე ვამბობ და არა -  რამეზე. ბედნიერი ვარ  ჩემი თაობის გოგოებით და ბიჭებით, სულ ჩემთან რომ არიან და აბა, მაგათ აწი რაღა დამავიწყებსო.



მიუხედავად იმისა, რომ  კარგა ხანს უმამოდ იზრდებოდა (მამა საკონცენტრაციო ბანაკიდან თავდახსნის შემდეგ კომუნისტებმა გადაასახლეს და სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა ოჯახში), გელა ბედის ნებიერად მიიჩნევს თავს, რადგან ცხოვრებამ სიკეთით, ნიჭიერებით, მამულიშვილობით გამორჩეულ ადამიანებს შეახვედრა და დაამეგობრა. 


ამბობს. რომ  ძალიან მაგარი თაობიდანაა, სამოციანელებს რომ იხსენებენ, ტარზანებივით  რომ დადიოდნენ, ზურნა-დუდუკზე ქეიფობდნენ, „ჯაგი-ბუგებს“ იცვამდნენდა სიმართლისთვის, უიარაღოდ, არც მუშტი-კრივის გამართვას ერიდებოდნენ.


ლაშა თაბუკაშვილმა  გელას  „საქციელის თაობის“ კოლორიტული წარმომადგენელი უწოდა, როცა ზნეობრივი აბსოლუტისკენ სწრაფვა ლამის მესანგრე-გამნაღმველის პროფესისას ედრება, რადგან პირველივე შეცდომა შეიძლება,საბედისწერო აღმოჩნდეს!...


ამ „საქციელის თაობას“ ჩვენი მამების თაობა ჰქვია და მათგან  ბევრი რამის  მოსმენა   და სწავლა შეიძლება.


- არა, ტოოო, რუსთაველზე რო გავივლიდი, ქუდი თუ გეხურა, შენზე უფროსს მოუხდიდი; ქალს გზას დაუთმობდი, რაღაცით ხომ უნდა გამოგეხატა მოკრძალება; მისალმებით დაიღლებოდი, იმდენ ნაცნობს  ნახავდი. მე აქ გალაკტიონიც მინახავს ლაღიძის წყლების წინ, ჭადართან უყვარდა დგომა და იმ ჭადარს გალაკტიონის ჭადარს ეძახდნენ, ახლახან, წინა ხელისუფლების დროს  ფესვებიანად რომ ამოგლიჯეს.  აი, ნახეთ, კაბინეტში დღემდე მუხრანის ხიდის ფოტო მიკიდია. ეს ის ხიდია, ბარათაშვილის  ხიდის ადგილზე რო იყო; მე ის მტკვარი მენატრება, აგერ რიყეზე რომ იშლებოდა და საბანაოდ ჩავდიოდით, ზაფხულში ვგრილდებოდით, ბაღებს რწყავდნენ. ახლა ეს მტკვარი რაღაც  მოთვინიერებულ, შებორკილ, უხალისო მდინარეს ჰგავს ... მიხარია, ახალ  ქუჩებს რომ აკეთებენ, ასფალტს აგებენ, ხეებს რგავენ, სახლებს აშენებენ. აბა რაა, ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია და ვითარდება, მაგრამ აქაურობამ ის არ უნდა დაკარგოს, რაც ყველასგან გამოარჩევდა - ეს იყო  ურთიერთობების  ქალაქი,  თბილისს ხმებიც კი გამორჩეული ჰქონდა. დილაუთენია წყნეთელი მემაწვნე  დაიძახებდა   და პირველი გაზაფხულის იებს და ყოჩივარდებს ის მოიყოლებდა,  ყვავილების მიწაც ჩამოჰქონდათ და ქალები ქოთნის ყვავილებს ახარებდნენ... მერე  „ნოჟ, ნოჟნიცი,  ტაჩილკა“ დაიძახებდა; „ზეეეეეელენ“ შემოგვძახებდა ხელში მწვანილიანი  ბაჯი; მერე ტრამვაი გაივლიდა რახრახით, ზაფხულში თითქმის ყველა ეზოში ნარდის და დომინოს  ჭახა-ჭუხი  იყო... ის დრო მევასება, თორემ სსრკ-ს ნოსტალგია კი არ მაქვს. ჰოო, მთელ ეზოში ერთი ტელეფონი რომ ჰქონდათ და  იყო გადაძახილ-გადმოძახილი, ვის სოფლიდან ურეკავდნენ ვის შეყვარებული... აბა, ახლა ყველას პერსონალური ტელეფონი აქვს და  ერთმანეთს ოჯახშიც აღარ ეკონტაქტებიან. რისი თქმა მინდა და ასე მგონია, მაშინ  ადამიანური ურთიერთობები უფრო დაცული იყო, უფრო ბუნებრივი და ხელშესახები. ამდენი შენ-ჩემობა და  გაუტანობა არ იყო. საერთო ზეიმები  ჰქონდა ქვეყანას და ადამიანებს უფრო მეტი  სიხარული  აერთიანებდა!…რა მომწონს? რა მომწონს და ყველაფერი, რაც ამ ქვეყნის სიკეთეს  და უკეთეს მომავალს უკავშირდება. მოვესწარი  იმასაც, რომ ამ ქვეყანას ქალი ეყოლება პრეზიდენტი.ჩემ ირგვლივ ბევრი თანამდებობის პირი ქალი მინახავს და ვამბობ, ქალები კაცებზე უფრო ერთგულნი, პასუხისმგებლიანნი, შრომისმოყვარენი და პრინციპულებიც კი არიან.  ეს ქვეყანა ღვთიშობლის წილხვედრია და ქალის სახელს საქართველოში  ბევრი სიკეთე უკავშირდება. ვფიქრობ, არც ამჯერად გაგვიცრუვდება იმედი… იმედი ვახსენე და უნდა გითხრათ, იმედიანი  კაცები და იმედიანი ქალები გვჭირდება ახლა, იმედების გამართლება უნდა დაიწყოს, რომ ბეწვის ხიდიდან მაგისტრალებზე გადავიდეთ. მჯერა, ასე იქნება!

 

 ამ იმედიანი სიტყვების ავტორი  იუბილარია.


წლების წინ გიზო ნიშნიანიძემ  ეს დღე ასე მიულოცა მას:


- ძმა ხარ არა დედით, არა მამით... დედაქალაქით, თბილისელობით. სადღა არიან შენისთანა კაი ყმები? ისე იცვლება დროც და ადამიანიც, ასე მგონია, კაცს სწორი ნაწლავიც აღარ შერჩა სწორად და ბრმა ნაწლავიც აღარაა ბრმა, რომ ვერ ხედავდეს, რა დღეში არიან ადამიანები ან ამ წუთისოფელს რა ზნეც სჭირსა, მაგრამ  ბევრის იმედად მეგულები გელა მუხაშავრიაო!!

 ახლა  ჩვენც ვულოცავთ ბატონ გელას ხალისიანი, ნათელი დღეების  იმედით!
გვჯერა, მიმლოცველები კვლავაც ბევრი ეყოლება და თითოეულთან სამადლობელი ლექსად  გამოგვატანა:

 „ბევრი ტკივილი ვატარე, დარდებიც ამიტანია,

ვერ შევეგუე არტახებს და ლელოც გამიტანია.

მადლობა, ვისაც გიყვარვართ, მე ყველას ვარქმევ ჩემიანს,

 თუკი გაიგეთ ვინა ვარ, ეს კარგი განაჩენია!

 

ნინო კვაჭანტირაძე

 

 

 

big_banner
არქივი