logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: 11 დეკემბერი ზურა შევარდნაძისთვის განსაკუთრებულია და თუ რატომ, აქ წაიკითხავთ...
- +

13 დეკემბერი. 2018. 02:51

 

 

ზურა შევარდნაძეს აქამდე იუმორისტად და მებაღედ იცნობდით, ახლა წერა დაიწყო და იმდენი გულისგამთბობი ისტორიები დაუგროვდა, რომ ზამთარში, ბაღისგან ცოტათი გამოთავისუფლებულმა, იქნებ ამ ისტორიების მოსაყოლად მოიცალოს. დღევანდელი დღე (11 დეკემბერი) მისთვის განსაკუთრებულია და თუ რატომ, აქ წაიკითხავთ:

 

„ესმა ბებია ასკანელი თალაკვაძის ქალი იყო, ლადიმე ბაბუბუასთან ერთად წულაძეების ოჯახში, ბახვში 80 წელი იცხოვრა. ერთი ქალი, ქეთო და 4 ვაჟი, შალვა, შოთა, შაქრო და გაბილა გაზარდა. შაქრო და გაბილა ტყუპები იყვნენ, ახოვანი და კარგი შესახედები, ლაღები ყოფილან, მხიარულები და უსაშველოდ შრომისმოყვარენი, დიდი ოჯახი ჰქონდათ.

 

მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან ძალიან მალე ისე, როგორც თითქმის ყველა ოჯახში მოსულა წერილი, ორ უფროს ვაჟს შალვას და შოთას ომში იწვევდნენ. მშვიდად შეხვედრია ბებია ამ ამბავს. ვახშამზე, შუაცეცხლთან ტყუპ ძმებს უთქვამთ, როგორ დავრჩებით შინ, როცა ჩვენი ორი ძმა ომში მიდის, ჩვენც წავალთ და მაათთან ერთად ვიომებთო. არ შეეწინააღმდეგა შვილებს მამა, ყვებიან, რომ ესმა ბებიამ გადაწყვეტილება ბიჭებს მოუწონა კიდეცო.

 

ოზურგეთის რკინიგზის სადგურიდან ბევრი ბახველ ახალგაზრდასთან ერთად ესმამ და ლადიმემ 4 ვაჟიშვილი გააცილა ომში, მაგრამ იმასაც ყვებიან, ესმას კურცხალი არ გვინახავსო, იდგა გამეხებული და გულში ლოცულობდაო, თავისთვის...

 

სადგურიდან სოფელში ფეხით დაბრუნებულა ლამის მთელი სოფელი, დუაბზუში ესმა თანასოფლელებს გამოეყო და ასე ისურვა - ბჟუჟის რიყეს მართო გაუყვა თურმე . რიყეზე კარგად მოზრდილი გახვრეტილი ქვა უპოვნია, ცახოცისთვის ნაპირი ჩამოუხევია და გულზე დაუკიდებია. ეს ამბავი ზუსტად არავინ იცოდა, ქვას საგულდაგულოდ მალავდა თავსაფრებისა და ხილაბანდების ქვეშ. ის კი ყველამ დანამდვილებით იცოდა, რომ სახლში დაბრუნებულს ლეიბი დაბლა ჩამოუგდია და ექვს წელიწადზე მეტი, კაბაგაუხდელს ძელის ტახტზე, ფარდაგზე ეძინა.

 

ომში ბახვიდან წასული ბიჭების უმრავლესობა ქერჩში დაიხოცა, სოფელში არ დარჩა ოჯახი, ვინც არ გლოვობდა, დაობლდნენ შვილები, დაქვრივდნენ ქალები, კვირაში ორჯერ, სამჯერ შეიცხადიებდნენ თურმე ხან რომელ და ხან რომელ მეზობელს, მოყვარეს, ნათესავს. ჩვენი სოფლიდან წასული 128 ჯარისკაცი არ დაბრუნებულა შინ. ესმა ბებიამ ყველა იგლოვა, ყველაზე შავი ატარა, ყველა შეიცხადა და საკურთხი უკეთა. თითონ კი რატომღაც, დარწმუნებული იყო, რომ მისი ოთხივე შვილი დაბრუნდება, ვერავინ ვერ უბედავდა შეკითხვას, ცხოვრობდა, შრომობდა, ელოდა..

 

გათავდა ომი, დაბრუნდა შალვა, დაბრუნდა ტყუპისცალი გაბილა, დაბრუნდა შოთა, არ ჩანდა შაქრო.. ესმა ბებიამ ზუსტად იცის, რომ ისიც დაბრუნდება. ომის დაწყებიდან ექვსი წლის თავზე, ტყვედ ნამყოფი, ნატანჯი, მაგრამ უვნებელი დაბრუნდა ისიც. მთელი სოფელი მიყოლია შინ შაქრო ბაბუას, ესმას და შაქროს შეხვედრის ამბავს ბევრი ყვება დღესაც. ესმას თვალზე მაშინაც არავის დაუნახავს კურცხალი, მიიღო შვილი, ჩაიკრა, შუბლზე აკოცა, წაღმა დაატრიალა, ხელები ცაში ააპყრო, ღმერთს მადლობა უთხრა, ყველას თანდასწრებით ცახოცი მოიხადა, გულისპირი შეიხსნა, გულიდან გაპრიალებლი, ტარებისაგან კიდეებ დაბლაგვებული ქვა მოიხსნა და ღობეზე დაკიდა, ვითომ და, აქ არაფერიო, მეზობლებს თხოვა - მომეხმარეთ მეზობლებო, დღეს ჩემს ოჯახში ლხინია და სუფრა გამაშლევინეთო.

 

შარშანდლამდე ეკიდა ეს ქვა ესმა ბებიას ღობეზე, ვერავინ გაბედა ამდენი წელი მას შეხებოდა.

 

დიდი ნაგრამი დარჩა ბებიას, ვერავინ გაბედა შვილისთვის მისი სახელის დარქმევა.

 

შარშან, 11 დეკემბერს ჩემი შვილი დაიბადა, ჩავედი გურიაში, ვამცნე ოჯახს და ნათესავებს ჩემთვის უსაშველოდ სასიხარულო ამბავი და მათგან ვითხოვე უფლება, მისთვის ესმა დამერქმია იმის იმედით, რომ ჩემი ესმა ცოტათი მაინც დაემსგავსებოდა დიდ წინაპარს. ქვა კი თან წამოვიღე, ავწონე, კილოგრამს 50 გრამი აკლია...

 

ზუსტად ასი წელი იცხოვრა ბებიამ, თავიც არ წამოტკივებია..

 

დღეს ჩემი ესმა ერთი წლის გახდა, ძლიერი გოგო ჩანს..“

 

ნინო კვაჭანტირაძე

 

ნინო კვაჭანტირაძე-ს ფოტო.

 

 

 

 

big_banner
არქივი