logo_geo
„დიღმის პოლიციამ მითხრა, კარი არავის გაუღოო“ - სად არის ცისფერი „ჟიგული“ და რა ინფორმაციას მალავს ოჯახი
- +

ავტორი ილონა ცაცუა

19 დეკემბერი. 2018. 15:16

 

„ლეგენდარული კორპუსი“ - ასე მოიხსენიებს დიღმის მასივის მოსახლეობა იმ კორპუსს, სადაც ერთ-ერთი ბინის აივანს 26 წლის განმავლობაში ცისფერი „ჟიგული“ „ამშვენებდა“. მიზეზი, რის გამოც ავტომანქანა მეოთხე სართულის აივანზე აღმოჩნდა, 90-იანი წლებია - პერიოდი, როდესაც ქურდობა და ძარცვა გახშირებული იყო.  მეზობლის, დავით მაისურაძის იუმორნარევი რჩევით კი, მეპატრონემ მანქანა თავისი ბინის აივანზე განათავსა. ფიქრობდა, მანქანა ასე უფრო უსაფრთხოდ იქნებოდა.

 

ცისფერ „ჟიგულს“ უცვლელი ადგილი 2018 წლის 2 დეკემბერს შეუცვალეს. ეს მოხდა მფლობელის, ბატონი რეზოს გარდაცვალებიდან წელიწად-ნახევარში. მეზობლების ინფორმაციით, მანქანა სავარაუდოდ გაყიდეს, რადგან ოჯახს ფინანსურად უჭირს. გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება რეზოს მეუღლემ, ქალბატონმა რუსუდანმა მიიღო.  რამდენად გაიყიდა მანქანა და ვინ იყიდა ცისფერი „ჟიგული“, ამაზე ზუსტი პასუხი მეზობლებს არ აქვთ. მათი ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ მანქანა კოლექციონერმა იყიდა, მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ „ჟიგული“ სოფელში გაყიდეს, რადგან ის ქალაქში გამოუსადეგარი იქნებოდა. მეზობლებმა გვირჩიეს, დეტალების გასაგებად ქალბატონ რუსუდანს არ მივაკითხოთ, რადგან ოჯახი კარჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს და მათთვის ცისფერი „ჟიგულის“ თემა ნაკლებ საინტერესოა.

 

მეზობლების რჩევა არ გავითვალისწინეთ და მანქანის მეპატრონესთან მაინც მივედით. ქალბატონმა რუსუდანმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა. დაახლებით 40 წუთის განმავლობაში კარზე კაკუნმა და ზარის დარეკვამ, როგორც ჩანს, იგი გააღიზიანა. ბოლო დაკაკუნებაზე ქალბატონმა რუსუდანმა აგრესიულად გვითხრა, რომ უცხოებს კარს არ უღებს და მოგვიწოდა, დაგვეტოვებინა ტერიტორია.  ,,რა გინდათ? ვინ ხართ? როგორ შეიძლება ასეთი ძალადობა? მე უცხოებს კარს არ ვუღებ. დიღმის პოლიციამ მითხრა, უცხოებს კარი არ გაუღოო“, - დახურულ კარს მიღმა ისმოდა მისი ხმა. ეს იყო ერთადერთი კომენტარი, რომელიც 2 დღის განმავლობაში, რამდენიმე ვიზიტის შემდეგ მოვიპოვე.

 

საინტერსოა, რა მოტივით აუკრძალა დიღმის პოლიციამ  ქალბატონ რუსუდანს, რომ უცხოებს კარი არ გაუღოს და რატომ ასაიდუმლოებს თავად ოჯახი მანქანის შესახებ დამატებით ცნობებს? ეს კითხვები პასუხგაუცემელია. ასევე უცნობია ცისფერი „ჟიგულის“ ახალი მფლობელი და ადგილსამყოფელი.

 

მანქანის მფლობელისგან განსხვავებით, მეზობლები სიამოვნებით გვაწვდიან ცნობებს. მათი განცხადებით, მეპატრონეებს მანქანის აივნიდან ჩამოტანის მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდათ. პირველ მცდელობაზე, ამწის დასაქირავებლად ოჯახს საკმარისი თანხა არ აღმოაჩნდა, ამიტომ მანქანა აივანზე დარჩა. მეორე შემთხვევაში კი მიზეზი სულ სხვაა. ქვედა სართულის მცხოვრებმა მეპატრონეს უთხრა, რომ მიშენებული აივნის კაპიტალურ გადახურვას აპირებდა და მისი მანქანა ხელს უშლიდა. იმ პერიოდში ბატონი რეზო ცოცხალი იყო და წინააღმდეგობა არ გაუწევია. თუმცა მესამე სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა აივნის გადახურვამდე ბინა გაყიდა, რის გამოც მანქანის  ჩამოტანის გეგმა ვერ შესრულდა. ბინა გიორგი საბანაძემ იყიდა. ის ახლა ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მას არანაირი შიშის მომენტი არ ჰქონია. აგვიხსნა, რომ მიშენებული ფართი თავის დროზე კარგად აშენდა. მყარი კონსტრუქციაა და არ ეშინოდა  მანქანის ჩამოვარდნის. ეცინებოდა, როდესაც უწევდა თქმა, რომ მანქანის ქვემოთ ცხოვრობს. ეს ფრაზა თავიდან  გაკვირვებას იწვევდა მის ნათესავებში. გიორგი იხსენებს, რომ მანქანას ძალიან უვლიდნენ. რეცხავდნენ, წმენდნენ. „რომ ჩამოიყვანეს, ისეთი სუფთა იყო, აი, ამას ბევრად სჯობდა“, - გიორგიმ ეზოში გაჩერებულ „ფოლკსვაგენის“ მარკის დამტვერილ მანქანაზე მიმითითა.

 

ამ უჩვეულო ფაქტმა კორპუსის იურიდიულ მისამართს ფუნქცია დაუკარგა. შეიძლება არ იცოდნენ, რომელია  დიღმის მასივის მე-4 კვარტლის მე-19 კორპუსი, მაგრამ როგორც კი ახსენებთ აივანზე მდგარ ცისფერ „ჟიგულს“, ყველა ღიმილით მიგასწავლით გზას ამ კორპუსისკენ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი