logo_geo
ქეთევან მელიქიძე: როგორი უნდა იყოს მწერალი? აი ასეთი, ბუნებისა და ადამიანის სულის სიმღერა რომ ესმის!
- +

20 დეკემბერი. 2018. 23:40

 

რევაზ ინანიშვილი ჩემი თაობისათვის ის მწერალია, რომლის ყოველი სიტყვაც მეხსიერებას ბავშვობაში განცდილი სასწაულივით შემორჩა. როგორი უნდა იყოს მწერალი? აი ასეთი, ბუნებისა და ადამიანის სულის სიმღერა რომ ესმის. რა ვქნა, მწერალზე უკეთ ვერაფერს ვიტყვი.

 

როცა ჩემმა შვილებმა წიგნის კითხვა დაიწყეს და რჩევა მთხოვეს, სწორედ ინანიშვილის მოთხრობები შევთავაზე, ისინიც ხომ ბებიის გაზრდილები იყვნენ და ყველაზე უკეთ იგრძნობდნენ მწერლის სითბოს, რომელიც მისივე თქმით „თითქმის გრძნეული ბებიის გვერდით ყოფნამ მისცა“.

 

შეიძლება იმიტომ, რომ მეც დედა ვარ, შეიძლება სულაც იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი ჩანახატია, ყველაზე ხშირად ვკითხულობ „დედა“-ს.

 

მალე ალბათ მეც ვიქნები „თითებდამჭკნარი, მაჯებდაწვრილებული", შვილებისათვის მაინც იმედის მიმცემი და დარდის მიღმა გაღიმებული.

 

მოკლედ გადმოგცემთ შინაარს და მერე იქნებ თქვენც გადაავლოთ მოთხრობას თვალი. სოფელში ჩასული მწერალი ავადმყოფმა დედამ გააცილა სადგურისკენ, ფანარით ხელში წკვარამ ღამეს უნათებდა...

 

„მომყვებოდა იმ წკვარამში, მინათებდა გზას და მარიგებდა დედურად. დიდ დაღმართთან თვითონვე შეჩერდა, აწია ფარანი ცოტაზე, წაიღე შვილოო, შემეხვეწა ერთხელაც. მე გადავკოცნე ღიმილით, წადი- მეთქი ახლა!

 

მივაბრუნე. თითქოს გაბრუნდა, წავიდა კიდეც, მივიხედე და დგას ისევ, უჭირავს ის ფარანი, მეორე ხელიც შეუშველებია... ავედი მატარებელში, ის შუქი მხოლოდ პატარავდებოდა და არ იძვროდა. ვუყურებდი ვაგონის ფანჯრიდან და ვწყრებოდი დედაჩემის სიჯიუტეზე.

 

ის იყო და ის, ცოცხალი აღარ მინახავს დედაჩემი. დეკემბრის თექვსმეტში, ღამით, თერთმეტ საათზე უწვალებლად დალია სული და დამრჩა იმ ფარნის შუქი სამუდამო დარდად. რატომ იდგა იქ, იმ აღმართის თავზე , სიბნელეში და სიცივეში იმდენ ხანს? ნუთუ მართლა იმას ფიქრობდა, რომ ცოტათი ფარნით გზას? ნუთუ მართლა ეგონა, ცუდი რამე რომ მომწეოდა, უთუოდ მისწვდებოდა ქვემოდან ხმა?! თუ სულაც ცუდად გახდა, ჩაჯდა, ვეღარ წამოდგა და იყო ასე ფარანზე დაყრდნობილი?! კიდევ უარესი - სამუდამოდ ხომ არ მეთხოვებოდა იმ ფარნით?!

 

დავუნთებ ხოლმე სანთელს, დავიჩოქებ, მაგრამ ვერაფერს ვშველი ჩემს დარდს..."

 

(რევაზ ინანიშვილი)

 

ნეტავი მეც ასე შევძლო ჩემი შვილებისათვის გზის განათება...

 

20 დეკემბერი რევაზ ინანიშვილის დაბადების დღეა.

 

მისმა მეუღლემ მწერლის ხელნაწერები და წიგნები თსუ საჩუქრად გადასცა.

 

ქეთევან მელიქიძე

 

 

 

big_banner
არქივი