logo_geo
როგორ იქცა „დუხოვკაში“ გამომცხვარი პური მურმან ლებანიძის ცნობილი ლექსის თემად
- +

14 იანვარი. 2019. 17:10

ადამიანები ასაკობრივად სამ კატეგორიად იყოფიან - ბავშვობა, ახალგაზრდობა და... „რა კარგად გამოიყურები“. კარგა ხანია ამ, მესამე კატეგორიაში შევაბიჯე; ერთადერთი, რითაც სჯობს პირველ ორს, მეხსიერების „ბაგაჟია“; მეტი გინახავს და  მეტი გახსოვს. იმასაც ამბობენ, სიბრძნე ასაკთან ერთად მოდისო, მაგრამ ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა: ხშირად სიბერე მარტო გვიკაკუნებსო. არ ვიცი, ჩემს შემთხვევაში როგორაა, მაგრამ გასახსენებელი მართლაც ბევრი მაქვს. ბედმა დიდებული ადამიანების გვერდით გამატარებინა ცხოვრების დიდი ნაწილი და ამ საახალწლოდ  მინდა, ზოგი რამ გავიხსენო. საუბარი ეხება შესანიშნავ პოეტს და საოცარ კაცს - მურმან ლებანიძეს, რომელთან ერთადაც ბევრი დაუვიწყარი დღე-ღამე გამიტარებია. ამბავი გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში მოხდა. მოგეხსენებათ, მაშინ არ იყო კაზინოები და აზარტული თამაშების  მოყვარულები ოჯახებში ვიკრიბებოდით; ყველაზე მოდური თამაში პოკერი გახლდათ და  ზოგჯერ  ღამეებიც გვითენებია. იმ ხანად მწერალთა კავშირში ვმუშაობდი, ძალიან ახალგაზრდა კი ვიყავი, მაგრამ დიდებულ ქართველ მწერლებთან ერთად ხშირად მიწევდა მრგვალ მაგიდასთან ყოფნა. ივლისის იმ ცხელ დღესაც მოვხვდით შესანიშნავი ტელე რეჟისორის და საოცარი იუმორის მქონე, აწ გარდაცვლილი კაცის, ომარ შეშელიძის ოჯახში. ვაკის პარკის პირდაპირ  ოთხსართულიანი შენობის მეოთხე სართულზე საღამოსკენ შევიკრიბეთ. პირველ სართულზე კი ცნობილი პურის მაღაზია იყო (ამ ამბავთან რა კავშირშია, მოგვიანებით შეიტყობთ). ბატონი მურმანის გარდა იყო კიდევ ორი ცნობილი პოეტი, მათ გვარებს ვერ მოგახსენებთ ერთი მარტივი მიზეზის გამო - მათი თანხმობა არ მაქვს. ბატონ მურმანს ხშირად უთქვამს: პოკერში წაგება არ უნდა გეწყინოს, უნდა ჩათვალო, რომ ეს სიამოვნებაში გადახდილი ფულია.  რესტორანში რომ იქეიფებ, მეგობრებთან დროს გაატარებ და ამაში ფულს იხდი, უკან ხომ არავინ დაგიბრუნებს და არც გენანება, ასე უნდა მიიღო წაგებაცო. იმ საღამოს მურმანს აშკარად არ უმართლებდა, გამთენიის  სამ  საათზე ფული შემოელია. ერთი ხანობა  ფანჯარასთან განცალკევდა, ეტყობოდა, რომ თამაშის გაგრძელება უნდოდა, მაგრამ უფულოდ ამის გაკეთება არ იკადრა. ცოტა ხანში მასპინძელი გაიხმო და მორიდებით სთხოვა, შინ არაყი გექნება, ერთ-ორ ჭიქას დავლევ, ლენას (მეუღლე) ვეტყვი, რომ  ბიჭებთან ვიქეიფე და ამიტომაც შემაგვიანდა. სხვანაირად ნაღდი  კაცი იყო ომარ შეშელიძე, სტუმარ-მასპინძლობაც ასეთი იცოდა. ბატონი მურმანის ამ სიტყვებზე თამაში დამთავრებულად გამოაცხადა, მეუღლე გააღვიძა და სუფრის გაშლა სთხოვა. მერე ჩვენ მოგვიტრიალდა, მოგვიბოდიშა და თქვა: მურმანს რომ ფული ეთხოვა თამაშის გასაგრძელებლად, უარს ვეტყოდი, მაგრამ როდესაც მურმან ლებანიძე ჩემს ოჯახში ჭიქის აწევას ისურვებს, იქ ყოველგვარი სხვა საქმე უნდა დამთავრდეს.

 

დიასახლისმა სახელდახელო სუფრა გაშალა, მაგრამ... აღმოჩნდა, რომ პურის მაღაზიის თავზე მცხოვრებ ოჯახში პური არ იყო! შეწუხდა ქალბატონი და მცირე დრო ითხოვა. ცოტა ხანში „დუხოვკაში“ გამომცხვარი პური პირდაპირ ბატონ მურმანს მოართვა. მურმანმა შუაში გადატეხა, სახესთან მომიტანა და მეკითხება: მითხარი, რისი სუნი აქვს ამ პურსო. უძილობის თუ  დაღლილობის მიზეზით ძალიან პროზაულ ხასიათზე გახლდით და პურის-მეთქი, ვუპასუხე. მურმანს ჩაეცინა, სუფრა გაირინდა, ყველა მიხვდა, რომ რაღაც უცნაური, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი დაინახა და: ამ პურს სტუმრის პატივსაცემად ლოგინიდან ახლად ამდგარი დიასახლისის სუნი აქვსო. სუფრიდან კარგად გათენებულზე ავიშალეთ. ამ ხნის მანძილზე ბატონ მურმანს ხმა არ ამოუღია, აშკარად სხვაგან იყო ფიქრებით.

 

რამდენიმე დღის შემდეგ მწერალთა კავშირში მისულს, ოთახში ახალგაზრდების ჯგუფი დამხვდა, ერთი მათგანი ხმამაღლა კითხულობდა გაზეთში დაბეჭდილ მურმან ლებანიძის ლექსს:

მარეკები შლიდნენ ბანაკს,

ქარი ჩამიჩუმით ქროდა,

ვიწექ, რომელიღაც ბალახს

უცბად - ქალის სუნი ჰქონდა.

 

თითქოს ურო დამკრეს თავში,

თითქოს პაპაჩემი ცხონდა -

ათას სურნელოვან შვავში

ბალახს ქალის სუნი ჰქონდა.

 

სუნი ჰქონდა არა დალის,

ლალის, - ცისფრის ანუ თეთრის, -

სუნი - საზოგადოდ ქალის,

სუნი -  საზოგადოდ მდედრის…

 

ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი

სიკვდილს - შენ მაცოცხლო ვინძლო,

სანამ ვიცნო ეს სურნელი,

სანამ ეგ სურნელი ვიგრძნო!

 

ბატონი მურმანისთვის არასდროს მიკითხავს, ჰქონდა  თუ არა ამ ლექსს კავშირი ომარ შეშელიძის ოჯახში გატარებულ იმ ღამესთან და „დუხოვკაში“ გამომცხვარ უგემრიელეს პურთან, თუმცა ღრმად მწამს, რომ არც უმაგისობა იქნებოდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი