logo_geo
თემურ ლენგის „ჯავრი აუსრულებელი“, ანუ დაუფასებელი მეფე გიორგი VII
- +

12 იანვარი. 2019. 15:59

 

საქართველოს ისტორიაში მეტ-ნაკლებად ჩახედულთა გაკვირვებას გამუდმებით იწვევს ერთი ფაქტი: როგორ მოახერხა ამ პატარა ქვეყანამ, ორ ათეულ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში შეენარჩუნებინა სახელმწიფოებრიობა მაშინ, როდესაც მის გვერდით დაირღვა და პირისაგან მიწისა აღიგავა უდიდესი იმპერიები.

 

რომი, არაბეთი, ბიზანტია, პართია, მონღოლეთი, თურქმანები, ოსმალები, სპარსები და სხვა მაჰმადიანური ზესახელმწიფოები ერთმანეთს ცვლიდნენ, გამუდმებით მტრობდნენ საქართველოს და ლამის საკუთარ მოვალეობად მიაჩნდათ ამ პატარა ქვეყნის განადგურება თუ თავის რჯულზე მოქცევა. მაგრამ საბოლოოდ თავად მიდიოდნენ მოუსავლეთში, საქართველო კი ფერფლიდან აღმდგარი ისევ ზეობდა და აგერ, დღევანდლამდე მოატანა თავი.

 

დამპყრობელ-დამაქცევარზე საუბრისას იმასაც თუ გავაანალიზებთ, ვინ რა ზიანი მოგვაყენა, „პირველობაზე პრეტენზია“ აუცილებლად ექნება XIV საუკუნის ბოლოს შუა აზიაში მონღოლური ტომიდან გამოსულ გათურქებულ მიზანთროპ თემურ ლენგს.

 

რვაჯერ შემოვიდა საქართველოში, რვაჯერ გადაწვა და მოაოხრა რასაც მისწვდა, რვაჯერ შეაწყვიტა ათობით ათასი მოლაშქრე ამ ერთი ციდა ქვეყანას და საწადელი მაინც ვერ აისრულა — ქართველთა ჯავრი საფლავში გაიყოლა.

 

რამ გაამხეცა ნახევარი მსოფლიოს დამპყრობი კოჭლი თემური, რომლის ჯარსაც ვერაფერი დააკლეს ვერც ჩინელებმა, ვერც ინდოელებმა, ვერც ოსმალებმა და ვერც სისხლით მონათესავე მონღოლებმა? რატომ მაინცდამაინც საქართველო?

 

იმ დროს საქართველოში მეფობდნენ ჯერ ბაგრატ მეხუთე და შემდეგ მისი ძე გიორგი მეშვიდე. სწორედ ამ ორმა გვირგვინოსანმა დაუკარგა მოსვენება დიდ დამპყრობელს. საქმე კი ის იყო, რომ ქართველები ფლობდნენ კავკასიონზე გადმოსასვლელ უღელტეხილებს, საიდანაც თემურის სამფლობელოებს საფრთხეს უქმნიდა ჩინგიზ ყაენის იმპერიის ბოლო ნაფლეთი „ოქროს ურდო“ და მისი ყაენი თოხთამიში, რომელიც თავადვე აიყვანა ტახტზე.

 

თოხთამიშთან ქართველ მეფეებს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ, რადგან ეს უკანასკნელი არ გვერჩოდა და მხოლოდ სამხრეთისკენ სალაშქროდ გზის გახსნას გვთხოვდა. საქართველოს მეფეები დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. არჩევანი მეტად რთული იყო: თოხთამიშთან კავშირი გულისხმობდა თემურლენგთან ომს, ამ კავშირის გაწყვეტა კი „ოქროს ურდოსთან“ დაპირისპირებას, რომელიც არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენდა სამხრეთ კავკასიისათვის.

 

ეს მძიმე ამოცანა უნდა გადაეჭრა გიორგი VII-ს, რომლის მამას, ბაგრატ V-ს უკვე გამოცდილი ჰქონდა თემურლენგის ურდოების შემოსევის შედეგები.

 

სანამ თხრობას გავაგრძელებ, უნდა მოგახსენოთ, რომ გიორგი მეშვიდის მიერ არჩეულ გზაზე ისტორიკოსთა აზრი ორად იყოფა. ერთნი მიიჩნევენ, რომ თოხთამიშთან კავშირი იმ დროს უფრო მისაღები იყო და უნდა ებრძოლა თემურლენგის წინააღმდეგ, მეორე ნაწილის აზრით, თემურლენგის შემოსევები ნებისმიერ ფასად უნდა აეცილებინა თავიდან და ქვეყანა ეხსნა იმ განადგურებისაგან, რაც შუააზიელი დამპყრობლის შემოსევებმა მოუტანა საქართველოს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მეფე გიორგიმ ქვეყნის დაცვა და ბრძოლა გადაწყვიტა. 1398 წელს თემურლენგი ინდოეთისკენ დაიძრა. ქართველებმა დრო იხელთეს და თათრების ბატონობისაგან გათავისუფლება სცადეს. კავკასიაში ლაშქრობებისას ნახჩევანში ერთადერთი ციხე — ალინჯა დაურჩა თემურს აუღებელი. ამ ციხეში იყო გამოკეტილი ჯალაირიანთა დინასტიის უფლისწული თაჰერი. ინდოეთში წასვლის წინ ალინჯის ციხის ალყა თავის ძეს, მირანშაჰს გადააბარა თემურმა. მირანშაჰის სარდალმა ციხეს მაღალი კედელი შემოავლო, რათა ვერც ვერავინ გამოსულიყო და ვერც შიგნით შეეღწია ვერავის.

 

გიორგი VII-მ თავი მოუყარა ქართულ ჯარს, ჩრდილოეთ კავკასიიდანაც ჩამოიყვანა მეომრები და ნახჩევანისკენ დაიძრა. ქართველებმა და მისმა მოკავშირეებმა თათრები სასტიკად დაამარცხეს, უფლისწული თაჰერი გიორგიმ ციხიდან გამოიყვანა და საქართველოსკენ გამობრუნდა.

 

ეს ამბავი თავრიზში შეატყობინეს თემურლენგის ძეს, მირანშაჰს. ქართველები უკვე შინ ბრუნდებოდნენ, როდესაც თავრიზიდან წამოსულ მონღოლთა ლაშქარს გადააწყდნენ. ქართველებმა მონღოლები ამჯერადაც სასტიკად დაამარცხეს და უკუაქციეს.

 

ინდოეთიდან დაბრუნებული თემურლენგი ცხადია, ამ ამბავს ვერ შეურიგდებოდა და საგულდაგულოდ მოემზადა საქართველოზე სალაშქროდ. 1399 წელს მისი ურდოები ჰერეთ-კახეთს შეესივნენ. დიდთოვლობის მიუხედავად, ბრძოლა მთელ თვეს გაგრძელდა. ქართველები თავგანწირულად იცავდნენ თავს, მაგრამ მტრის რიცხმრავლობას თავისი გაჰქონდა და ჰერეთის მმართველი ხიმშია ჯარითა და აყრილი მოსახლეობით ტყეს შეეხიზნა.

 

თემურლენგის ბრძანებით ჭრიდნენ თუთისა და კაკლის ხეებს, კაფავდნენ ბაღ-ვენახებს, ბოსტნებს, ანგრევდნენ სალოცავებს, სასახლეებს, ციხეებს, ერეკებოდნენ საქონელს. დიდთოვლობამ ცოტა შეაყოვნა თემურის „საგმირო“ საქმეები, რადგან ცხენების საკვები გამოელია და მცირე ხნით უკან გაბრუნდა.

 

მომდევნო წლის გაზაფხულზე კი უზარმაზარი ლაშქრით ახლა ბარდავიდან შემოვიდა საქართველოში. გიორგი მეფეს ელჩის პირით მორჩილება და სულთან აჰმედ ჯალაირის შვილის, თაჰერის გაცემა მოსთხოვა. მაგრამ მეფეს ორივე მოთხოვნაზე გამომწვევი პასუხი შეუთვლია. ხოლო თაჰერის შესახებ უთქვამს, „არ არის ჩვენ ნათესავთ წესი, რომ შეხვეწილი კაცი ვისმე მივსცეთო“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სწორედ ამ ნაბიჯს უთვლიან მეცნიერები გიორგი მეშვიდეს უგუნურ გულადობად, მაგრამ, ჩემი აზრით, „ვეფხისტყაოსანზე“ აღზრდილ ქართველ მეფეს არ შეეძლო, ნაზრახი სიცოცხლისთვის სახელოვანი სიკვდილი არ ერჩია.

 

1400 წელს ისევ შემოესია თემურის ლაშქარი საქართველოს. გიორგი მეფემ გოგჩის ტბის მიდამოებში გაუმართა ბრძოლა მტერს. ქარიან ამინდში ისე განალაგა ჯარი, რომ „აყრიდა მტუერსაა პირსა ლაშქარსა ლანგ-თემურისასა“.

 

ქართველებმა დახოცილთა გორები დააყენეს, მაგრამ მათ სიმრავლეს არაფერი აკლდებოდაო, მოგვითხრობს ახალი ქართლის ცხოვრების ავტორი. საღამოსკენ, ბრძოლით გადაღლილ ქართველებს თემურმა თავად შეუტია ახალ რაზმებით. და ვეღარ გაუძლეს ამდენს, ხმლის პირები დაუბლაგვდათ ქართველებს და უკუიქცნენ. თემურმა აიღო თბილისი და ახლო მდებარე ციხეები, მერე მუხრანის ველზე დაბანაკდა და ნადირობა გამოაცხადა გიორგი მეფეზე. ციხეს ციხეზე იღებდა, მაგრამ მეფის მოხელთება ვერ მოახერხა. გიორგიმ ყველა ჯერზე გაარღვია ალყა და თანმხლებ ამალასთან ერთად დასავლეთ საქართველოში გადავიდა.

 

დაიღალა კოჭლი თემური ქართველი მეფის დევნით და გავიდა საქართველოდან.

 

თემურის წასვლისთანავე დაბრუნდა გიორგი მეშვიდე უკან და სახელმწიფო საქმეების მოგვარებას შეუდგა. ჯერ დვალეთი დალაშქრა, რადგან ვირშელ ერისთავს იმ დროს აუჯანყდნენ, როცა მტერი ქართლში იყო შემოსული.

 

ეგვიპტეში სალაშქროდ წასულ კოჭლ თემურს ისევ „გაახსენდა“ საქართველო. ჯარი ორად გაჰყო და ერთი ნაწილი ქართველებს შემოუსია. გიორგი მეფემ ამჯერად დიპლომატია არჩია, მტერს მოციქულები შეაგება და ზავი შესთავაზა.

 

ზავი კი დაიდო, მაგრამ 1402 წლის შემოდგომაზე, ოსმალთა სულთან ბაიაზიდის დამარცხების შემდეგ, თემური მერვედ შემოიჭრა საქართველოში.

 

სპარსული წყაროების თანახმად, ამ ლაშქრობის მიზეზი ის იყო, რომ გიორგი მეშვიდემ ზავის პირობები არ შეასრულა. თემურლენგმა ამჯერად დასავლეთ საქართველოც დალაშქრა. შვიდასამდე სოფელი ააოხრეს თათრებმა, მაგრამ მერე ხშირმა ტყეებმა და ჭაობიანმა ნიადაგმა შეაფერხა მტერი. თანაც ზამთარი ახლოვდებოდა და გზების შეკვრის საშიშროება ექმნებოდა უზარმაზარ ჯარს. და ახლა უკვე თავად დამპყრობელმა ითხოვა ზავი. როგორც იქნა, გაეცალა საქართველოს. 1405 წელს კი ქართველთა მაოხარი გათურქებული მონღოლი მიიცვალა.

 

გიორგი მეფე დანგრეული ქვეყნის მოწესრიგებას შეუდგა. ჯერ აქ დარჩენილი თათრები გარეკა, შემდეგ შეტევაზე გადავიდა. არსებობს ცნობა, რომ გიორგის თათრები შეუვიწროვებია ანისსა და არზრუმში და თავრიზამდეც ჩასულა. ირანის იმდროინდელმა მმართველმა, თემურის შვილიშვილმა ომარმა, ჯარი შეკრიბა და ქართველთა დასჯა გადაწყვიტა. გიორგი მოულოდნელად დაესხა თავს და თავრიზისაკენ გადარეკა მტერი. ამასობაში, კოჭლი თემურის იმპერიის ნანგრევებიდან თავი წამოყო ახალმა ძალამ, რომელიც ისტორიაში ცნობილია „შავბატკნიანების“ (ყარა ყოიონლუ) სახელით. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, სწორედ ნახიდურთან მათთან ბრძოლას შეეწირა გმირი მეფე გიორგი 1407 წელს.

 

ასე დასრულდა ცხოვრება მეფე გიორგი მეშვიდისა, რომელმაც 14 წელი ძლიერ და სასტიკ მტერთან ბრძოლებში გაატარა და რომლის ერთადერთი საფიქრალ-საზრუნავი ქვეყნისა და ქართველი ხალხის გადარჩენა იყო.

 

სამწუხაროდ, საქართველოში ვერსად ვერაფერს წააწყდებით ისეთს, რაც მართლაც გმირი მეფის ღვაწლზე მიუთითებს. არადა, გიორგი მეშვიდემ ნახევარი სამყაროს მბრძანებელსა და მპყრობელ თემურ ლენგს არაფრით დაანება ერთი ციდა მიწის ნაგლეჯი, რომელსაც მისი სამშობლო ერქვა.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი