logo_geo
თეა ფირცხალავა: ერთ-ერთი „ოსკარის“ გადაცემისას, ფედერიკო ფელინიმ ცრემლმომდგარ ჯულიეტა მაზინას მიმართა...
- +

22 იანვარი. 2019. 11:49

 

„როდესაც გიყვარს, უბრალო ადამიანი კი არა, არომატი ხარ, რომელიც ფეხით მიწაზე კი არ დგას, მის თავზე ლივლივებს...“

 

1920 წლის 20 იანვარს ქ. რიმინიში დაიბადა ამ საოცარი შედარების ავტორი ფედერიკო ფელინი. ჩემმა მკითხველმა იცის, რომ საოცრად მიყვარს დიდი ხელოვანების ეპითეტებით ან, თუნდაც, ოქსიმორონებით შემკობა, მაგრამ, ამ კაცის შემთხვევაში, ჩემს ამ „ნიჭს“ დავიოკებ და არ დავწერ, რომ საშინლად გენიოსი იყო... სამაგიეროდ, მის ფილმებს შეგახსენებთ, რომლებიც ყველაზე კარგად დაახასიათებენ მას: „გზა“, „კაბირიას ღამეები“, „ამარკორდი“, „ორკესტრის რეპეტიცია“, „ტკბილი ცხოვრება“ - რომლის წყალობითაც (პირველად საქართველოს და, შემდეგ კი, მსოფლიო ისტორიაში) გაჩნდა სიტყვა „პაპარაცცი“, იმ მნიშვნელობით, რომლითაც დღეს ვხმარობთ... ან მისი ფილმი „რვანახევარი“... აი, აქ გავჩერდები, რადგან რვანახევარი ფურცელი არ ეყოფა მასზე წერას და მისი ფილმების გარჩევას...

 

ერთ ფაქტს მაინც შეგახსენებთ: 1993 წელს, ერთ-ერთი „ოსკარის“ გადაცემისას, ფელინიმ დარბაზში მჯდომ და სიხარულით ცრემლმომდგარ ჯულიეტა მაზინას მიმართა:

 

„ნუ ტირი, ჯულიეტა!“...

 

რამდენიმე თვეში მათ „ოქროს ქორწილი“ უნდა აღენიშნათ, მაგრამ ფელინის ინსულტმა „გლიჯა“ და საავადმყოფოში აღმოჩნდა, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა. იგი ასიათასობით კაცმა დაიტირა და გააცილა სამარის კარამდე. დღეს მის საფლავზე არის გემის მაგვარი ობელისკი, რაც ფელინის ფილმის „და მიცურავს გემი...“-ს ასოციაციას იწვევს. მისი უახლოესი მეგობრის - ტონინო გუერას თხოვნით - ამ ობელისკზე გაკეთდა წარწერა:

 

„ჯულიეტა, ახლა შეგიძლია იტირო!“

 

ჯულიეტამ იტირა და 5 თვეში „მიეწია“ საყვარელ მეუღლეს... მანამდე დაიბარა, ქმრის ფოტოთი ხელში დამმარხეთო... რას არ გაიგებს კაცი?! მე მასე არ მინდა... ხომ გადავირევი, საფლავში თვალი რომ გავახილო და მურაზის ფოტო დავინახო?! თუმცა, რა მანერვიულებს?! არც მე ვარ ჯულიეტა და არც მურაზია ფელინი ან რომეო... ორივენი ბედკრული საქართველოს უბრალო მოკვდავები ვართ.... ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ როდესაც ფედერიკო ფელინის „კეთილი გენია“ ჯულიეტა მაზინა გარდაიცვალა, იგი, საყვარელი ქმრის ფოტოთი ხელში, მის გვერდით დაკრძალეს - რიმინის სასაფლაოზე.

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი