logo_geo
მაია კახიძე: ეჰ, ნამდვილად სხვა თბილისი იყო და მართლაც რამდენი რამ ვისწავლე იმ თბილისში...
- +

ავტორი მაია კახიძე

29 იანვარი. 2019. 03:20

 

დაახლოებით, 1995 წელს

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

(ამონარიდი ჩემი წიგნიდან „თბილისელი ქალის ჩანაწერები“)

 

ან ოდნავ მეტი ხნის წინაა ეს ფოტო გადაღებული. მშვენივრად მახსოვს, გამომცემლობა „სამშობლოს“ გვერდით, მაშინდელ ბელინსკის ქუჩაზე ცხოვრობდა ნანული სარჯიშვილი. ჰოდა, „ასავალ-დასავალიდან“ ინტერვიუსთვის მივაკითხე იმ გაგანია ზამთარში.

 

თან მახლდა ცნობილი ფოტოგრაფი, ზურაბ დათუაშვილი, ნანულისგან გამოსულს უარესად გაყინული დამხვდა ბელინსკის ქუჩის დაღმართი და აი, მაშინდელი ტანწერწეტა გოგო ისე ჩამოვსრიალდი როო...

 

ეს ის დროა, მთელი თუ არა, ნახევარი თბილისის კაი ბიჭები წერილებს რომ მწერდნენ, წიგნებს მჩუქნიდნენ, კაფეში მეპატიჟებოდნენ, ლექსებს და თაიგულებს მიძღვნიდნენ და მეც გულიანად ვხალისობდი.

 

ეეჰ, ნამდვილად სხვა თბილისი იყო და მართლაც რამდენი რამ ვისწავლე იმ თბილისში... ჰო, ჯერ კიდევ როდის მეცვა „ელასტიკები“...

 

სწორედ, ჩემზე წინ ჩასრიალებულმა ბატონმა ზურაბმა მოიხედა ჩემს ჟივილ - ხივილზე და მაშინ გადაიღო ეს კადრი, რომელიც სამუდამოდ დამრჩა იმ თოვლიანი თბილისის და ჩემი უთხილამურო სრიალის სამახსოვროდ...;

 

პ.ს. გასაოცარი კი სხვა რამეა. იმ ჩემს ბავშვობაში, გოგოობაში, სტუდენტობაში და მერეც, თოვლი სულ მოდიოდა თბილისში, თან ადრიანად და ხვავრიელადდ...

ახლა რა დაემართა, ნეტავ? თოვლიც ბრაზობს მგონი.

მართლაც სულ სხვაა თოვლით დაპენტილი თბილისი და მისი ბრწყინვალება. გავყურებდი დათოვლილ ქალაქს და ასე მეგონა, ამ ჩემს საყვარელ თბილისში, ხვალიდან უფრო მეტი სიყვარული ჩამოიფიფქებოდა ციდან.

არადა, დღესაც რომ ასე მგონია?!

 

სიყვარულით - თქვენი მაკო კახიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი