logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: 1954 წლის 29 იანვარს ოპრა უინფრი დაიბადა
- +

29 იანვარი. 2019. 13:58

 

 

ძალიან დილა მშვიდობის!

 

სწორედ ამ დღეს, 1954 წლის 29 იანვარს, დაიბადა შესანიშნავი ქალბატონი, რომელსაც ეკუთვნის ლამაზი ფრაზა - „რომ შემეძლოს, გავხდე ჩემს მაგივრად სხვა ვინმე, შევარჩევდი მხოლოდ თინა ტერნერს“!!!

 

სავარაუდოდ, მიხვდით, რომ საუბარია სხვანაირად მომხიბვლელ, პოზიტიურ და ნიჭიერ ტელეწამყვანზე, მსახიობზე, პროდიუსერზე, საზოგადო მოღვაწეზე ოპრა უინფრიზე...

 

ქალბატონზე, რომელიც ამერიკაში და არა მხოლოდ ამერიკაში ყველას უყვარს და ეძახიან აშშ-ის მთავარ თერაპევტს და ამერიკული ტელევიზიის ხატს...

 

მან რამდენჯერმე მიიღო შოუ-ბიზნესში ყველაზე გავლენიანი ადამიანის წოდება და ამავე დროს, ყველაზე მდიდარი ქალბატონია მსოფლიო შოუ-ბიზნესში...

 

მისი ნამდვილი სახელი გახლავთ - ორპა (და არა ოპრა) გეილ უინფრი. მშობლებმა ასე დაარქვეს ბიბლიური პერსონაჟის მიხედვით, მაგრამ ოჯახის წევრებს უჭირდათ სახელი ორპას გამოთქმა და თანხმოვნებს ადგილი შეუცვალეს... გამოვიდა - ოპრა...

 

მისი ცხოვრება მართლაც ზღაპარს ჰგავს... პირველად, საშუალო სკოლაში სწავლის დროს, მან ნეშვილის მუნიციპალურ დარბაზში, სადაც უბილეთოდ შეიპარა, ნახა ჯგუფი „The Jackson 5“-ის გამოსვლა, ხოლო 1993 წელს კი შედგა მისი ინტერვიუ მაიკლ ჯექსონთან, მომღერლის სასახლეში, რომელიც ნახა 90 მილიონმა ტელემაყურებელმა და ეს ინტერვიუ დღემდე რჩება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონედ...

 

ოპრა სკოლაში იყო ყველაზე პოპულარული გოგონა, მაგრამ ძალიან ცუდად სწავლობდა და იქცეოდა... გაერთო ნარკოტიკებით, მათ შორის კოკაინითაც...

 

როდესაც ახალი სათვალე დასჭირდა, და დედამ ყიდვაზე უარი განიცხადა, მოაწყო საკუთარი სახლის გაქურდვა...

 

9 წლის მას სექსუალური ტრავმა მიაყენეს ოჯახის ფაქტიურად წევრებმა... 15 წლის ასაკში დაფეხმძიმდა და გააჩინა ბიჭი, რომელიც გარდაეცვალა...

 

ამის შემდეგ, ოპრას შვილი აღარ ჰყოლია...

 

დედამ კი ის გააგზავნა ნეშვილში, მამასთან... გამოსასწორებლად...

 

გამოსწორდა...

 

ოპრას ბავშვობიდან ჰქონდა შესანიშნავი დიქცია და მეხსიერება... 3 წლის ასაკში მან ზეპირად იცოდა ნაწყვეტები ბიბლიიდან...

 

სწორედ ამიტომ, მან თავისით, ყოველგვარი დახმარების გარეშე, ჩააბარა აფროამერიკელებისთვის ყველაზე პრესტიჟულ ტენესის უნივერსიტეტში, კომუნიკაციის სპეციალობით. დღეს მას პიარ-მენეჯმენტს ეძახიან...

 

17 წლის ასაკში მან დაიწყო სტაჟირება ტელევიზიასა და რადიოში და გახდა ტელეარხ CBS-ის ყველაზე ახალგაზრდა კორესპონდენტი და ნეშვილის ტელევიზიის პირველი აფროამერიკელი ქალი-რეპორტიორი...

 

თავისი სერიოზული ტელეკარიერა ოპრამ დაიწყო WJZ-ბალტიმორის ახალი ამბების განყოფილებაში. მაგრამ ძალიან უჭირდა სხვისი დაწერილი ტექსტების წაკითხვა, თანაც გაყინული სახით... ერთხელ ტელეეთერში ატირდა რაღაცა ტრაგიკული ამბის მოყოლისას და ის სასწრაფოდ გადაიყვანეს დილის შოუში „ლაპარაკობს ბალტიმორი“... აქ გაიხსნა ოპრას იმპროვიზაციის ნიჭი და საოცარი იუმორი... სრულიად არაპოპულარულმა გადაცემამ, რომელსაც თითქმის არავინ უყურებდა, გადაინაცვლა რეიტინგის მეორე ადგილზე...

 

1985 წელს შედგა ოპრას კინოდებიუტი დრამაში - „იისფერი ველების ყვავილები“, სადაც სოფიას როლის შესრულებისთვის, ნომინირებული იყო „ოსკარზე“...

 

მაგრამ მისი სტიქია იყო ტელევიზია!!!

 

1986 წელს მან შექმნა საკუთარი პროგრამა „ოპრა უინფრის შოუ“, რომელიც 25 წლის განმავლობაში აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გადაცემად რჩებოდა... ყოველ საღამოს მას თვალყურს ადევნებდა 13 მილიონამდე ადამიანი...

 

სხვათაშორის, ოპრას ერთ-ერთი ბოლო შოუს სტუმრები იყვნენ პრეზიდენტობის კანდიდატი ბარაკ ობამა და მისი მეუღლე, მიშელი. სწორედ ოპრამ მოახერხა ის, რომ მისმა ტელეაუდიტორიამ თითქმის მთლიანად მხარი დაუჭირა ობამას...

 

1997 წელს ოპრამ შექმნა საქველმოქმედო ფონდი...

 

დაგისახელებთ მხოლოდ რამდენიმე ციფრს - მან 400 მილიონი დოლარი ჩარიცხა საგანმანათლებლო პროექტებში, 12 მილიონი დოლარი - აფრიკის კულტურისა და ისტორიის სნიტსონის მუზეუმის მშენებლობაზე, 10 მილიონი დოლარი - ქარიშხალი „კატრინას“ დაზარალებულებზე, იხდის 400-მდე სტიპენდიას...

 

ერთხელ, საკუთარი შოუს ყველა მონაწილეს აჩუქა 28-ათასდოლარიანი მანქანები „Pontiac G6“.

 

ოპრა ოფიციალურად გათხოვილი არ ყოფილა, მაგრამ 30 წელიწადზე მეტია, ცხოვრობს თავის სამოქალაქო ქმართან - ამერიკელ ბიზნესმენთან და პედაგოგთან, სტედმან გრეჰემთან... ისინი დაინიშნენ 1992 წელს, მაგრამ რატომღაც აღარ დაქორწინებულან...

 

აქვთ შესანიშნავი ურთიერთობები...

 

საერთოდ ოპრა, თავისი პრინციპულობის და ეკრანებზე ექსტრავაგანტობის მიუხედავად, საოცრად უკონფლიქტოა და ისეთი დადებითი აურა დაჰყვება, რომ სადაც კი არ გამოჩნდება, ყველა ცდილობს, ახლოს მივიდეს და ხელი მოკიდოს...

 

ოპრას ძალიან უყვარს ძაღლები... ჰყავს ორი კოკერ-სპანიელი - სოფი და სოლომონი და, რა თქმა უნდა, ლაბრადორები...

 

ოპრა ცხოვრობს კალიფორნიაში, ჩვენი საყვარელი სანტა-ბარბარას ახლოს, „The Promised Land“-ში, ხედით ოკეანეზე და მთაზე მონტესიტო... ასევე აქვს სახლი ნიუ-ჯერსიში, ბინა ჩიკაგოში, უძრავი ქონება მაიამის ახლოს მდებარე კუნძულზე, სათხილამურო სახლი ჰავაის კუნძულ მაუიზე...

 

მოკლედ, კარგად ცხოვრობს და ნამდვილად არის ამის ღირსი, რადგანაც ყველაფერს მიაღწია მხოლოდ საკუთარი ძალებით...

 

ოპრას ერთადერთი პრობლემა დღემდე რჩება - წონის შენარჩუნება... მას შეუძლია უმოკლეს ხანში დაიკლოს 20 კილოგრამი (28-ც მოუკლია) და ასევე უცებ - მოიმატოს... ბოლოს გაირკვა, რომ მისი პრობლემა დაკავშირებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციებში და უფრო მეტად ფსიქოლოგიურია... ამჟამად ის ფილოსოფიურად უყურებს კვების საკითხს...

 

გთავაზობთ მის რამდენიმე რჩევას...

 

  1. თქვენ უნდა დაგეგმოთ თქვენი კვება, როგორც ცხოვრება, იმის მაგივრად, რომ დღე-ღამის განმავლობაში უდროო დროს და არეულად მიირთვათ უაზრო საკვები, უნდა მკაცრად განსაზღვროთ თქვენთვის მოსახერხებელი დრო და ერთსა და იმავე დროს შეჭამოთ, პატარა, მაგრამ ცილებით სავსე ულუფები...
  2. ყოველთვის გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის, რისთვისაც შეადგინეთ საჭირო საქმეების სიები. მანიკიურის, მედიტაციისა და ვარჯიშის გარდა, ჩაწერეთ მათში კვების მიღება. არ იფიქროთ ის, რომ თუ გადაყვებით მუშაობას და 14 საათი არაფერს არ მიირთმევთ, გახდებით;
  3. მე ვერ ვიტან სპორტს, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ სხვა გზა იმისთვის, რომ დარჩე ტონუსში, ჯერ არავის გამოუგონებია... არ არის საჭირო მსოფლიო რეკორდების დამყარება, მაგრამ ყოველდღიური, თუნდაც 15- წუთიანი ვარჯიში აუცილებელია და არ მითხრათ, რომ 24 საათში 15 წუთს ვერ გამონახავთ;
  4. თუ გრძნობთ შიმშილის გრძნობას, ეს არ ნიშნავს, რომ ჭამა გინდათ. ზოგჯერ ორგანიზმი უბრალოდ ეძებს სიამოვნებას და ზედმეტი აზროვნება გვეზარება. საკვები ყოველთვის ხელთა გვაქვს და ორგანიზმსაც ამით ვაწყნარებთ...

 

ისე კი, გამახსენდა, ერთხელ დამირეკა ზურიკომ, რომელთანაც ერთად 20-მდე დიეტა მქონდა მოსინჯული - მარტო ეზარებოდა და გამომიცხადა ბედნიერი ხმით, რომ ამდენი წლის შემდეგ, როგორც იქნა მიხვდა, რა უნდა გააკეთოს გასახდომად. „მოდი და გაგანდობ საიდუმლოსო“...

 

რომ მივედი, ყურში ჩამიჩურჩულა - „რომ გახდე, თურმე... არ უნდა ჭამოო“.

 

ძალიან მიყვარს ოპტიმისტური ოპრას გამოთქმა - „გადააქციეთ თქვენი წარსული ჭრილობები სიბრძნედ... ჩვენ ვერასდროს ვერ გავხდებით ის, ვინც გვინდა, თუ დავრჩებით ისეთები, როგორიც ვართ!!!“

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და კეთილგანწყობილ დღეს!!!

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი