logo_geo
თეა ფირცხალავა: 1882 წლის 30 იანვარს ფრანკლინ დელანო რუზველტი დაიბადა
- +

30 იანვარი. 2019. 13:48

 

 

ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ ცნობილი ფრთიანი ფრაზა „He may be a S.O.B., but he's our S.O.B.“, ანუ, „ის შეიძლება ნაბიჭვარია, მაგრამ ჩვენი ნაბიჭვარი“, დღევანდელი იუბილარის ენიდან ნაჟურია.

 

1882 წლის 30 იანვარს ნიუ-იორკში დაიბადა ჰოლანდიური წარმომავლობის ამერიკელი პოლიტიკოსი, აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი და XX საუკუნის მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა ფრანკლინ დელანო რუზველტი, რომელიც სხვას არიგებდა, „ნუ წახვალთ პოლიტიკაში, თუ თქვენ მარტორქაზე თხელი კანი გაქვთო“ და თვითონ კი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს „გადაეშვა“ უზარმაზარ პოლიტიკაში, რომ აღარაფერი ვთქვათ მეორე მსოფლიო ომზე. ალბათ დღესაც კი, რუზველტი მცირეთაგან ერთ-ერთი ხელისუფალია – მსოფლიოს მასშტაბით – რომელიც აშშ–ის მოსახლეობის ყველა ფენას უყვარდა, ხოლო სხვა ქვეყნების ლიდერები დადებით ეპითეტებს არ იშურებდნენ. ასე იყო სტალინის შემთხვევაშიც, რომელიც დიდი სენტიმენტალობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ რუზველტს „კაპიტალისტებს შორის უძლიერესს“ უწოდებდა და პატივსაც სცემდა, ის კი არა და, ქართულ „ხვანჭკარასა“ და „ქინძმარაულს“ აგემოვნებინებდა ხოლმე იალტის კონფერენციის შუალედებში და ამბობენ, რომ ამერიკაშიც გაუგზავნია ყურძნის აკიდოები, რომელთა წყალობითაც, ლეგენდის თანახმად, კალიფორნიის თანამედროვე ღვინოები შეიქმნა... ეუფ, რას არ გაიგებს კაცი...

 

ამბობენ, რომ რუზველტი საოცარი განათლებით, საღი აზრით, სიტუაციის მომენტალურად შეფასებით, სწორი გადაწყვეტილებებით, გამბედაობით და ლავირების დიდი ნიჭით გამოირჩეოდა. როდესაც კანადის ცივ ტბაში ბანაობის შემდგომ 39 წლის რუზველტი პოლიომელიტით დაავადდა და ეტლს მიეჯაჭვა, სწორედ ამ თვისებების წყალობით შეძლო მან აქტიურ პოლიტიკაში დარჩენა, თავდაუზოგავად შრომა და ჯერ ნიუ-იორკის გუბერნატორობა, შემდეგ კი, არაერთხელ, ზესახელმწიფოს პრეზიდენტობა. პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში რუზველტმა შეიმუშავა „ახალი კურსი“, მიაღებინა 70 კანონი, დაადგინა სამუშაო კვირის საათობრივი ნორმა, აკრძალა ბავშვების შრომა, გააფართოვა პროფესიული კავშირების უფლებები, პენსიონერებს მისცა სოციალური დახმარების გარანტიები, ხოლო უმუშევრობის ლიკვიდაციის მიზნით, „ახალი კურსის“ ფარგლებში აშენდა 122 ათასი საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობა, 1068.6 კმ ახალი გზა, 77 ათასი ხიდი და 284 ახალი აეროპორტი. ხალხმა მიიღო სოცდაზღვევა, სამუშაო ადგილები და მუდმივი შემოსავალი. ყველაფერი ამის შედეგად რუზველტმა შეძლო ქვეყნის გამოყვანა ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან.

 

რუზველტი აუდიტორიის „დატყვევების“ დიდოსტატიც იყო. ამბობენ, რომ მსმენელთა ყურადღების შესამოწმებლად ხშირად იმეორებდა ფრაზას „გუშინ ბებია მოვკალი“ და თუ მსმენელი თავის კანტურით ეთანხმებოდა, ხვდებოდა, რომ ისინი სადღაც დაფრინავდნენ. პრეზიდენტი „ავადმყოფი“ ფილატელისტიც იყო. ბავშვობიდან აგროვებდა სხვადასხვა ქვეყნებში გამოშვებულ მარკებს და დღესაც კი შეუფასებელია მის კლასერებში დაცული უნიკალური მარკები.

 

რუზველტის მეუღლე იყო არანაკლებ ცნობილი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ელეანორა რუზველტი. მასზე ბევრი სტატუსი მაქვს დაწერილი. მათ ექვსი შვილი ჰყავდათ.

 

პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი გარდაიცვალა 1945 წლის 12 აპრილს, ფაშიზმზე გამარჯვების გამოცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი