logo_geo
თეა ფირცხალავა: 1848 წლის 20 იანვარს ალექსანდრე ყაზბეგი დაიბადა
- +

20 იანვარი. 2019. 15:59

 

 

„...სამშობლოვ, შენი ნაშობი - შენს წინ დავიხრი ქედსაო,

შენთვის სიცოცხლეს ვინატრებ, შევებრძოლები ბედსაო...“

 

აი, ამ დიდ ქართველს გალაკტიონმა „ხევის ბეთჰოვენი“ უწოდა:

 

„მე კავკასიის ქედები მთხოვენ, მე მთხოვს მუსიკა თერგის ხმაურის,

ვუსმინო ყაზბეგს - ხევის ბეთჰოვენს, აგუგუნება კაეშაურის...“

 

ვაჟა კიდევ უფრო შორს წავიდა და ცხოვრებით „ნაწამებს“ - უფლის დარად - ეკლის გვირგვინი დაადგა:

 

„... თავს დგმული ეკლის გვირგვინი ფერხთწინ დაუგდე გმირებსა...“

 

როგორც მიხვდით, დღეს „ხევის ბეთჰოვენის“ დაბადების დღეა.

 

1848 წლის 20 იანვარს სტეფანწმინდაში, ხევის მებატონის ოჯახში, დაიბადა სახელოვანი ქართველი მწერალი, მთარგმნელი, მსახიობი და, როგორც ამბობენ, „მთიულურის“ საუკეთესო შემსრულებელი ალექსანდრე ყაზბეგი. იგი დედისერთა ნებიერა იყო და შეძლებული მამა ყველანაირად „აფუფუნებდა“, ფულსაც უხვად აძლევდა და უამრავი „რეპეტიტორიც“ დაუქირავა, რომ უცხო ენებიც კარგად ესწავლა და სათანადო განათლებაც მიეღო. ასეც მოხდა. მართლაც განათლებული კაცი გახდა ალექსანდრე და უცხო ენების, მათ შორის ფრანგულის ცოდნით, მრავალ სტუმარს აოცებდა... დღეს რომ ნებისმიერი ადამიანი უცხო ენაზე ტლიკინებს, თუნდაც ხელ-ფეხის მოშველიებით, მაშინ ასე კი არ იყო?! რავარია, მწყემსი რომ გამართული ფრანგულით დაგიწყებდა ჭიკჭიკს... აი, ასეთი იყო ალექსანდრე ყაზბეგი... მამის სიკვდილის შემდგომ ბავშვობის ზღაპარი დასრულდა და ბედმა არცთუ ისე ნებიერი სიყმაწვილე, ბოლოს კი - მძიმე მოხუცებულობა არგუნა...

 

ამბობენ, ალექსანდრე უცნაური და მრავალწახნაგოვანი კაცი იყოო. ეს იმაშიც ჩანს, რომ ერთმა სახელმა არ დააკმაყოფილა და ორი ფსევდონომი აიღო: ლიტერატურისთვის - „მოჩხუბარიძე“, თეატრისთვის - „მოხევე“... აქ, უცებ, „ცისფერი მთები ანუ ტიანშანი“ გამახსენდა: „ორი სათაური რად უნდა, ჩემო სოსო?.. ჰოდა, იმას ვამბობდი, რად უნდოდა ორი ფსევდონიმი?! მოხევე თუ მოჩხუბარი არ იქნებოდა, ჩხუბის თავი ხომ ნაღდად ექნებოდა?! ისე, ამბობენ, რომ მართლა მაგრად ჩხუბობდა და ისროდა კიდეც ჩვენი „მოხევე“ „მოჩხუბარიძე“...

 

42 წლის ალექსანდრე ყაზბეგი გარდაიცვალა 1893 წელს, თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. დაკრძალულია სტეფანწმინდაში.

 

და ბოლოს, ამ დიდებული მამულიშვილის გახსენებას, კვლავ დიდი ვაჟას სიტყვებით დავასრულებ:

 

„...ცოცხლად იმედით მცხოვრებო, გთხოვ, იმათაც სცე ნუგეში!

პირობა ქართველებისა, ვგონებ, მიგყვება უბეში!..

უჩვენე შენი კალამი, ნაწები სისხლის გუბეში!“

აუუ... ჟრუანტელმა დამიარა...

 

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი