logo_geo
თეა ფირცხალავა: 1865 წლის 19 იანვარს რუსი ფერმწერი და გრაფიკოსი ვალენტინ სეროვი დაიბადა
- +

19 იანვარი. 2019. 17:40

 

 

თითქმის ყველა შედევრის ირგვლივ იქმნება ლეგენდა და ისტორია, რომელიც ზოგჯერ ტრაგიკულიცაა...

 

1865 წლის 19 იანვარს სანქტ-პეტერბურგში დაიბადა უდიდესი რუსი ფერმწერი და გრაფიკოსი, პორტრეტების დიდოსტატი ვალენტინ სეროვი, რომელსაც მეგობრები ანტონს ეძახდნენ. მასზე არაერთი სტატუსი მაქვს დაწერილი, მაგრამ დღეს შევჩერდები მის ერთ „სავიზიტო ბარათზე“, რომელსაც ყველა „იცნობს“, ისიც კი, ვინც ძალზე შორსაა ხელოვნებისგან. ესაა სეროვის „გოგონა ატმებით“, რომელზეც უდიდესი რუსი მეცენატის სავვა მამონტოვის 11 წლის ქალიშვილი ვერა მამონტოვაა აღბეჭდილი. სეროვმა ნახატს „ვ.მ.-ს პორტრეტი“ დაარქვა, მაგრამ... 1889 წლის ერთ-ერთ გამოფენას სტუმრობდა ასევე ცნობილი ფერმწერი იგორ გრაბარი და ნახატზე ატმის ფერებში ჩაცმული და გორის ატმებივით აღაჟღაჟებული გოგონა რომ დაინახა, ეგრევე შეჰკივლა, უი, რა საყვარელი გოგონაა ატმებითო, რის შემდეგაც ამ ნახატს სახელად „გოგონა ატმებით“ შემორჩა. მე რომ ვყოფილიყავი, „გორელ გოგონას“ დავარქმევდი... ეჰ, ბედი არ მქონია არც მე და არც გორელ გოგონას, თორემ ხომ შევიდოდით ისტორიაში? მოკლედ, „გოგონა ატმებით“ 22 წლის სეროვმა სავვა მამონტოვის აბრამცევოს მამულში დახატა, რომელსაც ხშირად სტუმრობდა ტურგენევთან, კოროვინთან, სურიკოვთან და სხვა დიდ მოღვაწეებთან ერთად. ვერა მამონტოვა დახატული ჰყავთ რეპინს, ვრუბელს, ვასნეცოვს...

 

ეს ნახატი სეროვმა გოგონას დედას აჩუქა, დღეს მისი ორიგინალი ტრეტიაკოვის გალერეას ამშვენებს, აბრამცევოში კი მისი ასლი ჰკიდია.

 

ჰოდა, ვერას ცუდი ბედი დაჰყვა. მართალია, კარგად გათხოვდა, ბედნიერიც იყო და სამი შვილიც გააჩინა, მაგრამ სულ რაღაც 32 წლისა ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. მისი ქმარი აღარ დაქორწინებულა. დაქორწინებას ვიღა ჩივის, 1920 წელს საწყალი კაცი დააპატიმრეს და გულაგში უკრეს თავი, იაკუტიაში. იქ ყოფნის დროს ერთი წუთითაც არ დაუტოვებია საყვარელ ქალიშვილს - ლიზა სამარინას. თავად ალექსანდრე 1932 წელს გარდაიცვალა.

 

რაც შეეხება „ატმებიანი გოგოს“ ავტორს, ვალენტინ სეროვს, იგი გარდაიცვალა 1911 წელს, მოსკოვში. დაკრძალულია ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი