logo_geo
ცისანა სეფიაშვილი - მე, დედა
- +

2 თებერვალი. 2019. 19:07

 

 

ცისანა სეფიაშვილი – მომღერალი

 

ქალისთვის იმაზე დიდი ბედნიერება და პასუხისმგებლობა არ არსებობს, ვიდრე დედობაა. ეს მაშინ გავაანალიზე, როდესაც ჩემს ცხოვრებაში, პირველად გაჩნდა ადამიანი, გიორგი, რომელზეც უნდა მეზრუნა. ნელ-ნელა მასზე დამოკიდებული გავხდი. დავიწყე მისი სუნთქვისა და გულისცემის მოსმენა. არავისთან დასატოვებლად არ მემეტებოდა. ალბათ, ესეც დედობრივი ეგოიზმის ბრალია. შევიცვალე, გავხდი მეტად ყურადღებიანი. გამიმძაფრდა შეგრძნებები და აღმოვაჩინე, რომ დედობა აღემატება ამქვეყნად არსებულ ყველა სხვა გრძნობას.

 

თავად დედისერთას ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა ორი შვილის ერთნაირად სიყვარული, ამიტომ მეორე ბავშვს დიდი შიშით ველოდებოდი. კატოს დაბადებამ მიმახვედრა, რომ დედისთვის არ არსებობს პირველი ან მეორე, შვილი შვილია და ისევე უსაზღვროდ შეიძლება გიყვარდეს, როგორც სხვა დანარჩენი. შემდეგ იყო ლევანი, ნინა და დღეს მე ოთხი შვილის დედა, მეგობარი და წარმატებული ქალი ვარ. მათთან ერთად ყოველი დღე განსაკუთრებულია. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, საუკეთესო განტვირთვის საშუალება კი ერთად გატარებული წუთები.

 

მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, თითოეულ მათგანს თანაბრად ვუნაწილებ დროს. საღამოს მათი ინტერესების გათვალისწინებით ვგეგმავთ, რათა არცერთის სურვილი დაუკმაყოფილებელი არ დარჩეს. გულწრფელად ვსაუბრობთ ყველა საჭირო და აუცილებელ თემაზე, რადგან ვფიქრობ, რომ კომუნიკაცია გვაახლოებს. ვურჩევ, მაგრამ არჩევანის თავისუფლებას ვაძლევ. ვასწავლი საპირისპირო აზრის მოსმენასა და პატივისცემას. ვცდილობ მათთვის დედაზე მეტი ვიყო, ვმეგობრობთ, ერთმანეთს აზრებს ვუზიარებთ და ხშირ შემთხვევაში მათგან მეც ვსწავლობ რაიმე ახალს. ვაჩვევ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებასა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანია ნებისმიერ ურთიერთობაში და ჩვენს დედა-შვილობასაც ნდობაზე ვაშენებ.

 

 

დედისთვის შვილების ბედნიერება უმთავრესია და სწორედ ამიტომ ყველაფერს ვაკეთებ მათ სასიკეთოდ. პატივს ვცემ თითოეულის აზრებს, სურვილებს და მუდამ მხარს დავუჭერ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მათ გააბედნიერებს. გავცემ უსაზღვროდ, თუმცა უკან არასოდეს არაფერს არ ველოდები. ჩემი ამაგი იმაზე მეტად ვერ დაფასდება, ვიდრე მათი წარმატებაა, რადგან თითოეულის წინსვლა ჩემი გამარჯვებაა. ყველაფერს უპირობო სიყვარულით ვაკეთებ და მჯერა, რომ ეს სიყვარული იქნება ჩვენი ნათელი მომავლის გარანტი.

 

ცისანა სეფიაშვილი

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი