logo_geo
თეა ფირცხალავა: სწორედ ამ უბრალოებაში და ყოფითობაშია ოთარ იოსელიანის ჭეშმარიტებაც და გენიალობაც
- +

3 თებერვალი. 2019. 00:24

 

 

1934 წლის 2 თებერვალს თბილისში დაიბადა, აფხაზი თავადების შთამომავალი, მსოფლიო კინემატოგრაფის ქართველი მეტრი, საქართველოს სახალხო არტისტი ოთარ იოსელიანი, რომელსაც „დადგენილი“ აქვს მხოლოდ იოსელიანისეული ხელწერა, სიტყვა, ფერი და მუსიკა. მუსიკაზე გეტყვით, რომ ბატონ ოთარს დამთავრებული აქვს თბილისის კონსერვატორია და რა გასაკვირია, რომ სწორ მუსიკალურ აქცენტებს აკეთებდეს მის საოცარ ფილმებში. რაც არ უნდა დაიჩემონ ფრანგებმა, რომ ეს კაცი მათიანია, არაფერი გამოუვათ, რადგან ოთარ იოსელიანი მხოლოდ ჩვენიანია და მორჩა. სასწაული რომ მოხდეს და ჩემი მილოცვა ბატონმა ოთარმა წაიკითხოს, გულიანად გაეცინება, რასაა რო წერს ეს ქალიო, მაგრამ მე მაინც ჩემსას ვიტყვი და აზდაკმა განსაჯოს. ერთი ვიცი, რომ ბატონი ოთარი „არც ეგვიპტელია და არც ვენეციელი“. იგი მსოფლიო კინემატოგრაფის კუთვნილებაა, სულით ქართველი. უხ, ისევ წამომიარა მეტიჩრობამ. რა ვქნა, მეამაყება, რომ „ორივენი ბედკრული საქართველოს შვილები ვართ“ და რა ვქნა?! ახლა რაც შეეხება ფილმებს. „გიორგობისთვე“ პატარამ ვნახე და ვერაფერი გავიგე. მრავალი წელი დამჭირდა, რომ იოსელიანის ეს და სხვა „მათემატიკური“ ამოცანები ამომეხსნა, მაგალითად „იყო შაშვი მგალობელი“ და „პასტორალი“, რომლებიც ბოლომდე დღესაც ვერ „გავხსენი", მაგრამ მეტ-ნაკლებად მივხვდი, რომ „გიორგობისთვე“ - სახლის მოდელია, თავისი მუსიკის მეცადინეობით, ბილიარდითა და სხვა პასაჟებით, „იყო შაშვი მგალობელი“ - ქალაქის მოდელია, თავისი ურბანულ-ქაოტური ჟივილ-ხივილით და მისტიურად მოწიკწიკე წამზომით, ხოლო „პასტორალი“ - სამყაროს მოდელია და არა რომელიმე კონკრეტული სოფლის. ბატონი ოთარის მათემატიკური ამოცანები "კლასების" მიხედვით მირთულდებოდა: „მთვარის ფავორიტები“, „შანტრაპა“, ან ბოლო ფილმი - „ზამთრის სიმღერა“. ფილმი „მშვიდობით მშობლიურო მიწა“ ბოლოსთვის შემოვიტოვე. ფილმის მეორე სახელია „In vino veritas“, ანუ „ღვინოშია ჭეშმარიტება“, რომელშიც თავად რეჟისორიც თამაშობს მამის როლს. ჰოდა, ბატონი ოთარიც და მისი ფილმებიც ღვინოსავითაა, ანუ რაც დრო გადის - ძველდება, მაგრამ უფრო მაგარი ხდება და ეპოქის სურნელი დაჰკრავს. კარგი სომელიე გჭირდება კაცს, რომ ჭეშმარიტებამდე თუ არა, ცოტა აზრზე მაინც მოხვიდე და დაინახო თავისუფლების ხიბლი. თუ სულით და მოწოდებით თავისუფალი ხარ და არა ვიღაც ნიღბიანი ტიპი, მაშინ არასოდეს შეიბოჭები პოლიტიკური სიმპათია–ანტიპათიებით, სადაც არ უნდა იყო - საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ბატონ ოთარის ბიოგრაფიაც, დახასიათებაც და რეკომენდაციაც მის ფილმებში დევს. უდიდესი რუსი კინორეჟისორი ანდრე ტარკოვსკი, ოთარ იოსელიანს მის თანამედროვეთა შორის, უპირველეს და საუკეთესო კოლეგას უწოდებდა. თუ ტარკოვსკის ფილმების კადრს მიღმა ლაო ძის ნააზრევი და მისი მამის არსენი ტარკოვსკის ლექსები გაისმის, ოთარ იოსელიანის ფილმები დაცლილია ასეთი „ამაღლებული“ აკომპონიმენტებისგან და აგებულია, სრულიად სამყაროს უბრალოებაზე. სწორედ ამ უბრალოებაში და ყოფითობაშია ოთარ იოსელიანის ჭეშმარიტებაც და გენიალობაც.

 

 

თეა ფირცხალავა

 

 

big_banner
არქივი