logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: რა ვქნა და არის ჩვენში, ქართველებში... რაღაცა სხვა ხიბლი და პეწი...
- +

3 თებერვალი. 2019. 02:06

 

 

მე რომ ვიცი ხოლმე, ისე... მთლად გულის სიღრმიდან ამოტივტივდა... 1982 წელი იყო... მე შესაბამისად, 21 წლის გახლდით და მოსკოვის სსრკ პროფკავშირების ყრილობის დელეგატად ამირჩიეს. თანაც, დამატებითი დატვირთვა მქონდა - 15 რესპუბლიკებს შორის სამაგალითო ქართველი ქალის „ობრაზი“ უნდა შემექმნა. ანუ უნდა მცმოდა ქართული კაბა, ნაწნავ დართული... კაბა ვიშოვეთ -ქალობატონი იამზე დოლაბერიძისგან, წელში შესაბამისი გაფართოებებით... აბა იამზეს წელის სიწვრილე მხოლოდ ბუნიკაურის კალიებს და ერთ ცალ ციცინათელას ამკობდა. რეპეტიციები კრემლის ტერიტორიის შუაგულში განთავსებულ „დვორეც სიეზდოვ“-ში მიმდინარეობდა...

 

ერთხელაც დავიღალე რეპეტიციებით, სადაც ვმღეროდით იმაზე, რომ ლენინი „ტაკოი მოლოდოი“ იყო და გუმანით გავყევი სადღაც მაღლა მიმავალ კიბეებს და აღმოვჩნდი კრემლის მთავარ სასადილოში, სადაც სადილებს უმზადებდნენ თავად ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევს... თურმე...

 

გამჭირვალე კარიდან მზარეული გამოვიდა... უზბეკი იყო... ჩემი ქართული წარმოშობა რომ შეიცნო, პატივისცემის ნიშნად, გამომიტანა ტორტი „ჩიტის რძე“... - ამას თავად ბრეჟნევი მიირთმევსო... მინდა გითხრათ, რომ ძალიან გემრიელი იყო... თუმცა, სავარაუდოდ, კომუნისტური. გავსინჯე და ჩავვარდი ქვევით, რეპეტიციაზე... სადაც აქტიურად ჩავერთე მაქსიმ დუნაევსკის სიმღერაში.

 

В буднях великих строек,

В веселом грохоте, в огнях и звонах,

Здравствуй, страна героев,

Страна мечтателей, страна ученых!“

 

ხოდა ვფიქრობდი - სსრკ-ში 15 რესპუბლიკა ხომაა და მხოლოდ მე, ქართველმა გავსინჯე ბრეჟნევის ტორტი. რა ვქნა და არის ჩვენში, ქართველებში... რაღაცა სხვა ხიბლი და პეწი.

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი