logo_geo
1754 წლის 2 თებერვალს შარლ ტალეირანი დაიბადა
- +

2 თებერვალი. 2019. 12:12

 

 

დღევანდელ იუბილარს მხოლოდ პარალელების გავლების მიზნით გავიხსენებ და მისი ცნობილი ფრაზით დავიწყებ: „ვინც ფლობს ინფორმაციას, ის ფლობს სამყაროს“. ეს დიდი პოლიტიკოსი, მაგრამ მზაკვარი კაცი, ფარული ჩანაწერებისა და ინფორმაციის მოპოვების წყალობით, სამყაროს ვერა, მაგრამ ვირტუოზულად „იპყრობდა“ პოლიტიკოსების და არაპოლიტიკოსების გონებასა და ქცევას და ვითომდა „ყველა ბატონის მსახური“, ისეთ ინტრიგებს ხლართავდა, რომ „ბატონები“ აქეთ „ემსახურებოდნენ“.

 

1754 წლის 2 თებერვალს დაიბადა დიპლომატიური მრავალსახოვნების სიმბოლო შარლ ტალეირანი. „გენიალური“ ინტრიგებით სამჯერ მოიპოვა საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი სამი სრულიად განსხვავებული ხელისუფლის დროს. სწორედ მისნაირების წყალობით გაჩნდა გამოთქმა - საცობი, რომელიც ყველა ბოთლს ერგება. დღეს ტალეირანი საზოგადო სახელია. მასზე ისევე მსჯელობენ, როგორც დონკიხოტებზე და რობინზონებზე, მაგრამ, მათგან განსხვავებით, იგი რეალური ფიგურა იყო და მისი ვერაგული და მოქნილი ტაქტიკა გავლენას ახდენდა ეპოქის რევოლუციურ გარდატეხებზე. რევოლუციები - მაშინაც და დღესაც - წარმოუდგენელი იქნებოდა ტალეირანების გარეშე. ჩვენს ე.წ. რევოლუციასაც ჰყავდა თავისი ტალეირან(ებ)ი, თუმცა სხვა მასშტაბისა და გაქანების... როგორ ყალიბდებიან კოლექტიური ტალეირანები? დავიწყოთ იუბილარით: ხეიბრობის გამო მან ვერ შეძლო სამხედრო სამსახურში ჩადგომა და მამის ნებით და არა მრწამსით შევიდა სასულიერო სემინარიაში. მერე იყო სორბონის უნივერსიტეტი და თეოლოგის ხარისხი, რის შემდეგაც ეს „შეგზავნილი“ მღვდელმსახური „ცეცხლით და მახვილით“ იბრძოდა ეკლესიის „გაკულაკებისა“ და დისკრედიტაციისთვის. სემინარიაში სწავლის და ფიზიკური ნაკლის გარდა, მას ჰქონდა ჩუტყვავილით „ამოღრუტნული“ სახე, იყო ეჭვიანი, მორალისგან დაცლილი მარტოსული, რომელიც არავის ენდობოდა, საკუთარი „მახინჯი“ გონების გარდა. მისი „წარმატების“ ფორმულა იყო: დაიმორჩილე სულელი და გაუნათლებელი; გვერდით დაიყენე „მტაცებელი“ და არა მსხვერპლი, ან ხელმოცარული; გონიერი გაიხადე მოკავშირედ და აქციე შენს იარაღად. ტალეირანისთვის „ხურმასავით“ იყო „სინდისი“ და „პატიოსნება“, რაც დღესაც მრავალი პოლიტიკოსის სენია. ასე იცხოვრა ტალეირანმა 84 წელი და მოკვდა. ერთი ფრანგი მეცნიერი წერდა, როცა ტალეირანი დემონის წინაშე წარსდგა ჯოჯოხეთში, დემონმა „ყველაფრისთვის“ მადლობა გადაუხადა და იქვე დააყოლა, აღიარე, რომ ჩემს მითითებებზე გაცილებით შორს წახვედიო. ამას არც ტალეირანი უარყოფდა, ამბობდა, რომ იცოდეთ, როგორ გავატარე ჭაბუკობა, ჩემი თვისებები აღარ გაგაკვირვებდათო... ეჰ, ჩემო იმანო, შენს შემდეგ იმდენი ტალეირანი გამოჩნდა, რომ დიდი ხანია, არავის არაფერი უკვირს. შენმა თანამედროვე ჰეგელმაც კი დაგვიბარა: „ისტორიული მოვლენები და გმირები მეორდებიან“-ო და ამის მოწმენიც ვართ... ტალეირანი გარდაიცვალა 1838 წელს პარიზში. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე რომის პაპს აღსარება ჩააბარა და ცოდვები მოინანია... ჰო, ეს მაგრად იციან ტალეირანებმა... ჯერ ყველაფერს „მოთხვრიან“, ღმერთი კი მხოლოდ გაჭირვებისას ახსენდებათ... ტალეირანის სიკვდილი რომ გაუგიათ, ვიღაცას უთქვამს, ეგ ტყუილად არ მოკვდებოდა, ალბათ რამეში სჭირდებოდაო... ამ სიტყვებს ტალეირანის საფლავის ეპიტაფიობა დამშვენდებოდა...

 

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

big_banner
არქივი