logo_geo
ფეხბურთის კარუზო - იუნგობიდან ლეგენდამდე
- +

4 თებერვალი. 2019. 12:56

 

 

 

„ძალიან ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ფეხბურთი მხოლოდ ღონიერი და მარდი ჭაბუკებისთვისაა მოგონილი. ნურას უკაცრავად – ფეხბურთს ინტელექტი სჭირდება! ეს არამარტო კუნთების და ნერვების, არამედ გონების შეჯიბრებაცაა. ვერ დამისახელებთ ვერცერთ მაღალი კლასის მოთამაშეს, რომელსაც გონება არ აძლევდეს საშუალებას, თავისი ნიჭი სხვა საქმეშიც გამოამჟღავნოს. დარწმუნებული ვარ, მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, შოთა იამანიძე ან ვლადიმერ ბარქაია სხვა საქმეშიც დიდ წარმატებას მიაღწევდნენ“.

 

 

ეს სიტყვები ეკუთვნის თავადაც სპორტსმენს, ფეხბურთელს, რომელზე უკეთაც, ბევრი სპეციალისტის აზრით, საქართველოში ფეხბურთი არავის უთამაშია.

 

1945 წელს II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ევროპაში მისი თამაში პირველად რომ ნახეს, „ფეხბურთის კარუზო“ შეარქვეს, თუმცა, თავად სხვა თიკუნით უფრო ამაყობდა: 1936 წელს თბილისის „დინამო“ უმაღლეს ლიგაში პირველ სეზონს ატარებდა და მოსკოვში „სპარტაკს“ 6:3 მოუგო, მეორე დღეს პრესაში დინამოელებს „დიდი ურუგვაელები“ უწოდეს, მას კი — ბრწყინვალე ფორვარდი.

 

„დიდი ურუგვაელები“ — ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე, გრიგოლ გაგუა, მიხეილ ბერძენიშვილი, მიხეილ ჯოჯუა, გაიოზ ჯეჯელავა, ბორის პაიჭაძე... სამწუხაროა, რომ ამ თაობის თამაშის ამსახველი ფირები ძალიან მწირად მოგვეპოვება.

 

 

 

ბორის პაიჭაძე დღევანდელ დღეს დაიბადა, 1915 წლის 3 თებერვალს,  ოზურგეთის მაზრის სოფელ ონჭიკეთში. მისი ასი წლის თავზე დემიკო ლოლაძემ დიდი რუდუნებით აკინძა შესანიშნავი წიგნი. მანვე შემახვედრა მიხეილ ჯოჯუას — ქართული ფეხბურთის პირველი თაობის უკანასკნელ მოჰიკანს. როდესაც ვთხოვე, რამდენიმე სიტყვით დაეხასიათებინა ეს დიდებული ფეხბურთელი, ასე მომიგო:

 

ეს ძნელი არ არის, წარმოიდგინე ადამიანი, ვისაც ფეხბურთის მოედანზე ბურთით აბსოლუტურად ყველაფრის კეთება შეუძლია და მიიღებ ბორის პაიჭაძის პორტრეტსო.

 

70-იან წლებში ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი პატრიარქი ანდრო ჟორდანია ამბობდა: „ჩვენს დროში იგი არანაკლებ დიდებას მოიხვეჭდა, ვიდრე დი სტეფანო და პელე“. ხოლო ცნობილი რუსი სპორტული ჟურნალისტმა მარტინ მერჟანოვმა ასე დაახასიათა: „პაიჭაძე ბუნების ისეთივე იშვიათობა გახლდათ, როგორიც თვითნაბადი ოქრო“.

 

 

ბატონი ბორისი ჩვენს ოჯახს ხშირად სტუმრობდა, კარგად მახსოვს, როგორი აღტაცებით იხსენებდა 1966 წელს ინგლისში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის პერიპეტიებს. იგი სხვა ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად გახლდათ მიწვეული ამ ფორუმზე, ბედნიერი იყო, რომ ბავშვობის ოცნება აიხდინა და ფეხბურთის სამშობლო მოინახულა.

 

ახლო ურთიერთობა მქონდა ბატონი ბორისის ვაჟთან, რამაზთან და ახლა ერთი მისი ნაამბობი მინდა გავიხსენო — ზუსტ თარიღს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ თავად მამას მოუყოლია მისთვის.

 

თბილისში მოსკოვის „დინამო“ იყო ჩამოსული. ეს ჩვენი გუნდისთვის ყველაზე უხერხული მეტოქე გახლდათ, მაგრამ იმ დღეს თბილისის „დინამო“ მოედანზე დაფრინავდა, ბორის პაიჭაძემ კი პირველივე ტაიმში 2 გოლი გაუტანა იმხანად საბჭოთა კავშირის ნაკრების პირველ მეკარეს, ალექსი ხომიჩს. ერთ მომენტში პაიჭაძეს ბურთი მოუხელთებია, მცველებს დასხლტომია და პირისპირ გასულა მეკარესთან. გოლი გარდაუვალი ჩანდა და იმის მაგივრად, კარის გადარჩენაზე ეფიქრა, ხომიჩს პაიჭაძისთვის დაუძახია: „Хватит, Боря! имей-же совесть!“ (გეყოფა, ბორია, სინდისი არ გაქვსო), პაიჭაძეს გასცინებია და მეკარე დაუნდია.

 

ბატონი ბორისის შვილიშვილი, თავადაც ბორის პაიჭაძე ასე იხსენებს ფეხბურთში სახელოვანი ბაბუის პირველ ნაბიჯებს:

 

„შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთელი შემთხვევით გახდა. საზღვაო სკოლა დაამთავრა და გემზე მთავარი მექანიკოსის თანაშემწედ მუშაობდა. ისეთი გზით მიდიოდა, ალბათ მერე კაპიტანიც გახდებოდა. „პირველი მერცხალი“ ალბათ ყველას აქვს ნანახი და ჩათვალეთ, რომ დოკუმენტური ფილმია — ყველაფერი მართლა ასე ხდებოდა. ბაბუაჩემმა გადამღებ ჯგუფს მთელი სცენარი „ყირაზე დაუყენა“, თორემ ფილმი სულ სხვანაირი იქნებოდა. ფილმის თითოეული ნიუანსი რეალური იყო — ცოლიანები უცოლოებს ეთამაშებოდნენ, გურულები  — მეგრელებს და ა.შ. ფოთელები ბათუმლებს უნდა შეხვედროდნენ და საქართველოს პირველობაზე ეთამაშათ. ფილმში, დოდო აბაშიძეს რომ სთხოვენ, წამოდი, ვაგებთ და დაგვეხმარეო,  დაახლოებით ასეთი ვარიანტი იყო. ბაბუა თავისი გემით უკვე ზღვაში იყო გასული, ინგლისში მიემგზავრებოდა. მისმა მეგობრებმა დეპეშა შეთხზეს და იუნგამ გემზე მიურბენინა: მამაშენი მძიმედაა და სასწრაფოდ უნდა ჩამოხვიდეო. ბაბუაც, რა თქმა უნდა, წამოვიდა. სახლში რომ მივიდა, ოჯახის წევრებს შეეშინდათ, ასე მოულოდნელად რატომ დაბრუნდიო? მერე კი ყველაფერში გაერკვნენ. ჩემი დიდი ბაბუა სოლომონი, ბორისის მეგობრებს „დაემუქრა“, სახლში აღარ შემოგიშვებთო. მოკლედ, ასე მოატყუეს. ის თამაში ითამაშეს, ბათუმელებს მოუგეს და ამის შემდეგ გუნდში დარჩა. ეს დეპეშა რომ არ ყოფილიყო, ბაბუა ინგლისში წავიდოდა და ალბათ ფეხბურთელი ვერ გახდებოდა. ჯერ მაშინდელი ტექნიკური უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდში თამაშობდა და მერე მოხვდა „დინამოში“.

 

იმ „დინამოში“, სადაც პირველ მერცხლებთან ერთად 15 წელი ითამაშა და ყველაზე დიდი ჯილდო, ხალხის სიყვარული და აღიარება დაიმსახურა.

 

 

ბატონი ბორისი დიდი ფეხბურთიდან 1951 წელს წავიდა, თუმცა არავის გაუცილებია და არც გამოსათხოვარი მატჩი გამართულა, ასეთი რამეები იმ დროს უცხო ხილი იყო. ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს არც კი ახსოვდა, რომელ გუნდთან ჩაატარა ბოლო შეხვედრა.

 

1976-82 წლებში სტადიონის დირექტორი იყო. ახლახან სოციალურ ქსელში წავაწყდი იმ პერიოდში მისი თანამშრომლის, სოფიო მერებაშვილის მოგონებას. იმედია, არ მიწყენს, თუ ნაამბობს დავესესხები:

 

„სტადიონს ჰყავდა 300 თანამშრომელი, უმრავლესობა ქალები. დეკრეტულ შვებულებაში ვერავინ წავიდოდა, ბატონ ბორისს რომ არ დაელოცა, თანაც, ყოველგვარი ექოსკოპიის გარეშე, მომავალი ბავშვის სქესს ამცნობდა. მეც მათ შორის. ბავშვივით ხალისობდა, როცა ვეტყოდით, რომ კიდევ ერთხელ გამოიცნო...“      

 

ლეგენდარული ფორვარდი 1990 წელს გარდაიცვალა, ხოლო ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტადიონს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“ ეწოდა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი