logo_geo
1953 წლის 5 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძე დაიბადა
- +

5 თებერვალი. 2019. 15:14

 

„სიკვდილმა ჰკითხა სიცოცხლეს - მე გჯობივარ თუ შენაო?!

სიცოცხლემ ასე მიუგო, არცერთი არ ვართ ლხენაო,

თუ კაცი ცოცხლობს ხალხისთვის, მაშინ გჯობივარ მენაო...

და თუ კი თავის თავისთვის, რაღა თქმა უნდა - შენაო...“

 

დიდი ილია ჭავჭავაძის ეს ლექსი მის მოგვარე სახელოვან ქართველ მამულიშვილს და დღევანდელ იუბილარს „მოვარგე“ და ამიტომაც გავიხსენე...

 

1953 წლის 5 თებერვალს თბილისში დაიბადა საქართველოს ეროვნული გმირი, ქართული დისიდენტური და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭავჭავაძე. მისი მოღვაწეობა კარგად მახსოვს, რადგან ჩემი თანატოლი იყო და მისი პოლიტიკოსად ჩამოყალიბება ქართველების, მათ შორის ჩემს თვალწინ მიმდინარეობდა. შეხედავდი და გული გაგინათდებოდა, მოუსმენდი და - გონება. სასწაული ეშხი ჰქონდა, სუფთა ჭავჭავაძისეული ხიბლით, არავისში რომ არ შეგეშლებოდა. მისი ყოველი სიტყვის გჯეროდა, იცოდი, რომ მერაბ კოსტავა ცრუ-კაცთან არასოდეს იმეგობრებდა და არც ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას შექმნიდა უღირსთან ერთად...ზურაბს არასოდეს შეურცხვენია არც დიდი ილია და არც დიდი მერაბი, მაგრამ... მის იდეებს და მიდგომებს მაშინდელი პოლიტიკოსების ერთი ნაწილი არ იზიარებდა... ერთ-ერთ გამოსვლაში ზურაბი ამბობდა:

 

„... ჩვენი მოვალეობა არის, საერთო მოვნახოთ იმასთან, ვინც ჩვენდამი მტრულადაა განწყობილი, ეს არის პოლიტიკური მოღვაწეობის ხელოვნებაც და აუცილებლობაც“.

 

იგი ყველა „მტრულად“ განწყობილ მხარესთან მშვიდობიანი დიალოგის მომხრე იყო. ყველას გვახსოვს მისი ცნობილი მოწოდება: „შევქმნათ სხვებისთვისაც მიმზიდველი სახელმწიფო“. 1988 წლის 3 დეკემბერს ზურაბ ჭავჭავაძემ აფხაზურ ენაზე მიმართა აფხაზ ხალხს: „არ არსებობს ისეთი აფხაზური პრობლემა, რომელიც ეწინააღმდეგებოდეს ქართულენოვან პრობლემას და პირიქით...“ და იქვე აღუთქვა მხარდაჭერა თავის აფხაზ ძმებს მათი პრობლემის მოგვარებაში. ეროვნული მოძრაობის მეორე ნაწილმა უპირატესობა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებას მიანიჭა და აფხაზური პრობლემის გადაჭრა მეორე ეტაპისთვის გადადო...

 

ზურაბ ჭავჭავაძე განათლებით ფილოლოგი იყო, მაგრამ მრავალ სფეროში იღვწოდა. მან შეაგროვა მასალები გრიგოლ ფერაძეზე, სწავლობდა ქართულ სასულიერო ლიტერატურას, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას...

 

1989 წლის 13 ოქტომბერს სოფელ ბორითთან მოხდა „მისტიური“ ავტოკატასტროფა. ეროვნული მოძრაობის ლიდერი მერაბ კოსტავა ადგილზევე დაიღუპა, ზურაბ ჭავჭავაძე კი საავადმყოფოში „გარდაიცვალა“, ვითომდა „A ჰეპატიტით“. დღეს არავის ეპარება ეჭვი, რომ ორივე გმირი ვერაგულად მოკლეს...

 

ზურაბ ჭავჭავაძე დაკრძალეს ყვარელში - იოანე ნათლისმცემლის სახელობის ჭავჭავაძეთა საგვარეულო ეკლესიაში. მინდა, რომ ეს სტატუსი მიხეილ ქვლივიძის ცნობილი ლექსის რამდენიმე სტროფით დავასრულო:

 

„რამდენი ჩვენგან წასული კაცის

ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს...

და ღმერთს ვთხოვთ: ღმერთო, გვაცხოვრე ისე,

რომ ჩვენც ოდესმე დავაკლდეთ ქალაქს!“

 

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი