logo_geo
მოხუცი მათხოვარი - წავიდა... ასე, მოულოდნელად ადგა, ჩამოიფერთხა კალთიდან მტვერი და წავიდა...
- +

8 თებერვალი. 2019. 12:21

 

— დაგლოცოს სვეტიცხოველმა! — დამინახავდა თუ არა, გამხმარ თითებს ააფხაკუნებდა ფანდურზე.

 

კარგი ნაცნობივით გავუღიმებდით ერთმანეთს, ხურდებს მოვიძიებდი და რამდენიმე წამს ვჩერდებოდი ღიმილების ასაკინძად.

 

არ დამხვდა იმ დღეს, არ გამომრჩა უმისობა. ან როგორ?

ვიფიქრე, ალბათ ავადაა, მოღონიერდება და უსათუოდ გამოვა-მეთქი.

 

მერე დღეები გავიდა.

ისევ „მესვეტიცხოველა“ და გავიქეცი. ჩანთაში ვეძებ ხურდებს, დრო ცოტა მაქვს, მივესალმები, გავუღიმებ...

მაგრამ მოხუცი არც ამჯერად დამხვდა.

 

ძლივს გავაშველე ორი მოჩხუბარი, შესასვლელთან რომ ხელგამოწვდილები დგანან, ფულს ვერ იყოფდნენ:

 

— ღვთის გულისათვის, მე მოგცემთ ვერგასაყოფ თანხას, ოღონდ პაპა სადაა, აი ის, მომღერალი?

— რაღა დროს ეგაა? მოკვ-და, — დამიმარცვლა ერთ-ერთმა და უგემურად გაიღრიჯა.

 

აღარ „მესვეტიცხოველა“.

ერთ დღესაც რომ მიხვიდე და საყვარელ წიგნს ვერ მიაგნო კარადაში, ისეთი განცდა დამეუფლა. ადგილშეცვლილი კი არ დაგხვდეს, საერთოდ რომ ვერ მიაგნო, თითქოს არასდროს ყოფილა, არასდროს წაგიკითხავს.

 

ამოუვსები სიცარიელე მიყურებდა იმ ადგილიდან. სულ ცოტა ხნის წინ აგერ იჯდა და მღეროდა. ემღერებოდა და მღეროდა. მერე თითქოს კაკანათი დაუგეს და იმ არგაფრენილი ბეღურასავით გაიხლართა, ზამთარ-ზაფხულს რომ არ ტოვებენ საცხოვრისს.

 

წავიდა.

ასე, მოულოდნელად ადგა, ჩამოიფერთხა კალთიდან მტვერი, აკეცა სკამი, ფანდური ალბათ კედელზე ჩამოაკონწიალა და წავიდა.

 

და რამდენი მართლა ღიმილი და რამდენი სიმწრის ღიმილი გაიყოლა ჩემი.

ზუსტად ვიცი, აგვირილდება მისი საფლავი.

ასეა წესი და იმიტომ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი