logo_geo
8 თებერვალს ირინა მურავიოვას 70 წელი შეუსრულდა
- +

8 თებერვალი. 2019. 16:15

 

ამ წუთში გავიგე და გვერდს ვერ ავუვლი ვერაფრით...

 

თურმე დღეს, 8 თებერვალს, 70 წელი შეუსრულდა რუსეთის კინემატოგრაფიის და ჩემი პირადი აზრით, არა მხოლოდ რუსეთის და არა მხოლოდ კინემატოგრაფიის „«Самая обаятельная и привлекательная» - ირინა მურავიოვას...

 

ის დაიბადა 1949 წლის 8 თებერვალს საოცარ ოჯახში. მისმა მამამ დედა გაიცნო ომის დროს, ბელორუსიაში, გადაარჩინა და ცოლად მოიყვანა...

 

ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ოჯახში იმხელა სითბო ტრიალებდა, რომ გასაკვირი არ არის, რომ ირინას ნებისმიერ კოლეგას ან მეგობარს რომ გაესაუბროთ ირინოჩკაზე (როგორც თვითონ უძახიან), სახეზე ღიმილი უჩნდებათ და პირველი, რასაც ხაზს უსვამენ, არის მისი განუმეორებელი ხასიათი და ცხოვრების პოზიტიური აღქმა... მისი კოლეგის, ცნობილი მსახიობი ალექსანდრე მიხაილოვის განცხადებით - „ირინას ადამიანებთან ურთიერთობის საკუთარი სისტემა გააჩნია. მე ვეკითხები ხოლმე - „საიდან გაქვს ამდენი იუმორი, ენერგია და ხიბლი?“

 

მას ეცინება და მპასუხობს - „მე ღიმილით ვიძინებ და ღიმილით ვიღვიძებ. ვცდილობ, არ გავიკარო არაფერი ნეგატიური“...

 

სავარაუდოდ, ამიტომაც დღესაც არ დაუკარგავს ეს ხიბლი და შარმი...

 

სკოლა წარმატებით დაამთავრა და ოცნებობდა, გამხდარიყო უმცროსი კლასების მასწავლებელი, მაგრამ ამ დროს მეგობარმა მოუტანა სტანისლავსკის წიგნი და გადაწყვიტა მსახიობობა...

 

თეატრალურ სასწავლებელში მხოლოდ მესამე ცდით მოხვდა...

 

თავიდან მუშაობდა ცენტრალურ საბავშვო თეატრში, სადავ უმთავრესად პატარა და ხულიგანი ბიჭების როლებს ასრულებდა, ხოლო 1977 წელს გადავიდა მოსსოვეტის სახელობის თეატრში...

 

მისი კინოდებიუტი გახდა - სიუზანა ფილმში „სუფთა წყლის ინგლისური მკვლელობა“...

 

1993 წელს სამუშაოდ გადავიდა მოსკოვის მცირე თეატრში და ფურორი მოახდინა არკადინას როლის შესრულებისას, ა. ჩეხოვის „თოლიაში“...

 

ირინა ცოლად გაჰყვა რეჟისორ ლეონიდ ეიდლინს, რომელთანაც ერთად ბედნიერი 41 წელი გაატარა...

 

მათ ორი ვაჟი გაუჩნდათ... ირინას პოპულარობის მიუხედავად, მათი ოჯახი ძალიან ეკონომიურად ცხოვრობდა... ირინა სამოქალაქო ტრანსპორტით მოძრაობდა და როდესაც გაკვირვებული მგზავრები, განსაკუთრებით მამაკაცები ცნობდნენ, თვალს უკრავდნენ და უმღეროდნენ ხოლმე მისი გმირის სიმღერას „Позвони мне, позвони“, რომელსაც „კარნავალში“, ისევე როგორც სხვა ფილმებში, ირინა თავად ასრულებს...

 

ეტყობა მიანიშნებდნენ, თუ დაგვირეკავ, მეტროთი აღარ გატარებთო.

 

ირინა ღრმად მორწმუნე ადამიანია. როდესაც ირინას მეუღლე გარდაეცვალა, ის მივიდა თავის მოძღვართან და უთხრა, რომ მსახიობობას თავს ანებებდა... მოძღვარმა ურჩია, უარი არ ეთქვა თეატრში მოღვაწეობაზე...

 

თავად ირინა თავის თავს ასე ახასიათებს.

 

„ცხოვრებაში მე ვარ ჩუმი, წყნარი, დამჯერი - როგორც თაგვი ცოცხის ქვეშ... მე საერთოდ მიმაჩნია, რომ ქალური ბედნიერება სწორედ დამჯერობაშია, რადგანაც უდიდესი ბედნიერებაა, დაუჯერო და გაჰყვე იმას, ვინც ღირსია, ვისაც ენდობი და ვინც უზომოდ გიყვარს“...

 

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ირინა გამოტყდა, რომ ყველაზე ძალიან ეშინია, სიბერეში რამე ავადმყოფობა არ დაემართოს, რომელიც გამოუცვლის ხასიათს და მაგალითად კბენას დაიწყებს.

 

„ეს რომ ვთქვი, დაამატა ირინამ, ჩემმა ბიჭებმა მითხრეს, ნუ გეშინია, შენ ვერცერთი ავადმყოფობა ვერ გაგაფუჭებსო და მეც დავპირდი, რომ ცოტას შევჭამ და ჩუმად ვიჯდები კუთხეში...“

 

ჰოდა, ყველანი კმაყოფილები დავრჩითო!

 

 

 

 

 

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

big_banner
არქივი