logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: მარტოობა ხომ გაუსაძლისია... და მნიშვნელობა არა აქვს, ვეშაპი ხარ, ბაყაყი, ადამიანი თუ მარტორქა...
- +

11 თებერვალი. 2019. 13:16

 

 

ესე მარტოობაზე...

 

რამდენიმე წლის წინ, მეცნიერთა ჯგუფი გაემართა წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში მობინადრე, მსოფლიოში ყველაზე მარტოხელა ვეშაპის მოსაძებნად...

 

არავის არ უნახავს ეს ვეშაპი, მაგრამ 30 წელიწადზე მეტ ხანს ისმის მისი სევდიანი სიმღერა...

 

საქმე იმაში ყოფილა, რომ ის სხვა ვეშაპებთან ურთიერთობას ცდილობს მხოლოდ მისთვის ჩვეული, იშვიათი სიხშირით, არა 17-18 ჰერციანით, არამედ 52-იანით...

 

ასეთი დახვეწილი ვეშაპი დაიბადა და რა ქნას...

ეს სიხშირე კიდევ ისეთია, რომ სხვა ვეშაპები ვერ იგებენ... არ ესმით...

 

ამიტომაც მღერის რომანსებს ოკეანეში მიტოვებული...

 

სულ მინდა გავცურო მასთან და ჩუმად მოვუყვე, რომ არსებობდა მსოფლიოში ყველაზე მარტოხელ ბაყაყიც, სახელად „რომეო“, რომელიც ეულად ცხოვრობდა 15 წლის განმავლობაში, ბოლივიის ქალაქ კოჩაბამბას ზოოპარკში... იმიტომ, რომ უიშვიათესი ჯიშისაა და მეორე ასეთი ბაყაყი ვერ მონახეს...

 

„რომეოს“ გულისთვის, ბოლივიის ხელისუფლებამ დააფინანსა ექსპედიცია და მესამე ცდაზე გასული წლის ბოლოს, რომეოს უპოვეს მისი ჯიშის ქალბატონი ბაყაყი, რომელსაც, ბუნებრივია, დაარქვეს „ჯულიეტა“...

 

დღეს ძალიან შეყვარებული წყვილი ბედნიერია...

თანაც მოქიშპე მშობლები არა ჰყავთ და ნამდვილად ვერ გაიმეორებენ შექსპირის გმირების ტრაგიკულ ისტორიას...

 

ვინ იცის... იქნებ, ერთ მთვარიან ღამით, ჩვენს ვეშაპს გამოეხმაუროს მისნაირი ნიჭიერი ვეშაპი...

 

მარტოობა ხომ გაუსაძლისია... და მნიშვნელობა არა აქვს, ვეშაპი ხარ, ბაყაყი, ადამიანი თუ მარტორქა...

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

big_banner
არქივი