logo_geo
სიყვარულის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, თუნდაც შენ 45 წლისა იყო
- +

12 თებერვალი. 2019. 00:04

 

 

„სიყვარულის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, თუნდაც შენ 45 წლისა იყო, 11 შვილი გყავდეს და შენს მხრებზე იდგეს მთელი მეურნეობა...“

 

1831 წლის 10 თებერვალს დაიბადა ცნობილი მეცენატი, ბარონესა ნადეჟდა ფონ მეკკი. 17 წლისა უსიყვარულოდ გაათხოვეს გარუსებულ გერმანელზე, რკინიგზის მაგნატზე კარლ ფონ მეკკზე, რომელიც ნადეჟდას ყველა სურვილს თვალდახუჭული ასრულებდა და ბარონესას ძირითად „საქმიანობად“ შვილების გაჩენაღა რჩებოდა. გააჩინა კიდეც 18 შვილი, რომელთაგან 7 გარდაიცვალა. ჩვილებს, გაჩენისთანავე, ძიძებს გადაულოცავდა ხოლმე, თავად კი ყურადღებით ადევნებდა თვალს ქმრის ბიზნესს და შვებას მუსიკაში პოულობდა. ქმრის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, 45 წლის ნადეჟდა მომგებიანი ბიზნესის და დიდი ქონების, მ/შ კერძო რკინიგზის, ქარხნების, მამულების, საბანკო ანგარიშებისა და აქციების მფლობელი გახდა, მაგრამ ქვრივს ეს არ აკმაყოფილებდა, ნამდვილი სიყვარული უნდოდა, რომელიც არასოდეს განუცდია. ქალი, რომელსაც შეეძლო, ყველა სურვილი აეხდინა, მარტოსული იყო... სიყვარულს მუსიკა უცვლიდა, შვებას კი, დაკვრაში ნახულობდა და საოცრად ფლობდა და გრძნობდა კიდეც ინსტრუმენტს, თან დაკვრისას სხვა სამყაროში ინაცვლებდა... მოკლედ, სიმდიდრემ ვერანაირი სულიერი შვება ვერ მოჰგვარა ნადეჟდას, ამიტომ სახლში მუსიკოსებს იწვევდა და მის გვერდით მუდამ იყო რომელიმე „ღარიბი“ მუსიკოსი. სწორედ ერთ-ერთი ასეთი „ღარიბისგან“ შეიტყო კონსერვატორიის პედაგოგის, პეტრე ჩაიკოვსკის შესახებ, რომ იყო უცოლო, არცთუ შეძლებული, ძმებმა ვალებში გადააგდეს და... მალე პეტრეს ახალი ნაწარმოები ჩაუვარდა ხელში და დაიწყო კიდეც მათი ეპისტოლარული სიყვარული, რომელიც 13 წელს გაგრძელდა... ძნელად დასაჯერებელია, რომ ქალი, რომელიც ამ ხნის მანძილზე მილიონებს ახარჯავდა კაცს და მის ყველა „ხუშტურს“ ასრულებდა, ცხოვრებაში ერთხელაც არ შეხვედრია მას... პეტრე ნადეჟდას „საიდუმლო მეგობრად“ მოიხსენიებდა და მადლობების გადახდით იფარგლებოდა... ვერაფრით ავხსნი ქალის ამ ნაბიჯს (ჰოდა, იმიტომაც არ ვარ ბარონესა ფონ ჭუმბურსკაია)... კაი, გასაგებია, რომ ნადეჟდას მუსიკა უყვარდა, აღმერთებდა ჩაიკოვსკის ნაწარმოებებს, მაგრამ გამოდის, რომ მას არა ხორციელი, არამედ სულიერი, ე.წ. პლატონური სიყვარული ხიბლავდა. 13 წელი ერთმანეთისთვის მხოლოდ სამადლობელი წერილების წერა, პირადად მე, ანომალიად მიმაჩნია... მოკლედ, ამ ქალმა იმდენი წერა, რომ (ხუმრობის გარეშე) მარჯვენა ხელი დაუავადდა. ისე, პეტრე უფრო „მართალი“ იყო, როცა ძმასთან ჩიოდა, დავიღალე ამდენი მადლობის გადახდითო. ჰოდა, თუ დაიღალა, ფონ მეკკმაც შეუწყვიტა დაფინანსება. 1890 წელს ბარონესამ ბოლო წერილი მისწერა პეტრეს, რომელიც ასე მთავრდებოდა: „ხანდახან გამიხსენეთ“. ჩაიკოვსკიმ ვერასოდეს ახსნა „საიდუმლო მეგობრის“ საქციელი, რომელსაც თავისი მე-4 სიმფონია მიუძღვნა. ზოგი ამბობდა, ფონ მეკკმა ჩაიკოვსკის ყველაზე დიდი „ცოდვა“ გაიგო და იმიტომ შეუწყვიტა დაფინანსებაო, ზოგი კი, ხელი სტკიოდა და სხვისთვის წერილების კარნახი არ უნდოდაო... გაიგე ახლა, რომელია მართალი... თუმცა გენიოსების ცხოვრებაში, ჩემი დილეტანტური ხელის ფათური მართებულად არ მიმაჩნია...

 

62 წლის ნადეჟდა ფონ მეკკი გარდაიცვალა ტუბერკულოზით - 1894 წელს, ნიცაში. ამჟამად დაკრძალულია მოსკოვის ნოვო-ალექსეევკის მონასტრის სასაფლაოზე.

 

 

თეა ფირცხალავა

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

 

big_banner
არქივი