logo_geo
1980 წლის 11 თებერვალს, ტელევიზიის ეთერში, პირველად გავიდა საბჭოთა მელოდრამა - «Москва слезам не верит»...
- +

12 თებერვალი. 2019. 00:07

 

 

დღეს ორშაბათია... ითვლება, რომ მძიმე დღეა...

ზოგჯერ მეცოდება ხოლმე ორშაბათი, კვირის 7 დღეში, ყველაზე ნაკლებად უყვართ... სამშაბათი ცოტა მეტად... ოთხშაბათი პაწია უფრო... ხუთშაბათი კი, უყვარს ყველას, რადგანაც მეორე დღეს არის პარასკევი, რომელზეც გიჟდებიან იმის გამო, რომ მერე მოდის შაბათ-კვირა... კვირა თავიდან უყვართ, მერე კი ნელ-ნელა ეზიზღებათ, რადგანაც კვირას მოსდევს ორშაბათი... და ასე გადის ეს ცხოვრებაც...

 

ხოდა დღეს, ამ ორშაბათს ცოტა ვიხალისოთ!

სწორედ ამ დღეს, 1980 წლის 11 თებერვალს, ტელევიზიის ეთერში, პირველად გავიდა საბჭოთა მელოდრამა - «Москва слезам не верит»...

 

სხვათაშორის, 4 საბჭოთა მხატვრული ფილმიდან, რომლებმაც მიიღეს "ოსკარი" ეს ფილმი მესამეა...

 

დანარჩენებია - ს.ბანდარჩუკის „ომი და მშვიდობა“, რუსულ-იაპონური პროექტი - „დერსუ უზალა“ და ნ.მიხალკოვის „ «Утомленные солнцем»

 

„ფილმი მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“ რეჟისორმა, ვლადიმერ მენშოვმა, როდესაც ვლადიმერ ჩერნიხის ფილმის სცენარი წაიკითხა, ძალიან არ მოეწონა... მსახიობები, რომლებსაც როლებს სთავაზობდა, იჭმუხნებოდნენ...

 

ასე რომ, სცენარისტი ჩერნიხი უიმედოდ იდგა კინოსტუდიის მოსაცდელში და გულში, სავარაუდოდ, მღეროდა - „ფილმო ჩემო, ბედი არ გიწერია“...

მაგრამ, ამ დროს დაუძახეს, მენშოვი გიბარებსო...

 

თურმე ღამე, მენშოვს კიდევ ერთხელ გადაუკითხავს სცენარი და საოცრად მოხიბლა იმ ფაქტმა, რომ პირველი სერია სრულდება 1958 წელს და მეორე კი, გრძელდება 1978-ში... ანუ 20 წელი გადის...

 

ძალიან კარგად მახსოვს, პირველ სერიაში, საერთო საცხოვრებელში გამართულ „ღარიბულ სუფრაზე“ შავი და წითელი ხიზილალა, რომ გამოაქვთ და მეორე სერიაში 3 ქალი გმირიდან ერთერთი, ტოსია - ქმარს და შვილებს ერბოკვერცხს რომ უწვავს ფილმში პროვინციიდან მოსკოვში ჩასულ 3 უახლოეს მეგობარს - ეკატერინე, ლუდმილა და ტოსია (ანტონინა) ქვიათ...

 

თურმე ეს სახელები სცენარისტმა შეარჩია, თავისი 3 უსაყვარლესი დეიდის სახელების ხათრით... მათ შესაბამისად ასრულებდნენ - ვერა ალენტოვა, ირინა მურავიოვა და რაისა რიაზანოვა...

 

ეკატერინე ტიხომიროვას როლი მენშოვმა პირველად შესთავაზა ნატალია სოიკოს და მარგარიტა ტერეხოვას... ირივემ უარი განაცხადა... ტერეხოვამ „სამ მუშკეტერში“ მილედის როლი არჩია, იმ დროს ბრწყინვალე და პოპულარულ მიხეილ ბოიარსკისთან დუეტში... რა იცოდა, რანაირი გოშა დახვდებოდა ამ ფილმში...

ბოლოს გადაწყდა, რომ ეკატერინეს ითამაშებდა რეჟისორის მეუღლე, ვერა ალენტოვა... საოცრად კარგი ქალბატონია. ძალიან უბრალო და თბილი... 1984 წელს ერთად ვიწექით ბურაკოვსკის კლინიკაში... მე გული მტკიოდა, იმას ვენები და ორივესთვის მოწევა არ შეიძლებოდა...

ჩვენ კი ვიპარებოდით კიბეებზე და ვეწეოდით და ვეწეოდით

 

ლუდმილას როლი შესთავაზეს ირინა მურავიოვას და იმ წუთშივე დათანხმდა, მაგრამ როდესაც დასრულებული ფილმი ნახა, გულწრფელად ატირდა -„რა საშინელ ქალს ვთამაშობ, რომელსაც ყველა ის თვისება აქვს, რასაც ვერ ვიტანო“... რა ვიცი, მე არ ვეთანხმები... ამ როლშიც შესანიშნავია...

 

ტოსიას როლი მენშოვმა შესთავაზა გალინა პოლსკიხს, რომელსაც რატომღაც ძალიან ეწყინა ეს შეთავაზება... მე მგონი, კარგიც ქნა, რადგანაც რიაზანოვა განუმეორებელია, - კეთილი, ბუნებრივი, გულწრფელი, რომლსაც არ ქონია დიდი პრეტენზიები და ცოლად გაყვა მისნაირ ბიჭს და საბოლოოდ, სამივე გმირზე ბედნიერი აღმოჩნდა...

 

ეკატერინეს ცოლიანი საყვარლის როლზე სიამოვნებით დათანხმდა ოლეგ ტაბაკოვი... ყვებიან, რომ სასიყვარულო სცენა მინიმუმამდე შეამცირეს და სინამდვილეში ვლადიმერის (ტაბაკოვის) სიდედრი, მართლა 3 წუთში კი არ დაადგათ თავზე, მაგრამ, ხომ გახსოვთ, - „საბჭოთა კავშირში სექსი არ იყო“

 

თუ იცით, ვინ ასრულებს საერთო საცხოვრებლის „ვახტიორშას როლს“, ტელეფონს რომ იღებს და იძახის - „Hello!”… სტალინის პრემიის ორგზის ლაურეატი, მოსკოვში ბრილიანტების ერერთი ყველაზე მდიდარი კოლექციის მფლობელი, ზოია ფიოდოროვა... ეს იყო მისი ბოლო როლი... სამწუხაროდ, ამ ბრილიანტებმა დაღუპეს... ვიღაცა შეუვარდა სახლში, მოკლა და გაქურდა... ეჭვი ჰქოდათ, რომ ეს იყო ასევე ბრილიანტების დიდი მოყვარულის, გალინა ბრეჟნევას შემოგზავნილი კაცი...

 

ახლა კი გადავდივარ მთლად მთავარ გმირზე - გოშაზე იგივე გოგაზე, იგივე ჟორაზე... სცენარისტი, ჩერნიხი იძახდა, რომ გოშა- მისი იდეალია და მთელი ცხოვრება უნდოდა ქალებს მასში ასეთი კაცი დაენახათ...

 

ამ როლზე სინჯები გაიარეს ვიტალი სოლომინმა, ვიაჩესლავ ტიხონოვმა, ოლეგ ეფრემოვმა, ლეონიდ დიაჩკოვმა, თავად რეჟისორმა, მენშოვმა... მენშოვს, არცერთი არ მოეწონა, საკუთარი თავის ჩათვლით,და უცებ გაახსენდა ალექსეი ბატალოვი და მიხვდა, როგორი უნდა იყოს გოშა სინამდვილეში... ვიაჩასლავ ტიხონოვს კი, შესთავაზა ეკატერინას საყვარლის როლი (ტაბაკოვამდე)...

 

ტიხონოვმა „მოღალატე“ ვლადიმერის როლზე უარი განაცხადა - „რას ამბობთ, მაყურებელმა აქამდე ვერ მაპატია, ნატაშა როსტოვა რომ მივატოვეო!“... მოგვიანებით კი წამოცდა, რომ სიამოვნებით ითამაშებდა გოშას...

 

რაც შეეხება ბატალოვს, მას როლი თავიდანვე მოეწონა, თუმცა სცენარისტისგან განსხვავებით, გოშას მაინც ეჭვის თვალით უყურებდა... „კი არის მასთან ქალი ფინალში ბედნიერი,მაგრამ სამ დღეში შეიძლება ბოთლი დაუშინოს თავშიო... რა იცი, მაინც მაინც გოშააო“

 

მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება ეკატერინას ქალიშვილზე, რომელსაც ასრულებდა ნატალია ვავილოვა... ამ ფილმამდე მან უკვე ორ ფილმში გადაიღო და როდესაც მენშოვმა და ბატალოვმა გოგას მომავალი გერის შერჩევა დაიწყეს, ორივე მივიდა დასკვნამდე, რომ ვავილოვა საოცრად უხდება როლს და სინჯებიც არ დაჭირდებოდა...

 

ამ დროს, ნატალიას მშობლები მას დიპლომატის კარიერისთვის ამზადებდნენ და კატეგორიული უარი განაცხადეს მის ფილმში მონაწილეობაზე...ეტყობა, არ იცნობდნენ ბატალოვს... ის პირადად ესტუმრა და 2 წუთში მოხიბლა... სხვათაშორის, სწორედ ფილმის გადაღებებზე ნატალიამ გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, მასზე 21 წლით უფროსი, წარმოშობით თბილისელი, ბოევიკების რეჟისორი, სამველ გასპაროვი... გათხოვების შემდეგ სულ რამდენიმე ფილმში მიიღო მონაწილეობა, უმეტეს შემთხვევაში, რომელთა რეჟისორი იყო მისი მეუღლე... ამჟამად ნატალია, არ ურთიერთობს პრესასთან, ცხოვრობს მეუღლესთან ერთად კერძო სახლში, ცნობილ რუბლიოვის შოსეზე, სისტემატურად დადის ეკლესიაში... მატერიალურად ეხმარება ბავშვთა სახლს... დაკავებულია ყვავილების მოშენებით, ბაღით, კულინარიით და საქველმოქმედო მოღვაწეობით...

 

და აი, ფილმის გადაღება დასრულდა. მას ცენზურამ 1 საათი ჩამოაჭრა და მაინც რაღაცა პრეტენზიები ჰქონდათ... ყველაფერი გადაწყდა მას შემდეგ რაც ფილმი ნახა ლეონიდ ბრეჟნევმა... ცოტა წაუტირა კიდევაც და გამოიტანა ვერდიქტი - „შესანიშნავია!“ როდესაც 1981 წლის 1 აპრილს რეჟისორ მენშოვს დაურეკეს და აცნობეს, რომ მისმა ფილმმა მიიღო „ოსკარი“, მას ეს „საპირველაპრილო“ ხუმრობა ეგონა... სამწუხაროდ, იმ პერიოდში, ვიღაცა ძალიან „კეთილ მსურველმა“ მასზე 2 ანონიმური წერილი დაწერა და არ გაუშვეს პრემიის მისაღებას... „ოსკარ ბიძიას“ ქანდაკება მის მაგივრად, გადასცეს რუსეთის ატაშეს... სხვათაშორის, (გეფიცებით, არ ვხუმრობ), რონალდ რეიგანმა, გორბაჩოვთან შეხვედრამდე, რუსული სულის ამოსაცნობად, ფილმი ნახა 8-ჯერ და „მაინც ვერაფერი ვერ გავიგეო“, -თქვა...

 

გისურვებთ ბედნიერ ლამაზ და გაგებით სავსე დღეს!

 

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 Lela Anjaparidze-ს ფოტო.

 

 

Lela Anjaparidze-ს ფოტო.

 

 

Lela Anjaparidze-ს ფოტო.

 

 

Lela Anjaparidze-ს ფოტო.

 

 

Lela Anjaparidze-ს ფოტო.

 

 

 

big_banner
არქივი