logo_geo
1944 წლის 12 თებერვალს კლაუდია მორი დაიბადა
- +

12 თებერვალი. 2019. 15:01

 

ძალიან დილა მშვიდობის!

 

თავიდანვე გთხოვთ, ამ პოსტის წაკითხვის დროს, გულში წაიმღეროთ იტალიური „Io vorrei... non vorrei... ma se vuoi“ ან „La Cura“. ან „A Te“ ან „Felicità“, რომელიც ყველამ ვიცით....

 

სწორედ ამ დღეს, 1944 წლის 12 თებერვალს, ქალაქ რომში დაიბადა ცნობილი მსახიობი, მომღერალი, კინოპროდიუსერი და, რაც მთავარია, ადრიანო ჩელენტანოს მეუღლე, თვალწარმტაცი და იტალიურად ვნებიანი, კლაუდია მორი...

 

ვიცი, არ ეწყინება ჩემი სიტყვები „რაც მთავარია“, რადგანაც მართლა გადაყვა მთელი ცხოვრების განმავლობაში ბავშვივით მოსავლელ ადრიანოს...

 

თანაც, სავარაუდოდ, მთელ მსოფლიოში ერთადერთი ქალია, ვინც 55 წელია უძლებს ადრიანოს და მაინც აღმერთებს...

 

მათ იტალიის ყველაზე ლამაზ წყვილს უწოდებდნენ...

 

კლაუდიამ და ადრიანომ ერთმანეთი გაიცნეს 1963 წელს, ფილმი „ერთი უცნაური ტიპის“ გადაღებებზე...

 

დახვეწილ და პრეტენზიულ კლაუდიას ჩელენტანო თავიდანვე არ მოეწონა... მას ნანახი ჰქონდა მისი ფილმები, მოსმენილი ჰქონდა მისი სიმღერები, მაგრამ ზედმეტად ეპატაჟურ ადამიანად მიაჩნდა...

 

ადრიანომ გამოიყენა თავისი მომხიბვლელობის მთელი არსენალი, მაგრამ მუდმივად იღებდა ცივ უარს...

 

ყველაფერი გადაწყვიტა შემთხვევამ... კლაუდიას გამო, გადამღებ პავილიონში მოხდა მოკლე ჩართვა. გატყდა ჭაღის პლაფონი და მისმა ნატეხებმა სახე დაუსერეს ადრიანოს... კლაუდია მივარდა, პირველი დახმარების საშუალებებით და ბოდიში მოუხადა...

 

ცოტა ხანში ისინი ისხდნენ კაფეში...

 

ერთ საათში კი ჩაიკეტნენ საგრიმიოროში, სადაც ჩელენტანომ პირველად აკოცა...

 

წამოიდგინეთ, და ამის შემდეგაც კლაუდია არ დანებდა ადრიანოს, რადგანაც თვლიდა, რომ მისი ნდობა - სისულელეა...

 

მაშინ ადრიანომ ჩართო „მძიმე არტილერია“ და მიიწვია კლაუდია თავის კონცერტზე, დასვა პირველ რიგში, მიუძღვნა კონცერტის ბოლოს შესრულებული სასიყვარულო ბალადა და მთელი დარბაზის წინ, აუხსნა სიყვარული... ასე დაიწყო მათი ლამაზი რომანი, რომელიც 1964 წელს გადაიზარდა ქორწინებაში... და რაც მთავარია, დღემდე გრძელდება...

 

კლაუდიამ ჩელენტანოს გაუჩინა 3 შვილი და ამავე დროს, გახდა მის შემოქმედებაში შეუცვლელი ადმინისტრატორი, იმიჯმეიკერი და პიარ-მენეჯერი, დაუშრეტელი ფანტაზიით..

 

ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ემოციური ჩელენტანო არ ღალატობდა მეუღლეს, თანაც იტალიელი ქალების სხვანაირი ხიბლის გათვალისწინებით... კლაუდიას იტალიაში „ყველაზე ეჭვიან ქალს“ ეძახდნენ, მაგრამ მერე ადრიანო ბრუნდებოდა და ისე უხდიდა მეუღლეს ბოდიშს, რომ ის პატიობდა...

 

ერთხელაც, წყვილმა ეს თემა გაითამაშეს... გავარდა ხმა, რომ ბრიანცის სარკინიგზო სადგურზე, რელსებზე წევს ადამიანი, ვინც აპირებს თავის მოკვლას... აღმოჩნდა, რომ ეს ჩელენტანოა... სადგურზე ჟურნალისტების ტევა არ იყო...

 

აი, უკვე ისმის ლოკომოტივის ხმა... შეკრებილებს აბრმავებენ მატარებლის ფარები... კლაუდია ხმამაღლა მოთქვამს...

 

მსახიობი რელსებიდან ადგა ბოლო მომენტში, როდესაც მატარებლის ბორბლები სულ რამდენიმე მეტრში იყო მისგან...

 

კლაუდია მივარდა ... ერთმანეთს ჩაეხუტნენ და შერიგდნენ...

 

ადრიანოს სან-რემოს ფესტივალში გამარჯვებაშიც მის მეუღლეს დიდი წვლილი მიუძღვის... ის სცენაზე გამოვიდა მასთან ერთად, ხელჩაკიდებული... შეყვარებული თვალებით უყურებდა ადრიანოს და ხმას აყოლებდა... ამ გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტების შეფასებით, მთელი ათწლეულის განმავლობაში, სან-რემოს სასიმღერო ფესტივალი გადაიქცა ერთი მსახიობის - ჩელენტანოს თეატრად.

 

ჩელენტანოს ცხოვრებაში ჰქონდა ერთადერთი მართლა სერიოზული და სახიფათო რომანი, სიყვარულისთვის და რომანებისთვის გაჩენილ ორნელა მუტისთან, რომელიც დაიწყო ფილმი „ჭირვეულის მორჯულების“ შემდეგ. ორნელამ ადრიანოს გამო, მიატოვა მეუღლე, მსახიობი ალესიო ორანო და იმავეს ითხოვდა ჩელენტანოსგანაც...

 

ჩელენტანო კი გადაწყვეტილების მიღებას წელავდა... კლაუდია ელოდა მის დაბრუნებას და ყველა ინტერვიუში იმეორებდა - „შემთხვევითი ღალატი - სულაც არ არის დაშორების მიზეზი. მისი პატიება შეიძლება, მამაკაცისთვის - შემთხვევითი კავშირები - ეს იგივეა, რაც მექანიკოსისთვის ახალი ავტომობილის ტექშემოწმება“...

 

ადრიანო, რა თქმა უნდა, დაბრუნდა ოჯახში და სახალხოდ მოიხადა ბოდიში მეუღლის და შვილების წინაშე... გარდა ამისა, რომანტიკულმა ჩელენტანომ დაბრუნებამდე მისწერა მეუღლეს 32-გვერდიანი წერილი...

 

ორნელა მუტი კი დღემდე ამტკიცებს, თუმცა, აღარავინ არ ეკითხება, რომ ის და ადრიანო ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს, რადგან ძალიან ძლიერები და ბრწყინვალეები იყვნენ...

 

დღეს ჩელენტანოს ოჯახი ცხოვრობს მილანიდან 100 კმ-ში განთავსებულ მყუდრო ვილაში, რომლის შესასვლელშიც, ადრიანოს ინიციატივით, დგას შადრევანი კლაუდია მორის ქანდაკებით...

 

მათ ცხოვრებაში იყო გიჟური ვნებები, ეჭვიანობები, შვილები, დაბრუნებები, პატიებები...

 

მოკლედ, კლასიკური იტალიური ქორწინება...

 

ძალიან მიყვარს კლაუდიას სიტყვები - „არაფერი ადრიანოზე უფრო საინტერესო ცხოვრებაში არ შემხვედრია“!

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და საინტერესო დღეს!!!

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი