logo_geo
დინა მირცხულავა: დამრჩა მძევალივით, ნაომარი რკინის ჩაფხუტივით, მისი ტილო, ჩემივე სახეებით დახუნძლული...
- +

13 თებერვალი. 2019. 17:06

 

მერაბ კოსტავას სახლთან ჰქონდა პატარა, ნესტიანი სახელოსნო. არ მახსოვს, ოდესმე სუფთა ტანსაცმელი სცმოდა, მუდამ მოთხუპნული, საღებავებით დალაქავებული დაიარებოდა. არ მაღიზიანებდა, იმიტომ რომ ასეთი იყო, მართლა ასეთი, წამით არ თამაშობდა.

 

უხეშსა და აუტანელს ცხოვრებაში, უმნიშვნელო ექცეოდა ხოლმე ტრაგედიად და ძლივს გამომყავდა მერე დეპრესიიდან.

 

სახელოსნოში ვსტუმრობდი ხშირად. ვიწყებდი ტიტინს გაუთავებლად, ზოგჯერ არც მისმენდა, მაგრამ მე მაინც ვლაპარაკობდი და არ მადარდებდა — არც თვითონ დაგიდევდათ დიდად — როცა რომელიმე ნახატს ვუწუნებდი და მხრებს ავიჩეჩდი, ვერაფერი გავიგე-მეთქი. 

იჯდა და ფუნჯის თავებს ღეჭავდა.

 

— სულ ილაპარაკე, დინა, არასდროს გაჩუმდე.

 

ერთხელ მითხრა, ოპიზარის ფრესკა თუ გინახავს, გაფითრებული თვალებით იმას ჰგავხარო სწორედ.

არ შევიმჩნიე, რომ არ მქონდა ნანახი, დღესაც არ ვიცი, რა ფრესკაა ეს.

 

დამხატე-მეთქი, ვთხოვე და დამთანხმდა. კარგა ხნის მერე დამირეკა, წაიღეო.

 

პორტრეტს ველოდი, გაწეწილი თმითა და თაფლისფერი თვალებით, მაგრამ სულ სხვა რამ დაუხატავს. დიდ ტილოზე იყო შესრულებული, სახეები და ნახევარსახეები დაეხატა. ნახატის ერთ მხარეს ბავშვი ვარ და ხის ძირში ვზივარ ვიღაცის მომლოდინე, მეორე მხარეს გოგონა ვარ — გაწეწილი თმით, მაგრამ უსახო. დანარჩენი სახეებია, ზოგან ვტირი, ზოგან გულგრილი ვარ, ზოგან — მოწყენილი. ერთგან სისხლი მოწვეთავს ცრემლის წილ და არსად, არსად არ ვიცინი!

 

სხვა ნახატებიც მქონდა მისი. გამოფენისთვის მთხოვა, ყველა მივეცი ამ ერთის გარდა, ჩემი ჩემთანა-მეთქი. 

 

მერე ცოლი შეირთო. თავიდანვე არ მომეწონა მდედრი, კეკელკა ქალი ჩანდა. ვუთხარი კიდეც, შენ კი არ უყვარხარ, მხატვარი უყვარს-მეთქი. გამებუტა.

მალევე დაშორდნენ ერთმანეთს.

ისიც გავიგე, ორსულად იყო და ნაყოფი მოიშორაო. ფაქტს ვერც უარვყოფ და დადასტურება, მით უფრო, არ ძალმიძს.

 

მხატვარი დაიკარგა.

მონასტრის მოხატვაზე მუშაობდაო, მითხრეს ბოლოს, და მკლავი ასტკივებია. იცით, ალბათ, როგორ ტანჯავთ მხატვრებს ეს დაავადება.

მალე დაუტოვებია მონასტერიც. შევეცადე, მომეძებნა, მაგრამ არ გამიკარა. მივუხვდი: იმდენად სძულდა წარსული, რომ მეც უსიამოვნო ფაქტად ვიქეცი, ან რაღაცის შიშმა აიძულა, არ გამევლო მის სიახლოვეს.

გავუგე და განზე გავდექი.

 

დამრჩა მძევალივით, ნაომარი რკინის ჩაფხუტივით, მისი ტილო, ჩემივე სახეებით დახუნძლული და ერთ სამსჭვალზე ჩამოკონწიალებული.

ის კი...

ის თითქოს ჩამავალ მზეს გაჰყვა დასაბრუნებლად.

 

 

 

big_banner
არქივი