logo_geo
1873 წლის 13 თებერვალს ფიოდორ შალიაპინი დიაბადა
- +

13 თებერვალი. 2019. 19:50

 

 

დღეს ჩემს სტიქიაში ვარ, რადგანაც სწორედ ამ დღეს, 1873 წლის 13 თებერვალს მშვენიერ ქალაქ ყაზანში, გლეხის ოჯახში დაიბადა ფიოდორ შალიაპინი.

 

კაცი, რომლის ხმა დღესაც ითვლება მთელ მსოფლიოში - განუმეორებლად...

 

აქვე ვიტყვი, რომ ერთადერთი მომღერალი, რომლის ხმასაც ადარებდნენ მის ხმას, გახლდათ ჩვენი თბილი და ტკბილი დავით (დათკა) გამრეკელი...

 

ძნელია, ჩამოთვალო ყველა ის წოდება, რაც ამ დიდ (195-სანტიმეტრიანი) და ლამაზ კაცს მიენიჭა, ამიტომ, ჩემი აზრით, ელეგანტურებს ჩამოვთვლი...

 

ბუქარის ემირატების ორდენი; პრუსიის არწივის ოქროს ვარსკვლავი; ოფიცრის წოდების კავალერის ორდენი; საფრანგეთი საპატიო ლეგიონის ორდენი, მისი აღმატებულების სოლისტის (რუსეთის იმპერია) წოდება, მისი აღმატებულება იტალიის მეფის სოლისტის წოდება, მისი აღმატებულება ინგლისის მეფის სოლისტის წოდება და რაც მთავარია, ყველაზე მაღალი - ხალხის სიყვარულის სოლისტის წოდება...

 

თავისი სასწაული ხმის, არაჩვეულებრივი არტისტიზმის, ფიზიკური მონაცემების, დახვეწილი მანერების მიუხედავად, შალიაპინი ყოველთვის რჩებოდა ხალხიდან გამოსული მომღერალი... ეს ბუმბერაზი კაცი იყო ბავშვივით წრფელი...

 

ერთხელ განაცხადა - „საუკეთესო მეცნიერება, უმაღლესი სიბრძნე და ცოცხალი რელიგია არის ის, როდესაც ერთ ადამიანს შეუძლია სავსე გულით უთხრას მეორე ადამიანს - „გამარჯობა!“

 

ფიოდორ შალიაპინის შესრულებით - ბორის გოდუნოვი, ხან კონჩაკი, ივანე მრისხანე, სალიერი, დონ კიხოტი, ივანე სუსანინი, დოსიფეი - მსოფლიოს ყველაზე ცნობილ სცენებზე ჟღერდა...

 

მე მისი თითქმის ყველა ჩანაწერი მაქვს მოსმენილი... მართლაც სხვანაირი, კოსმოსური ხმა აქვს... ძალიან ძლიერი და ამავე დროს ხავერდოვანი...

 

განსაკუთრებით მიყვარს მისი მეფისტოფელის კუპლეტები (გუნოს და არა ბოიტოს ოპერიდან) და კიდევ უფრო მიყვარს მისი შესრულებით მ. მუსორგსკის რომანსი „რწყილი“... სიტყვები ეკუთვნის თავად მომღერალს...

სიტყვები ცოტაა, მთავარია მისამღერი -

 

Ха-ха-ха-ха-ха блоха.

Ха-ха-ха-ха-ха блоха.

Ха-ха-ха-ха-ха блоха.

 

მაგრამ ეს უნიკალური „Ха-ха-ха-ха-ха“-ა... როგორ ათამაშებს ამ სიტყვებს, რა ინტონაციებია, რა იუმორი!

 

რომც არ გინდოდეს, ყველა რწყილი შეგიყვარდება ერთად.

 

შალიაპინი ბავშვობაში ეუფლებოდა მეწაღის ხელოვნებას... როდესაც ის 9 წლის გახდა, პირველად მოისმინა ეკლესიაში გალობა და საეკლესიო გუნდში ჩაეწერა...

 

16 წლის ასაკში შალიაპინმა მუშაობა დაიწყო სტატისტად დრამატულ დასში, ხოლო 17 წლის ასაკში პირველი ხმიანი როლი შეასრულა პ. ჩაიკოვსკის ოპერა „ევგენი ონეგინში“, თანაც, პრემიერის დროს, უნდა დამჯდარიყო სკამზე, სკამი გაუცურდა და დაჯდა პარკეტზე...

 

ამის შემდეგ, შალიაპინი ყოველთვის, სცენაზეც და ცხოვრებაშიც ყურადღებით ამოწმებდა, მყარად იდგა სკამი თუ არა...

 

თავისი ყველაზე საპასუხისმგებლო როლები კი ფიოდორ შალიაპინმა შეასრულა თბილისის (იმ დროს ტიფლისის) ოპერის თეატრში...

 

ტიფლისამდე შალიაპინი ჩავიდა სატვირთო მატარებლით, 1892 წელს... საქმე იმაშია, რომ ყაზანში მოუვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმში, ოფიცერი კლუჩარევი აგროვებდა იტალიურ საოპერო დასს. დასს იტალიური ერქვა, მაგრამ მხოლოდ 2 იტალიელი იყო მასში გაერთიანებული... ბათუმიდან დასი უნდა ჩასულიყო ქუთაისში, მაგრამ გზაშივე დაიშალა და ფიოდორი დაბრუნდა თბილისში.

 

და ამ დროს მოხდა ერთი მოვლენა, რომელსაც შალიაპინი სიცოცხლის ბოლომდე იხსენებდა - „ეს ზღაპარს ჰგავდა, ერთმა კაცმა თქვა, რომ უფასოდ მასწავლიდა ვოკალს, მეორემ კი, რომ ამაში კიდევ ფულს გადამიხდიდა“...

 

ანუ, რა მოხდა... შალიაპინმა მიიღო ყაზანიდან წერილი, სადაც იწვევდნენ საოპერო დასში, მეორე როლებზე. თავიდან ის დათანხმდა, რადგანაც მის ცხოვრებაში პირველ ადგილზე ყოველთვის იყო თეატრი. უცნობია, რა ბედი ეწეოდა მომღერალს, მაშინ რომ დაეტოვებინა თბილისი... შესაძლებელია, ასე შეუმჩნევლად დარჩებოდა მეორე როლებზე, მაგრამ თბილისელმა მეგობრებმა, მისი ხმის გაგონების შემდეგ, ურჩიეს მისულიყო პროფესორ უსატოვთან, რომელიც ადრე იმპერატორის თეატრის სოლისტი იყო...

 

როდესაც პროფესორმა შალიაპინს მოუსმინა, პირველივე შეხვედრიდანვე დაუმტკიცა, რომ მას ბარიტონი კი არა, ბანი ჰქონდა. მოსმენის შემდეგ, შალიაპინმა მორიდებულად იკითხა - „შეიძლებან თქვენთან ვისწავლო სიმღერა?“ უსატოვმა კი უპასუხა - „შეიძლება კი არა, უნდა ისწავლოო“ და აქვე დაუმატა, რომ გაკვეთილებში ფულს არ აიღებდა. უფრო მეტიც, ის მიხვდა, რომ შალიაპინს უჭირდა და გააგზავნა „სამუშაოდ“ თავის ახლობელ აფთიაქართან...

 

აფთიაქარს ცოტა გული დაწყდა, რომ მის ახალ მოსამსახურეს ლათინური არ სცოდნია, მაგრამ მაინც უთხრა - თვეში 10 რუბლს გადაგიხდიო (იმ დროს ნორმალური თანხა). შალიაპინს უკითხავს -„ და რა უნდა გავაკეთოო?“

აფთიაქარმა უპასუხა - „არაფერი. სიმღერა უნდა ისწავლოო და მიიღო ამაში ჩემგან 10 რუბლიო“...

სავარაუდოდ, ოთარ რამიშვილის აფთიაქარივით, ტკბილი კაცი იყო...

მაშინ შალიაპინმა თქვა - „მე პირველად დავინახე ადამიანისადმი ასეთი დამოკიდებულება“…

 

შალიაპინის ქალიშვილი, თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი, რომელმაც ითავა მამის არქივის შეკვრა და სახლ-მუზეუმის პატრონობა, ირინა შალიაპინა იხსენებდა, რომ როდესაც შალიაპინი საუბრობდა თბილისზე, თვალები ენთებოდა და იმეორებდა, რომ ამ ქალაქმა მასზე ჯადოსნური გავლენა მოახდინა...

 

ვინ მოთვლის კიდევ რამდენზე... ამიტომაც სჭირდება ამ ჩვენს თბილისს სათუთი დამოკიდებულება და გულში ჩახუტება და... შენარჩუნება...(ლირიკული გადახვევა)))

 

1894 წელს შალიაპინმა თბილისი დატოვა და დაიწყო მისი ტრიუმფალური გზა მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, მთელი მსოფლიოს თეატრებში...

 

1896-1899 წლებში შალიაპინი მღეროდა ცნობილი რუსი მეცენატის და საოცარი კაცის, სავა მამონტოვის „კერძო რუსულ ოპერაში“... მამონტოვი მოხიბლული იყო ფიოდორის ნიჭით და პირადი თვისებებით. ერთხელ გამოიძახა და განუცხადა - „თქვენ ამ თეატრში შეგიძლიათ აკეთოთ ყველაფერი, რაც გინდათ. თუ სასცენო კოსტიუმები გჭირდებათ, თქვით და იქნება კოსტუმიები. თუ ახალი ოპერის დადგმაა საჭირო, თქვით და დაიდგმება“. შალიაპინის თქმით, მან პირველად იგრძნო, რომ იყო თავისუფალი, ძლიერი და შეუძლია ყველა დაბრკოლების გადალახვა. მან მამონტოვის თეატრში მიიღო ის რეპერტუარი, რომელმაც ხელი შეუწყო მისი ხმის და ტემპერამენტის განვითარებას.

 

1899 წელს შალიაპინი გადავიდა მსოფლიოში ცნობილ „დიდ თეატრში“, სადაც სარგებლობდა საოცარი მოწონებით.

 

1901 წელს მომღერალმა იმღერა 10 სპექტაკლი მილანის „ლა-სკალაში“;

1905 წელს მუშებს გადასცა კონცერტებიდან მიღებული სახსრები;

 

მიუხედავად ამისა, რევოლუციის შემდეგ, ბოლშევიკებმა კონფისკაცია გაუკეთეს შალიაპინის სახლს, ავტომანქანას და ანაბრების უდიდეს ნაწილს. 1922 წელს მან დატოვა სამშობლო...

 

იმისთვის, რომ შალიაპინმა ერთ-ერთი კონცერტიდან ფული გადასცა თეთრგვარდიელი ემიგრანტების შვილებს, საბჭოთა ხელისუფლებამ მას ჩამოართვა სახალხო არტისტის წოდება და სამშობლოში დაბრუნება აუკრძალა... წოდებები კი აღუდგინეს 1991 წელს...

 

შალიაპინი შესანიშნავად ხატავდა და ძერწავდა...

 

ჰქონდა საოცარი იუმორის გრძნობა და ერთი განსაკუთრებული თვისება - მარტო თვითონ კი არ ხუმრობდა, სხვისი ხუმრობებიც ესმოდა და არ სწყინდა...

 

ერთხელ ბევრი იცინა, როდესაც გაიგო, რომ ლევ ტოლსტოის მასზე უთქვამს - „კარგი ხმა კი აქვს, მაგრამ საშინლად ხმამაღლად მღერისო“...

 

ის ასევე მეგობრობდა მაქსიმ გიორკისთან და ერთხელ შესთავაზა დახმარება რაღაც პოლიტიკურ საკითხში...

 

გორკის გასცინებია და უთხრა - „შენ ამისთვის ცოდო ხარ... წადი და იმღერეო“!!!

 

მომღერალი გარდაიცვალა პარიზში 1938 წლის 12 აპრილს (ზურიკოს დაბადების და ამავე დროს გარდაცვალების დღეს) და მისი შვილების მეშვეობით, მხოლოდ 46 წლის შემდეგ შეძლეს მომღერლის ფერფლის ჩამოტანა და დაკრძალვა სამშობლოში...

 

ფიოდორ შალიაპინს ჰყავდა ორი მეუღლე. პირველი, იტალიელი ბალერინა, იოლა ტორნაგი, მან გაიცნო ნიჟნი ნოვგოროდში, ამ ქორწინებაში გაჩნდა 6 შვილი... ქორწინების დროს, მან გაიცნო მერია პეტცოლდი, რომელსაც ჰყავდა 2 საკუთარი შვილი და შალიაპინისგან კიდევ 3 გააჩინა. ასე რომ, დიდ მომღერალს ჰყავდა 9 საკუთარი და 2 ნაშვილები ბავშვი...

 

გარკვეული პერიოდი ის იყოფოდა 2 ოჯახს შორის, მაგრამ ეს ოჯახები არასდროს გადაკვეთილა...

 

შალიაპინის ყველა შვილი იყო ნიჭიერი და წარმატებული და რაც მთავარია, თითქმის ყველამ 80 წლის ასაკს მიაღწია. ყველაზე გვიან წავიდა მარინა შალიაპინა, რომელიც ცხოვრობდა იტალიაში, იყო მსახიობი, ითვლებოდა რუსი ემიგრაციის ყველაზე ლამაზ ქალბატონად, მეუღლე ჰყავდა - ვენეციის ფესტივალის ფუძემდებელი (ბოლო ფოტოზეა მარინა და მისი მეუღლე)... მარინა ატარებდა ტიტულს „მისს რუსეთი 31“ და ასევე ატარებდა „ბენტლის“ და „ალფა-რომეოს“... ბრწყინვალე განათლება ჰქონდა მიღებული, ფლობდა 5 ენას და გარდაიცვალა 98 წლის ასაკში...

 

ფიოდორ შალიაპინი კი გარდაიცვალა 65 წლის ასაკში... ეს მის დიდ ოჯახში გამონაკლისი იყო..

 

მე მგონი, ზედმეტად დიდი გული ჰქონდა, რომელმაც სამშობლოს გარეშე უბრალოდ ვერ გაძლო...

 

გისურვებთ ბედნიერ ლამაზ და სასიყვარულო არიებით სავსე დღეს!

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 Lela Anjaparidze-ს ფოტო.

 

 

Lela Anjaparidze-ს ფოტო.

 

 

 

Lela Anjaparidze-ს ფოტო.

 

 

Lela Anjaparidze-ს ფოტო.

 

 

Lela Anjaparidze-ს ფოტო.

 

 

 

big_banner
არქივი