logo_geo
1769 წლის 13 თებერვალს ივანე კრილოვი დაიბადა
- +

13 თებერვალი. 2019. 11:47

 

 

„...უთხრა და ზურგზედ მოიგდო, ტყეში წაიღო საწყალი...

დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი?“

 

1769 წლის 13 თებერვალს მოსკოვში დაიბადა რუსების ეზოპე, სულხან-საბა და ლაფონტენი, ანუ უდიდესი რუსი მეიგავე ივანე კრილოვი, რომელმაც, „მიბაძა“ რა ჩვენს დიდ მეარაკეს, არაერთხელ შეასრულა ჩვენი საბავშვო ბაღისა და სკოლის მასწავლებლების ფუნქცია და თავისი იგავებით დღენიადაგ ჭკუას გვარიგებდა, ესაო, ისაო, ამას არ ენდოთო, ის სახლში არ შეუშვათო, უფროსებს არ გაუთამამდეთო, იშრომეთ და ნუ იფუქსავატებთო... ხომ გახსოვთ, როგორ მიგვანიშნებდა:

 

„დაჭრიჭინებდა, დახტოდა ჭრიჭინობელა პატარა

და უშრომ-უზრუნველობით მთელი ზაფხული ატარა...“

„...შიმშილით კუჭი უხმება, თანაც სიცივით კანკალობს,

ვეღარ ჰხტის, ენაც ჩაჰვარდა, ჩვეულებრივად ვერ გალობს!“

ან თუნდაც „დათვის წვეულება“, მელა რომ დათვის ცეკვას იწონებს, მგელი კი ჭკუას არიგებს, ნუ იტყუებიო:

„...მელაკუდამ ტაში დაჰკრა: „ამფერ! ჩემო დათუნაო!

როგორ გშვენის ეგ დავლური, მალაყები და ხტუნვაო!“

„...მაშინ მგელმა წასჩურჩულა: “მელავ, ტყუილს ნუ ამბობო!

სასაცილოდ დაძუნძულებს და შენ მაგრე რად ამკობო?“

ან „ყვავი და მელა“, როდესაც მელაკუდა, ყველის გულისთვის, ყვავის „შებმას“ ცდილობს, არიქა, მაგარი ხმა გაქვს და წამიმღერეო:

„...შენი თვალების ჭირიმე , ნისკარტის, ბოლო-ფრთებისო!

რად არ ხარ მეფედ ფრინვლების? შვენებით ვინ გედრებისო?“

და ის დებილი ყვავი რომ დაიჯერებს და:

„...დასძახა თვისი „ყვა“, „ყვა“, „ყვა“! გავარდა ყველის ნაჭერი;

ის მელაკუდამ ჩასანსლა, ყვავი კი დარჩა მშიერი“.

 

მარტო „გედი, კალმახი და კიბო“ რად ღირს, რომელიც ქართველებმა შაირებად ვაქციეთ?! ხომ გახსოვთ: „...Однажды Лебедь, Рак да Щука...“ რომელსაც ჩვენ „ვამდიდრებით“ ხოლმე ჩვენი „სიბრძნით“ – მოიგონეს ერთი შტუკა... და მიდიიიი.... ვისაც რა უნდოდა, იმით ასრულებდა ამ იგავს... გეტყვით, რომ კრილოვის იგავები დიდმა აკაკიმ გვითარგმნა.

 

ამას კი წერდა კრილოვი, მაგრამ თავად არანაირი სისტემური განათლება არ მიუღია, მასწავლებელი არ ჰყოლია, ბევრ წიგნს კითხულობდა, მარტოკამ ისწავლა მრავალ ინსტრუმენტზე დაკვრა, მოკლედ, თვითნასწავლი ტალანტი იყო, უნიჭიერესი კაცი, რომელმაც ყველაფერს თავად მიაღწია... კრილოვი პატარაობიდანვე კარგად იცნობდა უბრალო ხალხის წეს-ჩვეულებებსა და ყოფა-ცხოვრებას და გადაწყვიტა, რომ ეს ფურცელზე აღეწერა... რაც მთავარია, პუტკუნა კრილოვს განსაკუთრებით უყვარდა ჭამა. დარწმუნებული ვარ, რომ გემრიელად ჭამა მხოლოდ კეთილ ადამიანებს უყვართ... კრილოვი ნამდვილად იყო კეთილი: ცოლ-შვილი არ ჰყოლია, მაგრამ როდესაც შინამოსამსახურე ფენიამ ქალიშვილი საშა გაუჩინა, ივანემ, ფენიას გარდაცვალების შემდგომ, გოგონა თავის სახლში ჩაასახლა, კარგი განათლება მისცა, კარგადაც გაათხოვა, შვილებსაც უზრდიდა და დიდი ქონებაც დაუტოვა... 75 წლის ივან კრილოვი გარდაიცვალა 1844 წელს. ამბობენ, რომ ამ მძიმე კაცის სასახლე, სხვებთან ერთად, თვით გრაფ ორლოვს, სახელმწიფოს მეორე პირს მიჰქონდა სასაფლაომდე. კრილოვი დაკრძალეს ალექსანდრე ნეველის ლავრის ტიხვინის სასაფლაოზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი