logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: ქორწინება, რომელმაც შოკში ჩააგდო მთელი მსოფლიო...
- +

14 თებერვალი. 2019. 16:30

 

დღეს დღეთა დღეა, ანუ - სიყვარულის დღე...

 

მე კიდევ - მიყვარხართ ძლიერ-ძლიერ!!!

 

მაგრამ დღეს კონკრეტულად ქალის და მამაკაცის მიჯნურობის დღესასწაულია....

 

რა თქმა უნდა, გვახსენდება რომეო და ჯულიეტა... კლეოპატრა და მარკ ანტონიუსი... ტრისტანი და იზოლდა... პარისი და მშვენიერი ელენა... ნაპოლეონი და ჟოზეფინა... ორფეოსი და ევრიდიკა... ლეილა და მეჯნუნი... ტოსკა და კავარადოსი, ოტელო და დეზდემონა, აბესალომ და ეთერი... პრინცი და გედი ოდილია...

 

გამაჩერეთ, სანამ გერასიმესა და მუმუზე გადავიდოდე...

 

ბევრი ვიფიქრე, რაზე დამეწერა და მოვიფიქრე...

 

სამწუხაროდ, ყველაზე უფრო საინტერესოდ იკითხება „სკანდალური“ ისტორიები და ამიტომაც შევარჩიე მეზალიანსის თემა... თანაც მეზალიანსთა მეზალიანსის...

 

დღეს მინდა გავიხსენო ერთი ქორწინება, და უსასრულო სიყვარული, რომელმაც შოკში ჩააგდო არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის ტრადიციების მკაცრად დამცველი და ამპარტავანი სამეფო კარი, არამედ, მთელი მსოფლიო...

 

ეს გახლავთ უოლის სიმპსონის და ინგლისის მონარქის, ედუარდ VIII-ის ისტორია...

 

ედუარდი გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი მეფე ინგლისის ისტორიაში, რომელმაც ნებაყოფლობით განაცხადა უარი სამეფო ტახტზე - ამის მიზეზი კი გახლდათ მისი აუხსნელი და საოცარი სიყვარული ორჯერ ქმარსგაცილებული ამერიკელი ქალბატონის, უოლის სიმპსონის მიმართ.

 

ედუარდი იყო 36 წლის, როდესაც გაიცნო 35 წლის მისის უოლის სიმპსონი, ქალიშვილობის გვარი - უორფილდი. ის მეორეჯერ იყო გათხოვილი მდიდარ მეწარმეზე, ერნესტ სიმპსონზე და ცხოვრობდა ლონდონში... ნისლიან, უჟმურ დღეებში კი, არჩევდა,- „ნორკის“ მოკლე ქურთუკი ჩაეცვა თუ ტვიდის უჯრედებიანი კოჭებამდე პალტო ...

 

მათი საბედისწერო შეხვედრა მოხდა 1930 წლის ნოემბრის დასაწყისში, როდესაც სიმპსონების წყვილი მიიწვიეს სადილზე, რომელსაც უნდა დასწრებოდა უელსის პრინცი.

 

ჰყვებიან, რომ ედუარდს უოლისის ნახვაზე ელდა ეცა. თუმცა, ის თითქოს არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული სილამაზით... მაგრამ ისეთი იყო, ბევრ ლამაზ ქალბატონს სჯობდა...

 

ფოტოები რომ ვნახე, პრინცს გავუგე... ორგანზომილებიანი შავ-თეთრი სივრციდანაც ასხივებს ამ შესანიშნავი ქალის შარმი, გრაცია და სტილი...

 

საოცარია, მაგრამ ამ დღის მერე, უოლისი და ედუარდი თავის ურთიერთობებს არ მალავდნენ, ედუარდის სტატუსისა და უილისის ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად...

 

ისინი ერთად დადიოდნენ ქუჩებში, მიღებებზე, რესტორნებში...

 

სამეფო ოჯახი არ ნერვიულობდა, რადგანაც არავის არ ეგონა, რომ ეს წამიერი ვნება კი არა, ნამდვილი სიყვარული იყო...

 

1936 წელს გარდაიცვალა ინგლისის მეფე გეორგ V და მისი ადგილი დაიკავა ედუარდმა... პარალელურად, უოლისმა შეიტანა განცხადება განქორწინებაზე...

 

სამეფო ოჯახი ჩავარდა პანიკაში, შეეკრა პარლამენტს და ედუარდი დააყენეს არჩევანის წინ - ამ სამეფო ტახტი, ან უოლისი...

 

მისი არჩევანი იყო ცალსახა...

 

სხვათაშორის, მას გვერდში ედგა და ბოლომდე ამართლებდა უინსტინ ჩერჩილი...

 

1936 წლის 10 დეკემბერს ედუარდ VIII გამოვიდა ხალხის წინაშე სიტყვით და განაცხადა - „თქვენ ყველამ იცით ის მიზეზი, რომელმაც მაიძულა, უარი მეთქვა სამეფო ტახტზე, მაგრამ მე მინდა, რომ თქვენ გამიგოთ, - როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებდი, მე არ დამვიწყებია ჩემი ქვეყანა და იმპერია... მაგრამ თქვენ ამავე დროს უნდა დამიჯეროთ, - ჩემთვის შეუძლებელია მეფის ვალდებულების შესრულება, ისე როგორც მე მინდა და მეკადრება, იმ ქალის სიყვარულისა და მხარდაჭერის გარეშე, რომელიც მე მიყვარს...“

 

თურმე, ალა პუგაჩოვას ცნობილი სიმღერა

 

„Все могут короли, все могут короли!

И судьбы всей земли вершат они порой,

Но, что ни говори, жениться по любви

Не может ни один, ни один король!“, -

 

სწორი არ ყოფილა, რადგანაც

 

Настоящие короли могут все!!!

 

მათ იქორწინეს 1937 წლის მაისში... უოლისი იყო 40 წლის, ედუარდი კი - 42-ის... მათ ჯვრისწერას პატარა ფრანგულ Chateau de Cande-ში ედუარდის არცერთი ნათესავი არ დასწრებია...

 

ედუარდს მიენიჭა ჰერცოგის ტიტული, მაგრამ მას აუკრძალეს სამშობლოში ჩასვლა, ახალი მეფის, მისი უმცროსი ძმის, გეორგ VI-ეს სპეციალური მოწვევის გარეშე...

 

ის არც ამჟამინდელი დედოფლის, მისი ძმისშვილის ელისაბედ II-ს ტახტზე ასვლის ცერემონიაზე არ მიიწვიეს...

 

ასეთი ფასი გადაიხადეს ედუარდმა და უოლისმა თავისი სიყვარულისთვის, მაგრამ, ჩემი აზრით, ღირდა...

 

ისინი ცხოვრობდნენ დიდხანს და, რაღა თქმა უნდა, ბედნიერად, ბევრს მოგზაურობდნენ, წერდნენ მემუარებს...

 

მათი იდილია გაგრძელდა 1972 წლამდე, როდესაც ედუარდი გარდაიცვალა სიმსივნისგან...

 

უოლისმა კიდევ 13 წელი იცხოვრა... სავარაუდოდ, გაღუღუნებულ ბუხართან შალშემოხვეული, უყურებდა თავისი კაცის, მართლა ნამდვილი მამაკაცის ფოტოებს და იხსენებდა... ალბათ, რამდენი ლამაზი წუთი და წამი ჰქონდა გასახსენებელი...

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და სიყვარულით გაბრწყინებულ დღეს!!!

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი