logo_geo
თეა ფირცხალავა: შოთას სიტყვებით მოგილოცავთ, რადგან სიყვარულის სადიდებელი ცოტას თუ გამოუთქვამს მასზე უკეთ...
- +

14 თებერვალი. 2019. 13:52

 

 

„სიყვარული აღგვამაღლებს“, ვით ეჟვანნი ამას ჟღერენ“

 

დღეს სიყვარულის დღე არისო, იწერება აქეთ–იქეთ... სიყვარულს რა განსაკუთრებული დღე სჭირდება? მაგრამ თუ მაინცდამაინც უნდა აღვნიშნოთ, მაშინ შოთას სიტყვებით მოგილოცავთ, რადგან სიყვარულის სადიდებელი ცოტას თუ გამოუთქვამს მასზე უკეთ:

 

„ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად“. გაიგეთ, ჩემო ძვირფასებო? სიყვარული გზად და ხიდადო, ასე დაგვიბარა სიყვარულის დიდოსტატმა.

 

დიდი შოთას „დარიგებებს“ რომ მივყოლოდით, სიყვარული, მეგობრობა, მოყვასის გატანა და მრავალი სხვა სიკეთე აღმატებით ხარისხში უნდა აგვეყვანა საქართველოში, მაგრამ... „ოდეს ყოფილ არს აქამომდე...“ რომ ბრძენთა დანაბარები ვინმეს ყურად ეღო?! რაკი რუსთაველით დავიწყეთ, დღეს კიდევ ერთხელ გაგახსენებთ მე–17 საუკუნის ქართველ პოეტს, კალიგრაფს, ილუსტრატორსა და მხატვარ-მინიატურისტს მამუკა თავაქალაშვილს, რომელიც იყო იმერეთის მეფის გიორგის მდივან–მწიგნობარი, სამეგრელოს მთავრის – ლევან II დადიანის კარის მხატვარ–კალიგრაფი და ამავე დროს – მსოფლიო ლიტერატურული მემკვიდრეობის ნამდვილი შედევრის – „ვეფხისტყაოსნის“ გადამწერი და პირველი ილუსტრატორი. „ვეფხისტყაოსნის“ უძველესი ხელნაწერი, რომელიც 1646 წლით თარიღდება, თავდაპირველად სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანის სასახლეში ინახებოდა. არის ვარაუდი, რომ მამუკა თავაქალაშვილმა „ვეფხისტყაოსანი“ სწორედ მისი დაკვეთით გადაწერა, რაც დასტურდება ხელნაწერზე დართული მთავრის პორტრეტით. ხელნაწერში ნახავთ თავად მხატვარ–გადამწერის და შოთას პორტრეტებსაც. ეს ხელნაწერი ინახებოდა ნინო კორინთელის კერძო კოლექციაში, ხოლო 1911 წელს, დიდი ექვთიმე თაყაიშვილის შემწეობით, ეს ხელნაწერი შეიძინა წერა–კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ და დღეს იგი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. იქვე ინახება მამუკა თავაქალაშვილის მიერ გადაწერილი „შაჰნამეს“ ქართული პროზაული ვერსია.

 

მე–17 საუკუნის საქართველოში, მამუკა თავაქალაშვილის გარდა, მოღვაწეობდა არაერთი ცნობილი კალიგრაფი, მათ შორის სულხან–საბა ორბელიანი და ანთიმოზ ივერიელი.

 

ფოტოებზე იხილავთ მამუკა თავაქალაშვილის ავტოპორტრეტს, შოთას პორტრეტს და „ვეფხისტყაონის“ თავაქალაშვილისეულ ილუსტრაციებს. შოთა მხატვარმა უწვეროდ დახატა, რადგან პოემის წერის დროს, როგორც ამბობენ, შოთა ახალგაზრდა და უწვერულვაშო ყოფილა.

 

გილოცავთ სიყვარულის დღეს.

 

 

თეა ფირცხალავა

 

 

 Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

 

big_banner
არქივი