logo_geo
1928 წლის 14 თებერვალს გურამ პატარაია დაიბადა
- +

14 თებერვალი. 2019. 14:06

 

 

1928 წლის 14 თებერვალს თბილისში დაიბადა სახელოვანი ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი და რუსთაველის პრემიის ლაურეატი გურამ პატარაია. პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ კარგად მახსოვს მისი სიმპათიური გარეგნობა, წარმოსადეგი აღნაგობა და საოცარი ღიმილი... ბევრგან ამოვიკითხე, რომ ბატონი გურამი, თურმე, წმინდანად შერაცხული დიდი ქართველი სახელმწიფო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის პირდაპირი შთამომავალი ყოფილა... იქნებოდა და ამის დასტურია ის, რომ მან, როგორც მემატიანემ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მრავალი ისტორიული მასალა მოიძია და აღბეჭდა. ბატონი გურამი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გასცდა საბჭოთა საქართველოს საზღვრებს და ფირზე აღბეჭდა ქართული კულტურის უძველესი კერები, მათ შორის რამდენიმე უნიკალური ქართული ხელნაწერის ფრაგმენტი. ბევრს ექნება ნანახი მისი დოკუმენტური ფილმები: „შორია გურჯისტანამდე“, რომელშიც აღბეჭდილია ფერეიდნელი ქართველების ყოფა–ცხოვრება, ,,პალესტინის სიძველეთა საიდუმლოებანი“, რომელშიც პალესტინასა და ისრაელში შემორჩენილი ქართული ისტორიული ძეგლებია აღბეჭდილი, „რუსთაველის ნაკვალევზე“, რომელიც შოთა რუსთაველის 800 წლის საიუბილეოდ გადაიღეს. მარტო ის რად ღირს, რომ მუშაობის პროცესში გადამღებ ჯგუფს კონსულტაციებს უწევდნენ: ირაკლი აბაშიძე, აკაკი შანიძე, გიორგი წერეთელი, შალვა ნუცუბიძე, გიორგი ჩუბინაშვილი, შალვა ამირანაშვილი, ალექსანდრე ბარამიძე, ვახტანგ ბერიძე, სარგის ცაიშვილი...

 

გურამ პატარაიას და თელ-ავივის კინოქრონიკის გადამღები ჯგუფების წყალობით ისრაელის მოსახლეობამ პირველად შეიტყო, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტერი ქართველთა მიერ აშენებული უძველესი ქართული ეკლესია იყო.

 

ახლა კი დადგა დრო, რომ გავიხსენოთ ბატონი გურამის ყველაზე ცნობილი და ყველასთვის საყვარელი სატელევიზიო ფილმები: „რეკორდი“ და „კუჩხი ბედინერი“, ან რა გახსენება უნდა? „ბედის ირონიისა“ არ იყოს, ვერც ქართული ტელევიზიები აუვლიან გვერდს ყოველ ახალ წელს ჩვენს ოჯახებში პაჭუს და ბროლიას „გამოგზავნას“... ამ ორი შედევრიდან დაფრთიანებული ფრაზები და სახელები კი ჩემი თაობის ყველა ადამიანმა ზეპირად იცის და მათ გახსენებაზე დღესაც გულიანად იცინის: ამხანაგი ღინტუ, რომელიც რაიონული მასშტაბით არცხვენდა ხუტა უფროსს, ან მისი მუქარა: „არ ვიცი პირდაპირ, როგორ დაგაპატიმრებ“, ან „ციხეში ამოგალპობ სპორტული აფერისტობისათვის“, ან „შეაგინე, დურუ! შეაგინე, მე შენ გელაპარაკები!“ ან „სორე სკან იდეურ-პოლიტიკური დონე?“ ჯუნა მიქატაძის გენიალურად შესრულებული პაჭუ, უმაგრესი „მსახიობი“ ბროლია, ჩვენი ძვირფასი „მეკუჩხური“ და კოჩია და მისი ქალები - ცუცა, ცირუ, ძაბული, ან მათი მეგრული ჭუკჭუკი და ბოლოს... ირაკლი უჩანეიშვილის და პატარა გოგონას სასწაული სიმღერა... წარმოუდგენელია, ვინმეს არ ახსოვდეს ირაკლი უჩანეიშვილის განუმეორებელი ხმა.

 

55 წლის გურამ პატარაია გარდაიცვალა 1983 წელს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

 

თეა ფირცხალავა

 

 

 Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

 

big_banner
არქივი