logo_geo
1954 წლის 16 თებერვალს ამერიკელი მოდელი და მსახიობი მარგო ჰემინგუეი დაიბადა
- +

16 თებერვალი. 2019. 19:06

 

 

„ეკლიანი გზით ვარსკვლევებისკენ“.

 

დღეს ბედისწერით განწირულ კიდევ ერთ მშვენიერ ქალბატონს გაგაცნობთ. 1954 წლის 16 თებერვალს დაიბადა ამერიკელი მოდელი და მსახიობი მარგო ჰემინგუეი, ქალი - მრავლისმეტყველი გვარით და "თანდაყოლილი" განაჩენით. მამამისი ჯეკ ჰემინგუეი ძალიან დიდი კაცის და უდიდესი მწერლის უფროსი ვაჟი იყო. იმ ღამეს, როდესაც ოჯახში ქალიშვილი გაჩნდა, ჯეკი და მისი ცოლი „შატო მარგოს“ სვამდნენ და გოგონას სახელის შერჩევისთვის თავი არ შეუწუხებიათ, მარგო დაარქვეს. იგი მარტოსული იზრდებოდა და მრავალ „სიკეთესთან“ ერთად, კითხვის და წერის უნარ-ჩვევები ჰქონდა დარღვეული. ამიტომაც ვერ შეძლო დიდი ბაბუის ნაწარმოებების გაცნობა, სამაგიეროდ, „სხვას“ გაეცნო, თანაც კარგად. ალბათ მისტიური დამთხვევა იყო, რომ 16 წლის მარგო სმას მიეძალა, მერე სკოლაც მიატოვა, ნიუ-იორკში გაიქცა, სამუშაოც იშოვა და... დაიწყო კიდეც დროებით ჭკუასმოგებული მარგოს „ეკლიანი გზით ვარკსვლავებისკენ“ სვლა. იგი უწარმატებულესი მოდელი გახდა და მილიონიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი „ფაბერჟესთან“... მაგრამ ვარკსვლავებისკენ სვლა მხოლოდ კარიერული არ ყოფილა. დაიწყო კლუბები და "ტუსოვკები", რასაც მოყვა სუპერ-ვარკსვლავთცვენა: ლაიზა მინელლი, ენდი უორჰოლი, ბიანკა ჯაგერი... მერე „ასპარეზზე“ ნარკოტიკიც გამოჩნდა... ის კი არადა, ერთხელ გაბრუებულმა მარგომ თვით ფრანსუაზა საგანს ხია ყბაში, რომელმაც გაბედა და ბაბუამისს მესამეთანრიგოსანი მწერალი უწოდა. თხლეშამ გაჭრა... დიდმა ქალმა პატარა ქალს შეუნდო და სიტყვები უკან წაიღო. მარგო ორჯერ გათხოვდა, ყველა ცნობილი „ბრჭყვიალა“ ჟურნალის ყდებზეც იბეჭდებოდა, ფილმშიც გადაიღეს, მაგრამ დეპრესიას თავი ვერ დააღწია... ერთდროულად წარმატებულიც იყო და უბედურიც, მუდმივად დაუცველად გრძნობდა თავს... 40 წლისა 140-ისას დაემსგავსა და კონტრაქტებიც სადღაც „გაუჩინარდნენ“... მისტიური დასასრულიც ახლოს იყო... მკურნალობის ბოლო კურსის დასრულების შემდეგ თქვა: „მე ჯოჯოხეთში ვიყავი და ახლა კი აქ ვბრუნდები. თუ ვერ შევძელი, მაშინ კიდევ ერთი მარაგი მაქვს - თვითმკვლელობა... თქვა და ეკლიანი გზით ვარსკვლავებისკენ გაფრინდა - ოღონდ უკვე პირდაპირი გაგებითაც.

 

1996 წელს, დიდი ბაბუის თვითმკვლელობის 35-ე წლისთავამდე ერთი დღით ადრე, 42 წლის მარგომ საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა... მან არ უღალატა ჰემინგუეის გვარის ერთგვარ „ტრადიციას“ და მეხუთე ჰემინგუეი გახდა, ვინც ეს გვარი სხვანაირადაც დაამახსოვრა ხალხს... რა იყო ეს? მისტიკა, თუ წყეული გვარის და გენის გამოვლინება? მხოლოდ ღმერთმა უწყის, ვისიც, სამწუხაროდ, არც ერთ ჰემინგუეის არ სწამდა. ამაზე მეტყველებს გვარის ბედისწერა და უპირველეს ყოვლისა, დიდი ბაბუის მიერ ქრისტიანული რელიგიის მთავარი ლოცვის - „მამო ჩვენოს“ უცერემონიო „გაბიაბურების" გამოყენება ერთ-ერთ მოთხრობაში „იქ, სადაც სისუფთავე და სინათლეა“: „Our nada who art in nada, nada be thy name thy kingdom nada thy will be nada in nada as it is in nada...“ თარგმნის სურვილიც კი არ მაქვს... ერთს კი ვიტყვი, რომ ღვთისმგმობელი ადამიანების ბედი ჩანასახშივე განწირულია... ამიტომ ჰემინგუეის გვარის ბედისწერა ჩემში კითხვებს არ იწვევს. ეს იყო ღმერთის განგებულება, რამეთუ ღვთის ნების იგნორირებას გაბედავ და გვერდს აუვლი, მაგრამ ღვთის განგებულებას ვერ გაექცევი, რადგან ის მართავს ყოველივეს და მას ვერავინ და ვერასოდეს შეცვლის...

 

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი