logo_geo
1933 წლის 18 თებერვალს იოკო ონო დაიბადა
- +

18 თებერვალი. 2019. 20:53

 

 

დღეს ერთ საინტერესო ისტორიას გაგაცნობთ...

 

1933 წლის 18 თებერვალს ტოკიოში დაიბადა ექსტრავაგანტური იაპონელი ქალბატონი, ავანგარდისტი მხატვარი და მუსიკოსი იოკო ონო, რომელიც ონოდვე დარჩებოდა, რომ არა მისი ქორწინება ლეგენდარულ ჯონ ლენონზე. იოკო-სანზე ბევრი მაქვს დაწერილი, ამიტომ დღეს ახალი კუთხით გაგაცნობთ და გიამბობთ მის ირიბ კავშირზე საქართველოსთან, ჩვენს საყვარელ სოხუმთან, რისთვისაც მოგვიწევს, დროებით „გადავეშვათ“ იოკოს ბავშვობაში.

 

იოკო ონოს ჰყავდა რუსი ბიცოლა, ცნობილი მევიოლინე და პედაგოგი ანნა ბუბნოვა-ონო, რომელიც თვით დიდი პუშკინის შორეული ნათესავი იყო. იმ დროს, როდესაც ანნა მოღვაწეობდა, მოდაში იყო იაპონური კულტურა, რის გამოც ანნამ იაპონური ენის სწავლა დაიწყო. მისი მასწავლებელი გახლდათ სიმპათიური სიუნიტი ონო, იაპონიის სამრეწველო ბანკის პრეზიდენტის შვილი, რომელიც პეტერბურგის უნივერსიტეტის მსმენელი იყო. ისინი დამეგობრდნენ და 1918 წელს ჯვარი დაიწერეს. წყვილი იაპონიაში გადავიდა საცხოვრებლად და მალე ანნა ბუბნოვა-ონოს შეეძინა ვაჟი - სიუნტარო ონო. მოგვიანებით სიუნიტი ონოს ოჯახს ანნას დედა და ერთ-ერთი და - ვარვარა შეუერთდნენ. გავიდა ხანი და ანნას და სიუნიტის 14 წლის ვაჟი – სიუნტარო, რომელსაც მევიოლინის თავბრუდამხვევ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, პერიტონიტით გარდაიცვალა. მერე აღმოჩნდა, რომ ანნას აღარასოდეს გაუჩნდებოდა შვილი, ბანკირების კლანს კი მემკვიდრე სჭირდებოდა. მოკლედ, სიუნიტი-სანმა ახალი ცოლი შეირთო. იმ დროს ანნას დედა გარდაცვლილი იყო, ამიტომ ანნა და ვარვარა იმავე სახლის პირველ სართულზე დააბინავეს. იქვე ცხოვრობდა სიუნიტის ძმის ოჯახი, რომელსაც მალე ქალიშვილი – იოკო გაუჩნდა. რუსმა ბიცოლამ და მისმა დამ შვილივით შეიყვარეს იოკო და აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ მის აღზრდაში. იოკოს მუსიკის და ხატვის ნიჭი აღმოაჩნდა. ანნა 3 წლის იოკოს ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლიდა, ვარვარა კი ხატვას. მოგვიანებით იოკო ონო იტყვის, რომ იგი აღმერთებდა რუს ქალბატონებს, რომლებმაც პატარაობიდანვე გაუღვივეს მუსიკის სიყვარული და მშვენიერების აღქმის უნარი. 1960 წელს ანნა და ვარვარა იაპონიიდან წამოვიდნენ და საქართველოში, კერძოდ სოხუმში დასახლდნენ, სადაც მათი მესამე და - მარია ბუბნოვა ცხოვრობდა. იგი აფხაზეთის დამსახურებული მასწავლებელი იყო. ანნა ბუბნოვა-ონომ მუშაობა დაიწყო სოხუმის მუსიკალურ სასწავლებელში და მრავალი თაობა აღზარდა. იგი გარდაიცვალა 1979 წელს. დაკრძალულია სოხუმში. რაც შეეხება ვარვარას, იგი იყო ცნობილი მხატვარი. 1976 წელს მისი ესკიზებით აღდგა პუშკინის სახლ-მუზეუმი ბერნოვოში. მისივე ილუსტრაციები ერთვის სიუნიტი ონოს მიერ იაპონურად თარგმნილ პუშკინის ტომეულს. ახლა კვლავ იოკოს მივუბრუნდეთ, ბოლოს და ბოლოს დღეს მისი იუბილეა. იოკო ონომ, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ვარსკვლავი გახდა, არათუ დაივიწყა რუსი ბიცოლა და მისი და, არამედ დაწერა, რომ მხოლოდ ჯონ ლენონის გარდაცვალების შემდეგ ჩაწვდა ბიცოლა ანნა-სანის ტრაგიზმსა და მამაცობას. ამიტომ გადაწყვიტა, რომ ის ადგილი ენახა, სადაც მისი რუსი ნათესავები დაიბადნენ. 2016 წელს იოკო ონომ მოინახულა პუშკინის სახლ-მუზეუმი ბერნოვოში და თვალცრემლიანმა გაიხსენა ანნა და ვარვარა, „ასე მგონია, ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ჩემს სამშობლოში დავბრუნდიო“, - თქვა მან.

 

ოოო, იოკო ონო და სენტიმენტები ცოტა მეუცხოვა, მაგრამ მაინც...

 

თეა ფირცხალავა

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

 

big_banner
არქივი