logo_geo
1923 წლის 20 თებერვალს მედეა ჯაფარიძე დაიბადა
- +

20 თებერვალი. 2019. 17:01

 

არასოდეს გამჭირვებია მოგონების დაწერა ისე, როგორც დღეს, რადგან ამ არამიწიერი სილამაზის ქალბატონის სადიდებელი და საქებარი ყველა ეპითეტი ამოწურულია... მაინც გავბედავ...

 

1923 წლის 20 თებერვალს თბილისში დაიბადა მედეა ჯაფარიძე, რომელიც კარიერის დასაწყისიდან ვიდრე გარდაც... ანუ სხვა განზომილებაში გადასვლასა და გარდასახვამდე, მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა და არაერთი შედევრალური სახე შექმნა სცენაზე თუ ფილმში. როლებს არ ჩამოვთვლი, მაგრამ აუცილებლად გამოვყოფ ქეთოს, ქალის ამ ზებუნებრივი სილამაზის აბსოლუტურ გამოვლინებას, რომელიც შეტანილი უნდა იქნას ესთეტიკის სახელმძღვანელოში – სილამაზის ცნების საილუსტრაციოდ. მთავარი სულ სხვაა... ქალბატონ მედეას მისტიურ გარეგნულ სილამაზეს ემატებოდა მისი ჯადოსნური შინაგანი სამყარო, მისი დიდი გული, რომლის კარსაც ფართოდ უღებდა ყველას, განსაკუთრებით განსაცდელში მყოფთ, რომლებსაც უანგაროდ უნაწილებდა იქ დაცულ სითბოს...

 

ოჰ, რატომ გამახსენდა ეს სონეტი?!

 

„შენ რატომ უნდა არსებობდე ამ ბინძურ დროში?

რომ შეძლო ყველა სიმახინჯის გაბათილება,

ქვეყნის ცოდვები რომ დაფარო მშვენების დროშით,

ცამ შენი შექმნა ამისათვის, ალბათ, ინება...“

 

დიდი მედეას დიდბუნოვნების მომსწრე მეც არაერთხელ ვყოფილვარ, მახსოვს, როგორი თავგანწირვით და ერთგულებით იცავდა იგი ცხოვრებისგან განწირული ჩემი მეგობრის უფლებებს, თანაც პერიოდში, როდესაც ამის არათუ გაკეთებას, გაფიქრებასაც ვერ ბედავდნენ. ასეთი რამ მხოლოდ დიდ და თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ და ასეთები იყვნენ ქალბატონი მედეა და ბატონი რეზო თაბუკაშვილი. მათი ოჯახი ყოველმხრივ განსაკუთრებული იყო, რადგან იქ სუფევდა გამორჩეული სიყვარული და დამოკიდებულება სამშობლოს და ადამიანების მიმართ, რასაც ოჯახის წევრები ნაკეთები საქმეებით ამტკიცებდნენ - ყოველ წუთს და ყოველ წამს... ყოველგვარი პათეტიკის გარეშე. მახსოვს, შექსპირის სონეტების თაბუკაშვილისეულ თარგმანს რომ ვკითხულობდი, წუთითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ ბატონ რეზოს მისი საოცარი მედეას სიყვარული მატებდა ძალას და ნიჭს, რადგან თითოეულ სონეტში მისი სული იდო:

 

„ტკბილია ჩანგი, მე კი სატრფოს სმენა მწადია,

მისი ბაასი სიმის ხმაზე მეტად ვიწამე.

არსად მინახავს, ქალღმერთები როგორ დადიან,

ჩემი სატრფო კი, ვიცი დადის დედამიწაზე...“

 

და... ერთ დღეს ხმა გავარდა, დიდი რეზო მძიმე სენით დაავადდაო... „სატრფოს“ როგორ უღალატებს-მეთქი, გავიფიქრე... მერე კი წავიკითხე:

 

„და თუმცა ჩემი გამგზავრება ჰგავდა წვალებას,

სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას...“

 

დავუჯერე და არც მედეას გარდა-ცვალებას ვუწოდე სიკვდილი...

„წუთისოფელი შეიბრალე, შენს მზეს რომ ფიცავს,

მაგ სილამაზეს ნუ დაუთმობ სამარის მიწას...“

 

აქ კი აღარ დაუჯერა მედეამ რეზოს და... 1994 წელს გარდა-იცვალა.

 

„...ვერ დაგვაშორებს ჩვენ ერთმანეთს ზღვა თუ ტრამალი...

და უცხო მხარეს უმალ შენთან მოვალ ფრთამალი...“

 

და განუმეორებელი მედეა მის რეზოსთან მივიდა... დიდუბის პანთეონში.

 

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი