logo_geo
1899 წლის 20 თებერვალს ქართველი ალპინისტი ალიოშა ჯაფარიძე დაიბადა
- +

20 თებერვალი. 2019. 17:11

 

 

...არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუთმოთ კავკასიონი სხვებს, ის ჩვენია. ჯერ კიდევ ვახტანგ მეფემ შედგა იალბუზზე ფეხი და „დიდმა მთებმა დრეკა შეჰქნეს. ჩვენ ხომ მისი ბარტყები ვართ....“ ეს არის ამონარიდი ქართველი მწერლის, მთარგმნელისა და სპორტსმენის მიქელ პატარიძის წერილიდან, რომელიც მან დღევანდელ იუბილარს და დავით წერეთელს გაუგზავნა 1936 წელს, როდესაც ისინი მთიანეთის მწვერვალების დასალაშქრად მიემართებოდნენ.

 

1899 წლის 20 თებერვალს სოფელ ხრეითში დაიბადა სახელოვანი ქართველი ალპინისტი, ქართული ალპინისტური სკოლის შემქმნელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი კაცი და სვანეთის სინდისი ალიოშა ჯაფარიძე, რომელიც არაერთხელ „მოერია“ იმ კუთხეში გაბატონებულ ორთავიან „გველეშაპს“ უშბას და ბოლოს მაინც მის „ყბაში“ ჩავარდნილ სვანურ ლეგენდად იქცა. დღეს მასზე არაერთი „მითია“ შეთხზული, არადა, თავად გაგვიხსნა ქართული მითოლოგიური სამყაროს კარები და არაერთი საიდუმლო გაგვანდო, მათ შორის მისტიკური ხვამლის, იმავე ხომლის მთის შესახებ, რომელიც არგონავტებმა და ჰერაკლემ დალაშქრეს და რომელზეც სწორედ ეგ ჰერაკლე მიაჯაჭვა მაღალმა ზევსმა. ალიოშა ჯაფარიძემ გაგვიმხილა კაცხის სვეტის საიდუმლოებაც, როდესაც 1944 წელს მისი არქიტექტურული ძეგლები მოინახულა, მთამსვლელთა ჯგუფთან ერთად. სწორედ ალიოშა ჯაფარიძემ გამოიკვლია პირველმა ტვიშის, შიომღვიმის, უფლისციხის და მრავალი სხვა მღვიმეები.

 

ალპინიზმის ისტორიაში შესულია ალიოშა ჯაფარიძის და–ძმის სახელები, მათ შორის ალექსანდრა ჯაფარიძის, პირველი ქართველი მთამსვლელი ქალისა, რომელმაც 1948 წელს მყინვარწვერის კალთებზე აღმოაჩინა და შეისწავლა ბეთლემის ლეგენდარული მღვიმე, რომელსაც, თავის დროზე, ილია ჭავჭავაძემ პოემა „განდეგილი“ მიუძღვნა:

 

„...უწინდელს დროში ღვთისა მოსავთა

გამოუქვაბავთ მუნ მონასტერი

და იმ ყინულში შეთხრილს ღვთის ტაძარს

ბეთლემს უწოდებს დღესაცა ერი...“

 

ალიოშა ჯაფარიძე დაიღუპა უშბა-შხელდის ტრავერსის დროს. ის და მისი ჯგუფი 1945 წელს საქართველოში მოულოდნელად შემოჭრილი ციკლონის შედეგად წარმოქმნილ ზვავს ემსხვერპლა. ალიოშა ჯაფარიძის ნეშტი მხოლოდ 1957 წელს აღმოაჩინეს ქართველმა მთამსვლელებმა - ავთო ძიძიგურის ხელმძღვანელობით, რაზედაც დიდი მწერალი და თავადაც მთამსვლელი ლევან გოთუა წერდა, „უშბამ პირველად დააბრუნა თავისი მსხვერპლიო"...

 

ალიოშა ჯაფარიძე ღირსებით ჩამოასვენეს თბილისში და ვერის პარკში დაკრძალეს, ალპური კლუბის მახლობლად, სადაც დღეს დიდ მთამსვლელთა დინასტია - და-ძმა ჯაფარიძეები განისვენებენ.

 

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი